„მდინარეზე გადასვლისას ცხენებს არ ცვლიან“ - რატომ თქვა უარი „ქართულმა ოცნებამ“ სამთავრობო კაბინეტის განახლებაზე?

„მდინარეზე გადასვლისას ცხენებს არ ცვლიან“ - რატომ თქვა უარი „ქართულმა ოცნებამ“ სამთავრობო კაბინეტის განახლებაზე?

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის კაბინეტი უკვე წარადგინა. შემადგენლობა თითქმის უცვლელია, თუ არ ჩავთვლით, იუსტიციის მინისტრის თანამდებობას, რომელიც ამ ეტაპზე ვაკანტურია. საინტერესოა, რას ეფუძნება გახარიას ეს გადაწყვეტილება, რომ საკანონდებლო ორგანოს სამთავრობო კაბინეტის შემადგენლობა პრაქტიკულად უცვლელად წარუდგინა.

ანალიტიკოსების ნაწილი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ახალი პირი, რომელიც ამა თუ იმ პოსტს დაიკავებს, გარკვეულწილად გათვითცნობიერებული უნდა იყოს კონკრეტულ საკითხებში, რადგან დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, მას დრო არ ექნება იმისა, რომ საკითხში გაერკვეს.

მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამით ხელისუფლება ცდილობს, არ აღიაროს ის შეცდომარები, რაც პანდემიის მართვის პერიოდში, არჩევნებამდე, დაუშვა.

რატომ თქვა უარი „ქართულმა ოცნებამ“ სამთავრობო კაბინეტის განახლებაზე და საერთოდაც, რისთვის სჭირდება ხელისუფლებას ძველი კაბინეტით სამთავრობო ცვლილებების განხორციელება, ამის შესახებ For.ge ანალიტიკოსებს ესაუბრა.

როგორც რამაზ საყვარელიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, კრიტიკული ვითარების ფონზე, ახალი სამთავრობო კაბინეტს დრო დასჭირდებოდა არსებულ მდგომარეობაში გასარკვევად. შესაბამისად, ხელისულფების ამ გადაწყვეტილებას სწორედ ამით ხსნის.

„გადასასვლელზე ცხენებს არ ცვლიანო, ამ შემთხვევაში მდინარეზე გადასასვლელი იგულისხმება. ალბათ, დაახლოებით ასეთი მოტივი აქვს ხელისუფლებას. ამ კრიტიკულ პერიოდში პრობლემაა ახალი ადამიანი დააყენო, - მოასწრებს თუ არა ის სისტემის გაცნობას საიმისოდ, რომ შედეგიანი იყოს, როგორც მინისტრი.

კარგი ცხოვრების დროს დაახლოებით ექვსი თვე სჭირდება სანამ მინისტრი შევა საქმის კურსში. რომც გავანახევროთ ეს ვადა, მაინც ძალიან დიდი დრო არის ამ პირობებში. პრობლემა ალბათ არის, რომ ამ ორმა კრიზისმა, ფაქტობრივად, გადაფარა მართვის მთელი ველი, ყველა პროფილი, დაწყებული ეკონომიკური ბლოკით, დასრულებული ჯანდაცვით. აღმოჩნდა, რომ განათლებაც კი უმნიშვნელოვანესია ამ პირობებში, როდესაც დისტანციურ სწავლებაზე არიან და ა.შ.

პრაქტიკულად, არ დარჩა არც ერთი მიმართულება, რომელსაც კოვიდი არ შეხებია და რომელზე პასუხისთვისაც საქმეში ჩახედული ადამიანი არ იყოს საჭირო. მგონი ამით არის გამართლებული, თორემ იმის ფონზე, კოვიდის ფაქტორი რომ ამოგვეღო, დარწუმებული ვარ, ბევრი სიახლე იქნებოდა. თუმცა, ეს კრიზისული ფაქტორები უშლის ხელს იმას, რომ ადამიანი შეიცვალოს.

იმის ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება, კრიზისის მართვის ქართული გამოცდილება არ გამოიყურება დრამატულად, თუმცა, მეორე ტალღა უფრო მძიმე აღმოჩნდა და მართვაშიც მეტი შეცდომები გამოავლინა, ვიდრე ეს იყო პირველ ტალღაზე. მკაცრად მიყვებიან ექიმების რეკომენდაციებს. ეკონომიკის ეტაპი ჯერ ისე არ დაწყებულა, რომ მასზე მსჯელობა შეიძლებოდეს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძით თქმით, ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ საზოგადოებას უთხრა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ეპიდვითარებას „ქართული ოცნება“ სწორად მართავდა და შეცდომები არ დაუშვია. მისი განცხადებით, დღეს გაუარესებული ეკონომიკური მდგომარება სწორედ ხელისუფლების შეცდომაა, რასაც მმართველი გუნდი ამ გადაწყვეტილებით არ აღიარებს.

„მოსალოდნელი იყო, რომ მინისტრთა კაბინეტი დარჩებოდა იგივე. ამის პირველი ფაქტორი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ენდობა გიორგი გახარიას და სჭირდება, როგორც, მისი აზრით, ძლიერი ფიგურა და ძლიერი პრემიერ-მინისტრი. თავის დროზე სჭირდებოდა მამუკა ბახტაძისნაირი პრემიერი კრიზისამდე.

დღევანდელ ეტაპზე, კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისის პირობებში, მას სჭირდება გარახიასნაირი ფიგურა და ამიტომაც არის, რომ ამ შემთხვევაში თვლის, მინისრტრთა კაბინეტი უცვლელი უნდა დარჩეს.

მეორე ფაქტორი ის გახლავს, რომ სამთავრობო კაბინეტის არშეცვლით მთავრობა ამტკიცებს, მიუხედავად ქვეყანაში გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის და სამსახურის გარეშე დარჩენილი ათეულ ათასობით ადამიანისა, ხელისუფლების მუშაობა არ იყო არაეფექტური. უბრალოდ კორონავირუსია და მთელ მსოფლიოს მოედო, ამ შემთხვევაში კი მხოლოდ საქართველო არ არის გამონაკლისი, რომ ცხოვრების დონე დაეცა.

მინისტრთა კაბინეტის არშეცვლით მთავრობა ამტკიცებს, რომ მინისტრთა კაბინეტი, რომელიც მუშაობდა არჩევნებამდე, იყო ეფექტური და იმსახურებს, მეათე მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცოს იგივე მთავრობა, რაც არჩევნებამდე პერიოდში არსებობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში მთავრობამ მასზე დაკისრებულ მოვალეობას კარგად გაართვა თავი ჯანდაცვის მიმართულებით, ეკონომიკური მიმართულებით იყო ჩავარდნა. მთავრობამ აიღო 10 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის სესხი. პირველ ეტაპზე თუ იყო გარკვეული წარმატებები ჯანდაცვის მიმართულებით, დღეს სამწუხაროდ, გვაქვს ჩავარდა, როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკური მიმართულებითაც“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.