არჩილ თალაკვაძე: დღეს უკვე აშკარაა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, ISFED-ის შეცდომა გამოიყენა ქვეყნის ასარევად

არჩილ თალაკვაძე: დღეს უკვე აშკარაა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, ISFED-ის შეცდომა გამოიყენა ქვეყნის ასარევად

თუ ISFED-მა (სამართლიანი არჩევნები) დაუშვა ადამიანური შეცდომა, მაშინ თავიდანვე რატომ არ იყო ინტერესი, რომ ეს ადამიანური შეცდომა შეესწავლათ , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

„თუ ამ შეცდომამ გაიარა დამუშავების პროცესი, თუ ამ შეცდომამ გაიარა განხილვების პროცესი, თუ ამ შეცდომაზე მერე პოლიტიკური ძალა მიგითითებს, რომ მაჩვენე მონაცემები, მოდი შეადარე და დავსხდეთ ერთად და ვნახოთ რა მოხდა... იმიტომ, რომ რიცხვების ელემენტარული დადარებით, მგონია რომ პრობლემა გაქვს. თუ ამ ყველაფერს „სამართლიანი არჩევნები“ არ აკეთებს და ეს გრძელდება ერთ თვეზე მეტხანს და პარალელურ რეჟიმში რადიკალური ოპოზიცია გამოდის და ამბობს, რომ ქვეყანას ავრევთ თუ არ ჩატარდება ახალი არჩევნები... ოპოზიცია აცხადებს, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან ISFED-ის პარალელური დათვლა აჩვენებს, რომ გადახრა იყო 2,5%. მითხარით, ეგ უკვე რამდენადაა ადამიანური შეცდომა?“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აუდიტმა ეს საკითხი იმიტომ შეისწავლა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დააყენა საკითხი პარტნიორებთან. „მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ის ელჩს, ვინც მოისმინა ეს არგუმენტები და გააკეთა სათანადო რეაგირება. დღეს უკვე აშკარაა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ეს ფაქტორი გამოიყენა ქვეყნის ასარევად, დესტაბილიზაციისთვის. ფაქტია, რომ ეს ორგანიზაცია და მისი წარმომადგენლები ერთი თვის განმავლობაში დუმდნენ ამაზე და არც იმას არ აკეთებდნენ, რომ ობიექტურად შეესწავლათ რა ხდებოდა და ჩაერთოთ დაინტერესებული მხარეები. შესაბამისად აქ თუ ვინმეს საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ ეს იყო დესტაბილიზაციისა და არჩევნების დელეგიტიმაციის გეგმის ნაწილი, ნურავის ნუ ეწყინება, რადგან ამას დღეს უკვე აქვს არსებითი საფუძველი“, - განაცხადა თალაკვაძემ. .

მისი თქმით, ის რომ არჩევნების დელიგიმატიციის გეგმა მზადდებოდა ამაზე „ ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს არჩევნების წინა პერიოდის საჯარო ბრიფინგებზე. „შემდეგ, ეს ბრალდებები ერთი-ერთში დაემთხვა „ქართული ოცნების“ მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ელენე ნიჟარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაცია გამოაქვეყნა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება განმარტავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.