ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან შესაძლოა კიდევ ერთხელ წავიდეს. ვრცელდება ცნობები, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ ლიდერი მომდევნო პარტიულ ყრილობაზე გააჟღერებს. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. პირველად მაშინ წავიდა, როდესაც იგი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა პოსტი დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა. თუმცა, პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში მაშინაც აქტიურად საუბრობდნენ, რომ ივანიშვილი რეალურად არსად წასულა და იგი არაფორმალურად აგრძელებს, როგორც ქვეყნის, ასევე პარტიის მართვას.
პარტიიდან და პოლიტიკიდან ივანიშვილის შესაძლო წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას არასწორად და არალოგიკურად მიიჩნევენ პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში. გარკვეული ნაწილი იმასაც აცხადებს, რომ დღეს არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, დღეს პარტიის ლიდერის პოლიტიკიდან წასვლა საზიანოა, როგორც ქვეყნისთვის, ასევე „ქართული ოცნებისთვისაც,“ თუმცა, დადებითად იმოქმედებს ოპოზიციასა და მის მხარდამჭერებზე.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, For.ge „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ წევრს, ლადო კახაძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს:
„ამის შესახებ არაფერი ვიცი, ვერ გეტყვით. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგი გუნდი ჩამოაყალიბა, თვითონ ედგა სათავეში ამ პარტიას და ამ რთულ პერიოდში მართავს“, - გვითხრა ლადო კახაძემ.
პარტიიდან და პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შესახებ ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება ცნობები მედიაში. მეტიც, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შესაძლოა პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გახდეს. სწორედ პარტიის შემდეგ ყრილობაზე, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება, ირაკლი კობახიძის კანდიდატურა დასახელდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე 2018 წლის 11 მაისს დაბრუნდა. ივანიშვილი პოლიტიკაში 2011 წლის ბოლოს გამოჩნდა, 2012 წელს კი მან პრემიერის პოსტი დაიკავა. ამ თანამდებობას ის 13 თვის განმავლობაში იკავებდა. 2018 წელს ის კვლავ დაბრუნდა პოლიტიკაში და 11 მაისს ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან აცხადებს, რომ დღეს არსებული ვითარების ფონზე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არასწორია. მისივე თქმით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ოპოზიციასა და მათ მხარდამჭრებზე იმოქმედებს დადებითად.
„მაშინ ივანიშვილმა საკმაოდ მკაფიოდ თქვა, რომ იქნებოდა გარკვეული პერიოდი პრემიერ-მინისტრი და შემდეგ დატოვებდა თანამდებობას. მან შეასრულა თავისი დანაპირები. საზოგადოება და პოლიტელიტა საქმის კურსში იყო და ასეთ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანაში ასეთი დაძაბული მდგომარეობაა, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, თანაც ამდენი გამოწვევაა, ივანიშვილის პოლიტიკიდან და პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლა არ იქნება დადებითად აღქმული არც საზოგადოების და არც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან.
ამას ალბათ მიესალმებოდა ოპოზიცია და მისი მხარდამჭერი საზოგადოება, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ გამოეცლებოდა ის საყრდენი, ძირითადი კოზირი, რის გამოც ღებულობს საზოგადოების მხარდაჭერას. ასე რომ, პოლიტიკური და პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით, ამ მომენტისთვის, მით უმეტეს ამ ყრილობაზე, ივანიშვილის წასვლა „ქართული ოცნებისთვის“ არ იქნებოდა მომგებიანი.
წასვლის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, შესაძლოა, წმინდა სუბიექტური მიზეზი არსებობდეს. გასაგებია, რომ იგი არ მიდის აქტიური საზოგადოებრივი, პოლიტიკური ცხოვრებიდან და რეალურად, დღეს ყველაფერი მმართველ პარტიაში ბიძინა ივანიშვილზეა გადაწყობილი. ასეთ შემთხვევაში, ეს უფრო მეტად ხომ არ გააძლიერებდა მისი ოპონენტების არგუმენტებს, რომლებიც სახელმწიფოს მიტაცებაზე და არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობენ?
დღეს ივანიშვილს ფორმალური თანამდებობა მაინც უკავია და პარტიის თავმჯდომარეა, რაც ვალდებულს ხდის, რომ ჩართული იყოს სახელმწიფო საქმეებში. თუ ის წავიდა პოლიტიკიდან და ასევე დარჩა რეალური გადაწყვეტილების მიმღები, ეს მის საზიანოდ იმოქმედებს და უფრო მეტ პრობლემას გაუჩენს, თუნდაც საერთაშორისო არენაზე, სადაც ხშირია საუბრები იმაზე, რომ არაფორმალური მმართველობის ცენტრია. ამ ეტაპზე მისი პოლიტიკიდან წასვლა არ იქნებოდა მიზანშეწონილი“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი თუნდაც დღესაც რომ წავიდეს პოლიტიკიდან, რეალურად, მაინც დარჩება არაფორმალურ მმართველად. შესაბამისად, ამ ვითარებაში პარტიის ლიდერის პოლიტიკიდან წასვლა არ იქნება სწორი.
„ივანიშვილი რომ მოდიოდა პოლიტიკაში, ამბობდა, რომ მალევე წავიდოდა. ერთხელ მან ეს უკვე გააკეთა. პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა, პოლიტიკიდან წავიდა და განაცხადა, რომ აღარ დაბრუნდებოდა. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ ისევ დაბრუნდა იმ მოტივით, რომ არ დაბრუნებულიყო პარტიას ართმევდნენ. რატომ მიდის დღეს, ამის თქმა რთულია. როდესაც წავიდა, მაშინაც არავის სჯეროდა, რომ მართლა წავიდა. არ მესმის, მაშინ რა იყო წასვლა? მაშინაც გაუმართლებელი იყო და დღეს მით უმეტეს გაუმართლებელია.
ივანიშვილს აქვს უამრავი ვალდებულება ქვეყნის შიგნით და მის გარეთ. ქართულ პოლიტიკაში მასზე გავლენიანი პიროვნება სხვა, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, არავინ მეგულება. ვის რამდენი პროცენტი აქვს, ეს სხვა თემაა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ორივე, ივანიშვილიც და სააკაშვილიც, არაფორმულად მართავენ პარტიას. მათ შორის ეს თანხვედრაა. რას იზამს ივანიშვილი არ ვიცი, მაგრამ საზოგადოება რომ სერიოზულად არ აღიქვამს მის წასვლას, ეს ფაქტია“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.