„ორივე მხარე უპასუხისმგებლოდ იქცევა, რეალურად, ორ აგრესიულ მონოლოგთან გვაქვს საქმე პოზიციასა და ოპოზიციას შორის. კრიზისის გადალახვა დღეს შეუძლებელია, მაგრამ კრიზისის კონსერვაცია, მისი ფორმატის შეცვლა და საპარლამენტო კედლებში გადატანა შესაძლებელია, რათა სახელმწიფოებრივი რისკები კიდევ უფრო არ დამძიმდეს“,-აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.
პარასკევს ლეიბორისტების ეზოში უნდა გადაწყვეტილიყო, შეწყვეტდა თუ არა ოპოზიცია ბოიკოტს, თუმცა ლეიბორისტების ოფისიდან გამოსულთა ტონალობა კატეგორიული იყო და ორგვარ ალტერნატივაზე საუბრობდნენ - ან დიქტატურის შეგუება, ან რევოლუცია, მაგრამ საბოლოოდ „ლეგიტიმურ რევოლუციაზე“ ალაპარაკდნენ. თუკი აპრიორშივე ცნობილია, რომ ხელისუფლებას არ სურს ერთპარტიულ პარლამენტში ყოფნა, მაშინ რამდენად ლოგიკურია, ხელისუფლებას არ სურდეს არაფრის დათმობა? ანუ თან კეტავდეს მოლაპარაკების გზას, თან ერთპარტიულობას ვერ ეგუებოდეს?
- სად არის გამოსავალი, ამ შეკითხვაზე საპასუხოდ შემიძლია ვთქვა, რომ, სამწუხაროდ, არც რევოლუციაა გამოსავალი და არც დიქტატურა. ეს ორივე ცუდი გამოსავალია. რაც შეეხება მოლაპარაკების პროცესში შეთანხმების შესაძლებლობას, აქაც ძალიან დავიწროებულია დერეფანი. მოგეხსენებათ, სიების განულება მოხდა და იმ პარლამენტარებმა, რომლებიც ჯერჯერობით ითვლებიან დეპუტატებად, უკვე დაწერეს განცხადებები და არ შედიან პარლამენტში. შესაბამისად, ერთადერთი საკითხი დარჩა მოლაპარაკების მაგიდაზე, დაინიშნება თუ არა რიგგარეშე არჩევნები. სხვ თემაზე რატომ უნდა ილაპარაკონ, უბრალოდ გაუგებარია. ხელისუფლების ქცევაც, აგრეთვე, უპასუხისმგებლოა, ერთი მხრივ, ისინი ახდენენ კონსტრუქციულობის დემონსტრირებას და მოლაპარაკების მაგიდისკენ ეპატიჟებიან ოპოზიციას და, მეორე მხრივ, მუდმივად წითელი ნაჭერივით აფრიალებენ კობახიძეს, რომელიც კბილებს ახრჭიალებს და იმუქრება თავის ყველა გამოსვლაში.
პარადოქსული მდგომარეობა იკვრება, ხელისუფლების ტაქტიკა გაუგებარია. ბოლოს და ბოლოს, ისიც კი ეჭვქვეშ დგება, საერთოდ უნდათ თუ არა ოპოზიციის შესვლა პარლამენტში და, თუ არ უნდათ, მაშინ როგორ აპირებენ ქვეყნის მართვას, ეს ბუნდოვანება ახასიათებს ხელისუფლების პოზიციას.
ირაკლი კობახიძის ჩანაცვლების შესახებ ოპოზიციას მინიშნება არაერთხელ გაუკეთებია, მათ ისიც არ მოსწონთ, საერთოდ რატომ დათანხმდნენ კობახიძის შუამავლობას მოლაპარაკების პროცესში, მაგრამ ესეც, ალბათ, დათმობად განიხილება „ქართულ ოცნებაში“, ან იქნებ, კობახიძე უკომპრომისო მომლაპარაკებლად ითვლება?
- უკომპრომისობაზე ზედმეტია საუბარი, რადგან მოლაპარაკებები ამ წუთას არ მიმდინარეობს და ცეცხლზე ნავთის დასხმას ასეთ დროს, თუ შენ რეალურად გინდა მოლაპარაკება, აზრი არ აქვს. ამით ხომ უხერხულობას უქმნიან და გზას უჭრიან მათაც, ვინც განწყობილია პარლამენტში შესასვლელად. ასეთი დეპუტატები კი ნამდვილად არიან, რომლებიც ფიქრობენ, რაღაც არგუმენტით მაინც გაამართლონ პარლამენტში შესვლა. კობახიძის ყველა გამოსვლა არის წითელი ნაჭრის აფრიალება და გზის მოჭრა ოპოზიციისთვის კომპრომისის ძიებისა და კონსტრუქციულობის პროცესში. ასე რომ, ვფიქრობ, ორივე მხარე საკმაოდ უპასუხისმგებლოდ იქცევა, რეალურად, ორ აგრესიულ მონოლოგთან გვაქვს საქმე და მათი წითელი ხაზები ურთიერთგამომრიცხავია.
თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ქუჩის აქციებისკენ უბიძგებს ოპოზიციას?
- კობახიძის გამოსვლები ამას ნიშნავს. კი ბატონო, შენ თუ გინდა, პარლამენტში შემოვიდნენ, მაშინ ელემენტარული წესები უნდა დაიცვა. როცა ყველა გამოსვლისას იმუქრები და თითს იქნევ, გასაგებია, რომ ამით მოლაპარაკების სივრცე იხურება.
მეორე მხრივ, თავად ოპოზიციონრები ამბობენ, ძალიანაც კარგია, რომ დაფინანსების შეწყვეტით იმუქრება ირაკლი კობახიძე, რადგან ბიუჯეტზე აღარ იქნებიან ჩამოკიდებული ოპოზიციური პარტიები და ამაშიც ხედავენ ცალკეული ოპოზიციონრები პრინციპულობის შენარჩუნების გარანტს. რას ნიშნავს დაფინანსების შეწყვეტის მუქარა ხელისუფლების მხრიდან?
- არალოგიკურია, რადგან შეიძლება, ფული ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ოპოზიციონერებისთვის, მაგრამ ფულის გამო შევდივარ პარლამენტში, ამის თქმა პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი იქნება. შეუძლებელია, კობახიძეს ეს არ ესმოდეს, როდესაც ამაზე საუბრობს.
შეწყვიტონ თუ არა ბოიკოტი, ესეც განიხილება ოპოზიციის არსენალში, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებთან კატეგორიულობას ამჟღავნებენ და ხელისუფლებასთან უკომპრომისო ბრძოლაზე საუბრობენ. თქვენ რას ურჩევთ, რა უფრო შეუნარჩუნებს სახეს ოპოზიციას?
- მე თავიდანვე ვამბობდი, კრიზისის გადაწყვეტა ახლა შეუძლებელია. ჩვენ გვაქვს სერიოზული პოლიტიკური კრიზისი, მაგრამ, ამასთანავე, გვაქვს სერიოზული სახელმწიფოებრივი გამოწვევა. გასაგებია, კრიზისის გადალახვა დღეს შეუძლებელია, მაგრამ კრიზისის კონსერვაცია, მისი ფორმატის შეცვლა და საპარლამენტო კედლებში გადატანა შესაძლებელია გარკვეული პირობებით იმისათვის, რომ სხვა სახელმწიფოებრივი რისკები კიდეც უფრო არ დამძიმდეს. ყოველთვის ეს იყო ჩემი შეხედულება, მე ვფიქრობ, ორივე გზით გარდაუვალია რიგგარეშე არჩევნები, უბრალოდ, პარლამენტში თუ განვითარდება ძირითადი კრიზისული მოვლენები, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო უფრო დაცული იქნება და, თუ ქუჩასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება დაიწყო, აქ გვექნება ძალიან ბუნდოვანი განვითარება, რითაც სახელმწიფო ბევრად სერიოზულად დაზიანდება. ეს პოლიტიკური ელიტა წყალსაც წაუღია, ჩვენ არ გვინდა, სახელმწიფომ მიიღოს ზიანი, თორემ ჩვენი პოლიტიკური ელიტა შეიძლება მეტსაც იმსახურებს, რა დღეშიც ჩავარდა.
ოპოზიციას დღეს საერთაშორისო მხარდაჭერა არ აქვს, რაც ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია, 2003 წელთან შედარებით. აღარაფერს ვამბობთ ხალხის მხარდაჭერაზე.
- დიახ, მაგრამ ეს მოკლევადიანი ბონუსია ხელისუფლებისთვის. საერთაშორისო თანამეგობრობა ამბობს, რომ პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს პროცესებმა, მეც ამას ვამბობ, მაგრამ ეს თუ ვერ შედგა, რამდენიმე თვის შემდეგ უცხოელები სხვანაირად დაიწყებენ ლაპარაკს, რადგან ისინი აღმოჩნდებიან მოცემულობის წინაშე, როდესაც არის სტერილური ხელისუფალი, არასიცოცხლისუნარიანი პარლამენტი, რომელიც ვერ მიიღებს სისტემურ გადაწყვეტილებას მაღალი ქვორუმის არარსებობის გამო, იქნება მუდმივი პოლიტიკური რყევები, ასეთი სტერილური პარლამენტი ძალიან უცნაური მოვლენაა 21-ე საუკუნეში. შესაბამისად, უცხოელების საუბრის ტონიც შეიცვლება. ვინ რა გააკეთა, აღარავის ემახსოვრება, უბრალოდ, ეს იქნება ოდიოზური მმართველობითი სისტემა, რომელსაც დასავლეთი ადრე თუ გვიან დაუპირისპირდება ძალიან მძაფრად. ასე რომ, ხელისუფლებას დღეს შეიძლება უხაროდეს დასავლეთის მხარდაჭერა, მაგრამ ეს რამდენიმე თვეში შეიცვლება, თანაც არა ხელისუფლების სასარგებლოდ…