წითელ ხაზებში მოქცეული ჩიხი

წითელ ხაზებში მოქცეული ჩიხი

შედგება თუ არა მოლაპარაკების მე-5 რაუნდი და როდის, კვლავ უცნობია. ოპოზიცია ხელისუფლებას ელოდება, რომელმაც განაცხადა, რომ მოლაპარაკება ამ კვირაში უნდა შედგეს. თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ მათი პოზიციები არ შეიცვლება და კვლავ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს. ხელისუფლება კი ამბობს, რომ მისთვის ეს თემა კვლავ წითელი ხაზია და ოპოზიციის სიჯიუტის გამო მოლაპარაკების არეალი ვიწროვდება. „ოცნება“ მოლაპარაკების მაგიდაზე რა ახალ შეთავაზებას წარადგენს უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ეს 2021 წელს პლებისციტის ჩატარება იყოს, რომელსაც 2022 წელს ხელახალი არჩევნები მოჰყვება. თუმცა ამასთან დაკავშირებით „ოცნების“ მხრიდან მზაობა ჯერჯერობით არ არის და ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთავაზებას მათგან ელიან.

„ოპოზიცია მე-5 რაუნდის მოლოდინშია და ამ კვირაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც ალაპარაკდნენ იმაზე, რომ მორიგი რაუნდი შედგება და გარკვეული შეთავაზებებიც იქნება. ჩვენ მათ შევთავაზეთ ვადამდელი არჩევნები და თუკი ამაზეც ვერ ვთანხმდებით, მაშინ საჭიროა პლებისციტი და ამის გადაწყვეტა უკვე ხალხის მიერ. თუკი ეს რაუნდი შედგება, „ქართულმა ოცნებამ“ რაღაც ალტერნატიული წინადადებები უნდა წარმოადგინოს“, - აცხადებს პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე კი აცხადებს, რომ ეს არ უნდა იყოს მოლაპარაკება მოლაპარაკებისთვის და შეთანხმება სწორედ ვადამდელ ან ხელახალ არჩევნებს უნდა შეეხოს.

„ეს არ უნდა იყოს მხოლოდ მოლაპარაკება მოლაპარაკებისთვის, აქ ხელისუფლება კონკრეტულად უნდა მოვიდეს კეთილგონივრული წინადადებით, რომელიც იქნება ზუსტად ის იარაღი, რომელიც ვადამდელ ან ახალ არჩევნებამდე მიგვაღწევინებს. ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ წავედით კომპრომისზე, როდესაც დავიწყეთ მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან. ვფიქრობ, ქვეყნის ინტერესშია ის, რომ ხელისუფლებამ ოდნავ მაინც გამოიჩინოს კეთილგონიერება“, - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.

„ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა კი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისის განმუხტვა ხელისუფლების წინადადებებზეა დამოკიდებული.

„ჯერჯერობით, მე-5 რაუნდი ჩანიშნული არ არის. ეს, პირველ რიგში, დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, რათა კომპრომისული წინადადებით მოვიდეს, რაც დაკავშირებული იქნება ახალ არჩევნებთან. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ახალი არჩევნების ბედი, სხვაგვარად კრიზისი ვერ განიმუხტება“, - აღნიშნავს გუგავა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების არეალი დავიწროვდა.

როგორც დავითულიანი ამბობს, მმართველი გუნდი იმ წითელი ხაზის გადალახვას არ პირებს, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ეხება.

„მმართველმა პარტიამ ოპოზიციას შესთავაზა ყველა ტიპის კომპრომისი და შეთანხმება, რაც კი შეიძლებოდა, რომ შეეთავაზებინა, გარდა ერთი რამისა, რაზეც თავიდანვე ვთქვით, რომ ეს წითელი ხაზი იყო. თუმცა, ოპოზიცია ამბობს, რომ ამის გარდა არაფერი სურთ. ამის გამო, სამწუხაროდ, მოლაპარაკებების არეალი საკმაოდ დავიწროვდა. დაველოდოთ, დავილაპარაკებთ და ვნახავთ, იმედი მაქვს, რაღაც შედეგი იქნება“, - აცხადებს დავითულიანი.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, მოლაპარაკების მე-5 რაუნდი შეასძლოა, საერთოდ არ გაიმართოს. ანაჯაფარიძე აცხადებს, რომ თუ რომელიმე მხარემ პოზიცია არ შეცვალა, უბრალოდ, ამ რაუნდის გამართვას აზრი არ ექნება. ეს ჩვეულებრივი შეხვედრა შეხვედრისთვის იქნება და ამაზე ელჩებიც არ წავლენ. მათაც არ სურთ, რომ უნაყოფო შეხვედრების ფასილიტატორები იყვნენ. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ელჩებმა ეს მოლაპარაკება იმიტომ იტვირთეს, რომ შედეგი დადონ და თუ ეს შედეგი არ იქნება, მოლაპარაკებები ასე დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება.

„მხარეები არ იძლევიან იმის საშუალებას, რომ მოლაპარაკება რაღაცაზე მოხდეს. ამიტომ ელჩებისთვის ეს დაუსრულებელი შეხვედრები აზრს კარგავს. საქმე ისაა, რომ ოპოზიციას თავისებური წარმოდგენა აქვს მოლაპარაკებასთან დაკავშირებით. საუბარი ვაჭრობის სტილში კი არ უნდა წავიდეს, რომ გინდა თუ არა შენ ეს გამიკეთე და მერე მე ამას გაგიკეთებ, არამედ კონკრეტულ პრინციპებზე შეთანხმება უნდა მოხდეს. მაგალითად, პრინციპი პირველი - შეიცვლება საარჩევნო სისტემა და ის უფრო მხარეთა მოთხოვნებსა და ინტერესებზე იქნება მორგებული. პრინციპი მეორე - შეიძლება საუბარი ადმინისტრაციის დაკომპლექტების დახვეწაზე იყოს, რაც მომავალ არჩევნებს უფრო სამართლიანს, გამჭვირვალეს და დემოკრატიულს გახდის. როდესაც აპრიორი მიუღებელ წინადადებას აყენებ და იცი, რომ მეორე მხარისთვის წითელი ხაზია, მაშინ მოლაპარაკება არ გინდა. ერთი წუთით მაინც წარმოვიდგინოთ, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და რიგგრეშე არჩევნები ხვალვე დაინიშნა, ამით რა პრეცედენტს ვმქნით, როცა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, სადამკვირვებლო მისიებმა და საელჩოებმა არჩევნები დემოკრატიულად ჩატარებულად გამოაცხადეს და ხელისუფლებამ ახლა თავად უნდა თქვას, რომ არა დემოკრატიულად არ ჩაგვიატრებიაო?! ხვალ რომ ოპოზიციას ჩატარებული არჩევნები ისევ არ მოეწონოს, ისევ რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს? თუკი ამ გზით წავალთ, საბოლოოდ ქვეყანა სადამდე მივა, მისი მდგომარეობა ხომ საბოლოოდ შეირყევა, პოლიტიკურ სტაბილურობაზე საუბარი ხომ ზედმეტია“,-აცხადებს ანჯაფარიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია კუნთების თამაშს უნდება და რეალურად მოლაპარაკება არც ერთს არ უნდა. მისი აზრით, ორივეს წითელი ხაზები აქვს მონიშნული და მოლაპარაკების თემა საბოლოოდ რა არის გაუგებარია. მისი აზრით, ორივე მხარე ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ მოლაპარაკების მაგიდის აყირავება არ დაბრალდეთ, ხოლო ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია და აქედან გამოსავალი რა იქნება ბუნდოვანია.

„ახლა რაშიც ქვეყანა იმყოფება, ეს არის კლასიკური ჩიხი, სადაც ორივე მხარეს დეკლარილებული წითელი ხაზები აქვს და არც ერთი მათგანი მის დარღვევას არ ფიქრობს. აქედან გამომდინარე, მანევრირების საშუალება, პრაქტიკულად, აღარ არის. უბრალოდ, ეს უფრო რაღაც კონსტრუქციონალობის თამაშს ემსგავსება. მოლაპარაკების საფუძველი და შეთანხმება უბრალოდ აღარ არსებობს. ორივე ცდილობს, რომ ძალის დემონსტრირება მოახდინოს. არ ვიცი, ხელისუფლებამ ოპოზიციას რაღა შემხვედრი წინადადება უნდა დაახვედროს. ახლა ხელისუფლება ცდილობს, რომ დეპუტატების რაღაცა რაოდენობა ამ ერთი თვის განმავლობაში პარლამენტში შეიყვანოს. ვერ ვიტყვი, რომ 23 კაცის შეყვანას შეძლებს და საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება, მაგრამ ვიღაცეების შეყვანას რომ შეძლებს, ეს ფაქტია“, - აცახდებს ხუხაშვილი for.ge-სთან.