სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადადგეს, რათა ყარაბაღის ომის შედეგების გვერდი დაიხუროს და ხალხს იმედი მიეცეს.
„პირველივე დღიდან, როგორც პრეზიდენტმა ძალიან მარტივი გადაწყვეტილება შევთავაზე: მთავრობა უნდა გადადგეს, ვინაიდან ძალიან რთულია გაგრძელება, როდესაც წააგე. ამასთან, მთავრობას სულაც რომ არ ჰქონოდა ბრალი, ეს გვერდი მაინც უნდა დაიხუროს და ყველაფერი ხელახლა უნდა დაიწყოს, რათა ხალხს იმედი მიეცეს“, - აღნიშნა არმენ სარგსიანმა.
23 დეკემბერს, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის ყველა პოლიტიკურ ძალას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე კონსულტაციების გამართვა შესთავაზა. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ თანამდებობას მხოლოდ ხალხის გადაწყვეტილებით დატოვებს.
11 ნოემბერს სომხეთის 17-მა ოპოზიციურმა პარტიამ „ეროვნული გადარჩენის კომიტეტის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა და პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა და დროებითი მთავრობის შექმნა მოითხოვა.