„ის ფაქტი, რომ მოლაპარაკება ჩიხშია შესული, დიდწილად ხელისუფლების დამსახურებაა და ასევე იმის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომ პირებს დაჭერით ემუქრებოდნენ“, - ამის შესახებ For.ge-ს „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
„გირჩელი“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმება შეძლონ, სხვა შემთხვევაში ამ ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობა რეალურად არ არსებობს.
ოპოზიციური სპექტრი მეხუთე რაუნდის მოლოდინშია, თუმცა, უცნობია, როდის შედგება მხარეთა შორის კიდევ ერთი შეხვედრა. თუ გაქვთ ინფორმაცია, როდის შედგება მორიგი რაუნდი და როგორ ფიქრობთ, რა შედეგით დასრულდება?
- არ ვიცი, მაგრამ როგორც ვრცელდება ცნობები, მალე უნდა იყოს, თუმცა, ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი.
გასაგებია, რომ რაღაცნაირად ოპოზიციის პრობლემაც არის, მაგრამ ის, რომ ამ წუთას ჩიხში ვართ, ეს სწორედ ხელისუფლების ბრალია. კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება ვერ შეთანხმდა, დამოკიდებულია იმაზე, ვინ როგორ მოიქცევა მოლაპარაკების მაგიდასთან და ვისი ბრალი იქნება, ამ მაგიდის აყირავება.
დღეს გავრცელდა ცნობები, რომ პარლამენტში შესაძლოა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი წევრი ვიხილოთ. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, როგორ ფიქრობთ, ვის ვიხილავთ საკანონდებლო ორგანოში?
- არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. ვიცი, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა, იმ ხალხმა, ვინც ჩემთვის ცნობილია, დაწერეს განცხადებები. რას გადაიფიქრებენ, არ ვიცი, კომენტარი გავაკეთო სხვის პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე, მგონია, რომ არ იქნება სწორი.
და მაინც, თქვენი აზრით, ვის ვიხილავთ პარლამენტში? ვინ იქნება ის პარტია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში პირველი შევა? ამაზე პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში აქტიურად საუბრობენ...
- ზოგადად, მედიის დამოკიდებულება არის არასწორი. მგონია, რომ ის ეძებს მსხვერპლს, ვინ იქნება პირველი „მოსყიდული.“ მე ასე არ ვუყურებ ამ ამბავს. თუ პარლამენტში ოპოზიცია შევდივართ, პირველის და ბოლოს გარეშე, ყველა უნდა შევიდეს პარლამენტში. ეს უნდა იყოს შეთანხმების მიზანი.
ისე არ ვუყურებ ამბავს, რომ ვინმეს ხელი დავადო, ვინ იქნება პირველი, ვინ „შეძვრება.“ არავინ მგონია ვინმეს მოსყიდული და ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს თავისი პოლიტიკური მიზანი აქვს. ახლა მიდის დისკუსიები ამ თემასთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, რომ პარლამენტში შესვლა ერთი და ორი პარტიისთვის უხერხულია, ასე რომ ვთქვათ, აზრი არ აქვს. ეს პარლამენტს პარლამენტად ვერ გახდის. ამიტომ არის საჭირო ამ მოლაპარაკების მიმართ კონსტრუქციული მიდგომა, მოლაპარაკება შედგეს, რომ ოპოზიცია ერთად შევიდეს პარლამენტში.
ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში აქტიურად საუბრობენ ასევე იმაზე, ოპოზიცია საქმეს პარლამენტიდან უკეთესად გააკეთებს, ვიდრე ქუჩის პროცესებით...
- თქვენს ნათქვამში არგუმენტი არის, მაგრამ დღეს გვაქვს განსაკუთრებული შემთხვევა „ქართული ოცნების“ სახით, რომელიც ბოლო რვა წელია ოპოზიციის ინიციატივას პარლამენტში არასდროს ითვალისწინებდა და ზოგადად, ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში იყო თუ არა, მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ამ მოცემულ შემთხვევაში, პარლამენტში შესვლა ღირს, როდესაც იქ ნამდვილად იქნება პარლამენტი. რაღაც შეიცვალა და არ იქნება ერთი კაცის კანტორა. ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც ოპოზიციას აქვს და უნდა ჰქონდეს ამ პროცესის მიმართ, არის ის, რომ ნელ-ნელა წავიდეთ სწორედ იმ მიმართულებით, რომ მსგავსი რამ არ ხდებოდეს.
არ მგონია, რომ პარლამენტში შესვლა იყოს პანაცეა, პარლამენტში თუ წესიერად შევალთ, ოპოზიციისთვის, ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის იქნება უკეთესი. წესიერად შესვლაში ვგულისხმობ შეთანხმებით შესვლას და არა იმას, რომ ვინმე შეიპარება.“
ფაქტია, ოპოზიცია ელოდება, რომ ხელისუფლება წამოვა გარკვეულ დათმობაზე. თუმცა, შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური სპექტრის სამივე მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს. წამოვიდეს კონკრეტულ დათმობაზე და ასევე ოპოზიციის რაიმე სხვა წინადადება არ დააკმაყოფილოს. ამ შემთხვევაში, როგორ მოიქცევით?
- მე ვერ ვილაპარაკებ მთელი ოპოზიციის სახელით. ჯერ ხელისუფლებას არ შემოუთავაზებია არაფერი. როდესაც დაიდება ხელისუფლების შეთავაზება, მაშინ მეც გამოვხატავ ჩემს აზრს, დანარჩენი ოპოზიციაც გამოთქვამს და ხალხამდეც მივა ეს პროცესი. ახლა ცალკე იმპერატიულად ვთქვა რაიმე, როდესაც ხელისუფლების შეთავაზებაც არ ვიცი, არასწორია.
ცნობისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, უცხოელი ელჩების ფასილიტატორობით, მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, მხარეებმა ამ დრომდე, კონკრეტულ წინადადებებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
მოლაპარაკებების საბოლოო დასრულებამდე კი რამდენიმე დღე დარჩა, რადგან ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებებით მიმართეს, ოფიციალურად რამდენიმე დღეში დაუკმაყოფილდებათ.