პარლამენტში ოპოზიციური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებისა და უფასო დროით სარგებლობის უფლების შეწყვეტასთან დაკავშირებით, კანონპროექტი დღეს, რიგგარეშე სესიაზე, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილეს. თუმცა, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით, დაფინანსების მოხსნის პროცესი 6 თვით გადავადდა.
ცნობისთვის, კანონში თავდაპირვლად დაგეგმილი ცვლილების თანახმად, ბიუჯეტიდან დაფინანსებას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. იგივე პრინციპი ვრცელდება ერთ ბლოკში გაერთიანებულ პარტიებზე.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, მისი ინიციატივა ოპოზიციას შანსს აძლევს პარლამენტში მუშაობა გააგრძელონ.
პარლამენტში ოპოზიციური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმების და უფასო დროით სარგებლობის უფლების შეწყვეტასთან დაკავშირებთ მიღებულ კანონპროექტთან ერთად, დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატს, გიორგი გახარიას მოუსმინეს. მართველი გუნდის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, გახარიას მესიჯებიდან მთავარი კოვიდ-19-თან ბრძოლის ეფექტური მუშაობის სტრატეგია გამოყო.
პარლამენტში დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატს, გიორგი გახარიას მოუსმინეთ. მისი გზავნილებიდან თქვენთვის მთავარი მესიჯი რა იყო?
- პირველ რიგში, მთავარი მესიჯი იყო არსებული სიტუაცია, რომელიც კოვიდ19-თან დაკავშირებით მსოფლიო გამოწვევაც არის და აქედან გამომდინარე ეკონომიკური მდგომარეობა, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში, რომელიც განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს. ასევე, ძირითადი პრინციპები, რომელი ჩვენი მოქალაქეების ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებს ეხებოდა და ამ პრობლემების გაუმჯობესებაზე იყო საუბარი.
საუბარი იყო რომ განათლების, მეცნერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დაიშალოს და მას კულტურა და სპორტი გამოეყოს. თქვენ რომელი მიგაჩნიათ სწორად გაერთიანებული სამინისტრო თუ დაშლილი?
- აღნიშნული საკითხი მთავრობის პრეროგატივაა. თუ მთავრობაში მოხდა ამის ინიცირება, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. თუ საჭიროდ ჩაითვლება, რომ უნდა გამოიყოს კულტურა ცალკე, პარლამენტში ინიცირება შემოვა და ამის შემდეგ ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ.
თქვენთვის, როგორც პარლამენტის წევრისთვის, რომელია უფრო მისაღები?
- თუ ცალკე გამოიყოფა, ბუნებრივია, ცალკე სამინისტრო უფრო ოპტიმალურად მიხედავს იმ საკითხებს, რომელიც მას ჩაბარდება. თუმცა, ეს მთავრობის პრეროგატივაა. თუ არსებული სიტუაციიდან ხედავენ, რომ ცალკე არსებული სამინისტრო კიდევ უფრო ოპტიმალურად მართავს ამ მიმართულებას, ამ შემთხვევაში მე პრობლემას ვერ ვხედავ.
მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არ მომხდარა. მოლოდინი გქონდათ, რომ გიორგი გახარია ცვლილებებს განახორციელებდა?
- კონსტიტუციით პრემიერის პრეროგატივაა მინისტრების დანიშვნა. მინისტრების ცვლილება დამტკიცების შემდეგაც შესაძლებელია. ასე რომ, რადგან საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, აპრიორი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მინისტრები უნდა შეიცვალოს. თუ ადამიანი სამინისტროს კარგად უძღვება, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც უნდა იყოს მინისტრი.
მინისტრების მოსმენა ოპოზიციის გარეშე წარიმართა. ეს მმართველი გუნდისთვის უხერხულობას არ ქმნიდა?
- მინისტრებს მარტო მმართველი გუნდი არ უსმენდა, უსმენდა მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო. ანუ, პარლამენტის სხდომები მარტო მმართველი გუნდისთვის არაა, ისევე როგორც გვისმენდნენ წელიწადნახევრის განმავლობაში. სამწუხაროდ, ოპოზიცია მაშინაც ნახევრად ბოიკოტის რეჟიმში იყო. ეს მათი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, ამაზე მომავალში საზოგადოებას რეაგირება ექნება. რაც შეეხება დისკომფორტს, აქ ნამდვილად ოპოზიციის ამომრჩეველს აქვს დისკომფორტი, რადგან როდესაც გირჩევენ, პარლამენტში უნდა შეხვიდე, შემდეგ რა პროგრამით გააგრძელებ მუშაობას, იქნები ბოიკოტის რეჟიმში თუ არა, ეს მერე უნდა გადაწყვიტო. ის, რომ თითოეულმა ადამიანმა ხმა მოგცა და ხმასთან ერთად 15 ლარიც, რაზეც უარი არ გინდა თქვა და შემდეგ ამ ადამიანებს ეუნები ამ 15 ლარს კი ავიღებ, მაგრამ იმას არ გავაკეთებ, რაც შენ დამიკვეთეო... მგონი, უხერხულობა ოპოზიციისკენ უნდა მოვიკითხოთ.
სწორედ, დაფინანსებაზე მინდა გკითხოთ, პირველივე მოსმენით მიიღეთ კანონპროექტი, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს დაფინანსება შეუწყდებათ...
- ბოიკოტის რეჟიმი საპატიო მიზეზად რჩება, მაგრამ თუ პარტია მანდატების ნახევარს არ აითვისებს, მაშინ დაფინანსება შეუწყდება. თქვენ გინდათ იმ პარტიამ საპარლამენტო საქმიანობაზე უარი თქვას და ყოველდღიურად ამომრჩევლის 15 ლარი წაიღოს?!
მაშინ ვადა 6 თვე რატომ მიეცით?
- ეს პოლიტიკური პროცესია. იცით, რომ შეთანხმების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მორიგი საპარლამენტო სესიები თებერვლიდან იწყება. დეკემბერში რამდენიმე სხდომაა დარჩენილი და რეალურად, დამთავრდა. აქედან ათვლა არასამართლიანი იქნებოდა. ამიტომ, ეს პერიოდი თებერვლიდან აითვლება და ვნახავთ, ივნისამდე რა მოხდება. მაგრამ, აქ საუბარია - თუ პარტია საერთოდ არ შემოვიდა და მანდატების ნახევარიც არ აითვისა, ამ შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში ვერ მიიღებს დაფინანსებას. თუ საერთოდ არ შემოვიდა, მაშინ საერთოდ ვერ მიიღებს.
დაფინანსების საკითხი გადავადდა. ოპოზიციაშიც ვხედავთ დაპირისპირებებს. როგორ ფიქრობთ, ოპოზიციის ნაწილი ამ 6 თვის განმავლობაში შემოვა პარლამენტში, თუნდაც იმიტომ რომ დაფინანსება არ შეუწყდეთ?
- ამის იმედს მმართველი გუნდი ყოველთვის გამოვთქვამდით და ვამბობდით, რომ ოპოზიციაში გამოჩნდება ჯანსაღი ნაწილი, რომელიც პროცესს სწორად შეაფასებს. ჩვენ ვეუბნებით, რომ საზოგადოებისა და ამომრჩევლის დაკვეთა, მინიმუმ, უნდა შეასრულონ და შემოვიდნენ პარლამენტში. ამის შემდეგ ბოიკოტის რეჟიმში იქნებიან თუ ამა თუ იმ კანონს ხმას მისცემენ, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული. ამას უკვე უახლოეს მომავალში ვნახავთ.
რასაც თქვენ ამბობთ, რომ ოპოზიციამ ამომრჩევლის ნება პარლამენტში უნდა აღასრულოს, ამას მოლაპარაკების მაგიდასთან მიაღწევთ?
- ჩვენ რაც გვაქვს შეთავაზება, არის ლოგიკური და მორგებული იმ სისტემას, რომელიც ოპოზიციას აძლევს საშუალებას განვითარდეს. რაც მათ საკითხები დააყენეს, პრაქტიკულად, ყველა მათგანი ჩვენი მხრიდან გათვალისწინებულია. ჯერი ოპოზიციაზეა, გაითვალისწინებს თუ არა. 2016 წელს ოპოზიციამ 33 მანდატი მიიღო, ახლა კი 60 მანდატი. ალოგიკურია და ვერანაირ არგუმენტს ვერ ვხედავ, რომ 60 მანდატი არ გამოიყენო.
ნუთუ ვერ ხვდებით, რომ პროპორციული წესით ჩატარებულმა "ახალმა" კობახიძიუსეულმა კონსტუტუციამ ჩიხში შეგიყვანათ და იძულებული გაგხადათ თქვენ და ქვეყანა ფსევდო ოპოზიციის პოლიტრიკოსების მძევალად გამყოფოთ?!
თუმცა უნდა ვაღიარო, რომ შეგნებულად თუ შეუგნებლად "დემოკრატიული" მსოფლიოს დაანახეთ ვინ და რანი არიან ეს ფსევდო ოპოზიციური პარტიები და პოლიტრიკოსები.
აუცილებელია, რომ პარლამენტში შექმნათ კონსტიტუციური უმრავლესობა, რაც ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის აუცილებელია... შემდეგ შეიტანოთ ცვლილება კონსტიტუციაში და სამშობლოსათვის მთავარი, სტაბილურობის გარანტიისთვის შეცვალოთ საარჩევნო სისტემა(!), პროპორციული არჩევნების კანონი გააუქმოთ და დაამტკიცოთ მხოლოდ მაჟორიტარული წესით არჩევნები, როგორც არის მიღებული ამერიკის შეერთებულ შტატებში, თანაც ყველაზე დემოკრატიული!
მხოლოდ მაშინ ექნება დეპუტატს სურვილი ემსახუროს ხალხს და არა ვიღაცა ბელადს!