"მე არ ვარ აქ საჭირო. წლების განმავლობაში მე და ჩემს კოლეგებს გვაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ მათთვის ვართ ცეკვა-თამაში, დამკვრელები"
გოგი ჭიჭინაძე ყოველთვის ხმამაღლა და შეულამაზებლად გამოხატავდა თავის პოზიციას. ვფიქრობ, ამჯერადაც ასე მოხდა. ცნობილი მაესტრო "კვირის პალიტრის" რესპონდენტია.
- როგორ გადის თქვენთვის პანდემიური პერიოდი?
- საქართველოში ჩემი საქმიანობა პედაგოგობით შემოიფარგლება - კონსერვატორიის საოპერო კათედრის გამგე ვარ. მარტიდან მოყოლებული, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ძალიან სპეციფიკური სწავლების პროცესი არ ჩაგვეშალოს. ჩვენს სფეროში კატასტროფული
სიტუაციაა, ფაქტობრივად, მიგდებული ვართ. რაც შეეხება ზოგადად კულტურას, ოპერას, დრამატულ თეატრებსა და სახელოვნებო სასწავლებლებს, აქ მხოლოდ ერთი რეგულაციაა - განაგრძეთ მუშაობა, ოღონდ ხალხის თავშეყრის გარეშე, დაიცავით დისტანცია, დანარჩენი კი, თავში ქვა გიხლიათ, რაც გინდათ, ის ქენით... პოლონეთში, სადაც უზარმაზარ ფილარმონიასა და მის ორკესტრს ვხელმძღვანელობ, გვაძალებენ, დავწეროთ ჩვენი მოსაზრებები, რომელთა საფუძველზეც კვირაში ერთხელ ახალ-ახალ რეგულაციებს იძლევიან.
ნორმალურ ქვეყნებში თუ კულტურული ცხოვრება გაჩერდა, კატასტროფის შეგრძნება აქვთ. ისინი ხვდებიან, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას. ჩვენთან კი - რა დროს მუსიკა და სოლფეჯიოა, ადამიანს შია, რა დროს თეატრია, ადამიანს შია... დარგები, რომლებიც ჭამასთან არ არის დაკავშირებული, იგნორირებულია, მიზეზით - ეს არ არის დღეს პრიორიტეტული. ხელისუფლება ვერ ხედავს კულტურული ცხოვრების აუცილებლობას. ამიტომ არც წუხან და ეიოლებათ კულტურული ცხოვრების გაჩერება.
მესმის, რომ საჭიროა რეგულაციები. მაგალითად, მე ვარ თეატრის ხელმძღვანელი და მივიღე ბრძანება: "სიტუაციიდან გამომდინარე, გიკრძალავთ, გყავდეთ დამსწრე პუბლიკა!". ეს გასაგებია, მაგრამ აქვე უნდა დასძინონ: "გიბრძანებთ, დადგათ, მაგალითად, მონოსპექტაკლები, გამართოთ და ონლაინ უჩვენოთ პოეზიის საღამოები".პოლონეთშიც ბოლოს ოქტომბერში ჩავატარე კონცერტი და რეგულაციის გამო მაყურებელთა 25% დაესწრო. უკვე ორი თვეა, ყოველ პარასკევს ნახევარი ორკესტრი მუშაობს (მეტი არ შეიძლება). მუსიკოსთა რაოდენობის შესაბამისად შევცვალეთ პროგრამა. მოითხოვენ, ჩავწეროთ კონცერტები და ვუჩვენოთ ონლაინ. ამას ჩვენ კი არ ვფაფხურობთ, მთავრობა აწესებს რეგულაციებს, ოღონდ ისე, რომ არ გავჩერდეთ და ხალხი კულტურული საკვების გარეშე არ დავტოვოთ. ჩვენთან კი ვერ ხვდებიან, რომ ნავთის თუ გაზის მილი არ გადაგვარჩენს, რადგან ნავთი რომ გვექნება, კულტურული ცხოვრებისგან უკვე ძალიან შორს ვიქნებით... ტელევიზიით რაც გადის, ეს ტრაგედია არ არის, ტრაგედია ის არის, რაც უნდა გადიოდეს და არ გადის. მაგალითად, ხომ არსებობს უამრავი სერიალი, მაინცდამაინც სასწაულს რატომ ყიდულობ, სერიალი მაინც ნორმალური უჩვენე ხალხს! ვერავინ დამარწმუნებს, რომ თვითონ ძალიან გემოვნებიანია, მაგრამ რადგან ხალხის მასას ეს უფრო ერგება, იმიტომ უჩვენებს მდარე ხარისხის ფილმს. კულტურული და ნიჭიერი ხელმძღვანელი შეეცდება, ტელევიზიისთვის ფულიც იშოვოს და არც ერი დაამციროს ასეთი უგემოვნობით.
მე არ ვარ აქ საჭირო. წლების განმავლობაში მე და ჩემს კოლეგებს გვაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ მათთვის ვართ ცეკვა-თამაში, დამკვრელები. სახელმწიფოს კულტურის განვითარების ხედვა არ აქვს, არადა, ამით და სპორტით გვიცნობს მსოფლიო.
კულტურული საზრდოს გარეშე ვინ ვიქნებით?! უნდა მოუსმინოთ, როგორ მეტყველებენ ბავშვები! კონსერვატორიაში მისაღები გამოცდების პირობებს ვაიოლებთ - მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ და აღარც ჩაბარებას ცდილობენ. ეს იმის შედეგია, რომ მუსიკალური სწავლების საშუალო რგოლი, ფაქტობრივად, განადგურდა.
სტუდენტებს თავს ვაკლავთ, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ამას საქართველოსთვის არ ვაკეთებთ, რადგან ისინი მაინც წავლენ აქედან. სიმართლე გითხრათ, მეც ვუწყობ ხელს, რომ წავიდნენ, რათა აქ შეურაცხყოფილნი არ იყვნენ, არ ჰქონდეთ შეგრძნება, რომ ისინი არავის სჭირდება.
- ხელოვნების შესახებ თქვენი აზრი გასაგებია, პოლიტიკურ-პანდემიურ კრიზისზე რას იტყვით?
- არ მიყვარს იმაზე ლაპარაკი, რაშიც პროფესიონალი არ ვარ. პირველი ტალღის პერიოდში მიხაროდა, ამაყი ვიყავი. ნახევარ დროს აქ ვატარებ, ნახევარს - იქ და როცა პოლონეთში ჩავდიოდი, სულ მესმოდა, საქართველო რაებს შვრება, როგორ უმკლავდებით პანდემიასო. ახლა ასე აღარ არის, გავუსწარით სომხეთს, აზერბაიჯანს... მაგრამ ვერავის ვერაფერს დავაბრალებ - სხვაგანაც საშინელება ხდება, არც უარესები ვართ, არც - უკეთესები.
ჩვენს ექიმებს შემოევლოს ჩემი სიცოცხლე. განუზომელია თითოეულის თავდადება, პროფესიონალიზმი, მაგრამ მხოლოდ ძიუდოში წარმატება ხომ არ ნიშნავს, რომ სპორტში ყველაფერი კარგადაა? ასეა მედიცინასა და სხვა დარგებშიც.
მაქვს შეგრძნება, რომ ქვეყნის მართვისას არასწორი ნაბიჯებია გადადგმული. მეცხრე წელია, ვიხდი მადლობას, რომ არ მხვრეტენ, როგორც წინა მთავრობის დროს, თუმცა წინა მთავრობაზე ლაპარაკიც არ მინდა, ჩემთვის ის არის უხსენებელი. ამათ რომ ვაკრიტიკებ, ეს არ ნიშნავს, რომ იმათკენ მომიბრუნდა გული. გეფიცებით, რაც "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში აღარ არის, იმაზე მეტად მოქმედებს ნერვებსა და ფსიქიკაზე, ვიდრე მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ.
- რას გულისხმობთ?
- რასაც ისინი ოპოზიციაში ყოფნისას წყნარად, მშვიდად სჩადიან, ჩვენთვის გაცილებით გულის სახეთქია. როცა ხელისუფლებაში იყვნენ, სულ ვფიქრობდი, შევაკვდები და სათქმელს მაინც ვიტყვი-მეთქი, ახლა კი ვხედავ, რომ ყველაფერი ეპატიათ - ორ ადამიანზე არ არის ლაპარაკი, რამდენიმე წელი რომ ისხდნენ ციხეში. ყველას ყველაფერი შერჩა. სად არის აღდგენილი სამართლიანობა?! მეტიც - ბევრი მათგანი უკვე ამ მთავრობაშია. ქუჩაში რომ არ გვესხმიან თავს, ამაზე კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიხადოთ მადლობა? გზებს წინა მთავრობაც აკეთებდა! ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ოპოზიცია მოვიდეს ქვეყანაში, რომ პოლიტიკოსები გამოფხიზლდნენ.
როდესაც ადამიანი რაღაცას ქადაგებს, თუნდაც სიმართლეს ამბობდეს და შენ იცი, თვითონ როგორ იქცეოდა, რას სჩადიოდა, მისი ნათქვამი გაღიზიანებს. ჯობს, რაღაც ცუდი თქვას, ვიდრე ჭკვიანი სახით დაგმოძღვროს იმან, ვინც საშინელებებს სჩადიოდა. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ჭამდნენ, ახლა მარწმუნებენ, რომ ნათელი მომავლისთვის გაერთიანდნენ. ამ გულისამრევი რიტორიკის მე არ მჯერა. ბოღმის, ძალაუფლებისკენ პათოლოგიური ლტოლვისა და ფულის გამო გაერთიანებული ოპოზიციის არ მჯერა!
- ხომ ვთანხმდებით, რომ პოლიტიკაშიც არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ კარგი საქმის კეთებას. თქვენ არ გიფიქრიათ პოლიტიკაში მოსვლაზე?
- არა. ადამიანი უნდა იყოს იქ, სადაც იცის, რომ მართლაც სარგებლობას მოუტანს ადამიანებს.
- სულ პრობლემებზე რომ არ ვისაუბროთ, თქვენს არაჩვეულებრივ მამიდაზე, დოდო ჭიჭინაძეზე მიამბეთ...
- დოდო იყო ძალიან ემოციური ადამიანი, დიდი მსახიობი და დიდი პიროვნება. ქუჩაში რომ გამოდიოდა, ა-დან ბ პუნქტამდე მთელი დღე უნდებოდა მისვლას, იმდენ ადამიანს ხვდებოდა. დიდი პატრიოტი იყო. მისთვის საქართველო და ქართული სიტყვა ყველაფერი იყო. არ მახსოვს, კოლეგებზე რამე ცუდი ეთქვას, თუნდაც ჩემთან, არადა, ძმისშვილები ვიყავით მისთვის ყველაფერი.
სიყვარული და მეგობრობა აკავშირებდათ დოდოს, მედეა ჯაფარიძესა და ლენა ყიფშიძეს. საოცარი სამეული იყო. ლენა დეიდა იყო "ხულიგანკა", ესენი - კდემა. მათ ყურებას არაფერი სჯობდა. სხვათა შორის, დოდოს 50-ე წლისთავი რომ აღნიშნეს მოსკოვში, ცხრა წლის ვიყავი. საიუბილეო საღამო მიჰყავდა ლენა ყიფშიძეს. ძალიან ცნობილმა იქაურმა თეატრალურმა მოღვაწემ დაწერა, მე მგონი, მარტო ქართველებს შორის არის შესაძლებელი, ერთმა ულამაზესმა და უნიჭიერესმა მსახიობმა მეორე ულამაზესი და უნიჭიერესი მსახიობის შემოქმედებითი საღამო ასეთი სიყვარულითა და სითბოთი წაიყვანოსო. კარგები იყვნენ...
- ბევრი ლამაზი როლი დაგვიტოვა... მარტო მისი ერთი ამოხედვა რად ღირდა ფილმში "ბაში-აჩუკი", ან როგორი იყო ფილმში "დავით გურამიშვილი"... თვითონ რას ამბობდა ამ კადრების ნახვისას?
- რომ ეტყოდნენ, დოდო რა უბედურებაა ასეთი სილამაზეო, ეჰ, ჯანდაბას ჩემი თავიო, ჩაილაპარაკებდა. გარეგნობის გამო ქებას ისე იყო მიჩვეული, არაფრად თვლიდა. აი, რომ ეტყოდი, ძალიან ჭკვიანი ხარო, უხაროდა ძალიან. დოდო არასდროს ყოფილა პარტიის წევრი, ის თამაშობდა და ხალხს უყვარდა. ბევრი რამ, რაც უნდა ჰქონოდა, არ ჰქონია, თუმცა თავისი ხასიათის გამო ამას არასდროს ნაღვლობდა. მარჯანიშვილის გმირული და ტრაგიკული რეპერტუარი წლების განმავლობაში დოდოს მიჰყავდა, კვირაში შვიდი დღე თამაშობდა, მაგრამ დაიჯერებთ, რომ მისი არც ერთი სპექტაკლი არ არის ჩაწერილი?! არც ერთი!!!
ვეტყოდი ხოლმე, დოდო, შენ ყოველთვის ყველაფერს ქართულსა და მშობლიურს უკავშირებ და გამაგებინე, ბოლოს და ბოლოს, უპირველესად ქალი ხარ თუ ქართველი-მეთქი. მე, ჩემო სიცოცხლე, ვარ ქართველი ქალიო, მპასუხობდა. ამ ორ ცნებას არასდროს აშორებდა ერთმანეთს.