მისი უწმინდესობის რუსეთში ვიზიტს, როგორც ეს მოსალოდნელიც იყო, გაკოტრებული „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხმაური მოჰყვა. ფეისბუქში ატეხილ აჟიოტაჟთან ერთად განსაკუთრებით თავგამოდებულმა „ნაცისტებმა“ – სერგო რატიანმა და ზურაბ ჯაფარიძემ საპროტესტო პოლიტიკური განცხადებაც სახელდახელოდ გამოაცხვეს და გამოაქვეყნეს;
აქოდა, არავინ დაგვასწროს ურაპატრიოტული ყიჟინას დაცემაო... აკი „მეგობრული საყვედურიც“ მიიღეს დავით დარჩიაშვილისაგან – თქვე დალოცვილებო, ჩემთვისაც გეთქვათ, მე რა, თქვენზე ნაკლები რითი ვარ, მეც სიამოვნებით მოვაწერდი ხელს ამ განცხადებასაო!
დარჩიაშვილს რომც არ ეთქვა, ისედაც ვიცით, ამ განცხადების ხელმოსაწერად ცოცხალ რიგში რომ ჩადგებოდნენ: აკო, გაკო, მიკვერცხილი კაკო, წიკლა თუ წაკლა – ზეაქტიურობაში შეჯიბრსაც კი მოაწყობდნენ - აბა, ვინ უკეთ, ვინ სწრაფად... რომელია ყველაზე „მაგარი ბიჭი“ სამშობლოს ბედზე გულ–დამწვართა ამ კოჰორტაში, მათმა ჩოყლაყმა დირექტორმა არკვიოს; ჩვენც რაღა დაგვრჩენია – ამ ყიჟინას ღირესული უნდა მივაგოთ.
„ნაცისტების“ განსაკუთრებული გულისწყრომა, რასაც მოჰყვა კიდეც ეს ყიჟინა, პატრიარქის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრასა და მის შემდგომ განცხადებას გამოუწვევია. აი, რა ბრძანა მისმა უწმინდესობამ:
„ჩემი ვიზიტის მიზანია დაიწყოს იმ შეცდომების გამოსწორება, რომელიც მრავლად დავუშვით. ვფიქრობ, გვეყოფა სიმამაცე და სიბრძნე იმისათვის, რომ ეს შეცდომები გამოვასწოროთ. მე მქონდა შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და შევთანხმდით იმაზე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ძმებად დავრჩეთ. ის რაც მოხდა, არც რუსეთის ბრალია და არც საქართველოსი. ეს იყო ცალკეული პიროვნებების ბრალი...“
კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო - ნათქვამია. პატრიარქის ვიზიტსაც და მის მშვიდობისმყოფელ განცხადებასაც კარგი გამგონე უთუოდ ასე გაიგებდა. რუსეთ–საქართველოს შორის ჩამოვარდნილი მტრობა არა ჩვენი ერთმორწმუნე ხალხების, არამედ სწორედაც ვაი–პოლიტიკოსების სინდისზეა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მათ გამო ჩიხში შესული ურთიერთობები გამოსწორდეს და პუტინთან შეხვედრა ამის იმედს ტოვებს – ასეთია მისი უწმინდესობის განცხადების სრულიად მკაფიო კონტექსტი;
ხაზგასასმელია, რომ პატრიარქს, ბუნებრივია, არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა იმ „ცალკეულ პიროვნებებში“, რომელთა ბრალიცაა მტრობის გაღვივება. ნათელია, რომ აქ ზოგადად, ორივე მხარის ვაი–პოლიტიკოსები თანაბრად ამხილა მისმა უწმინდესობამ; რუსულმა მხარემ კომენტარის გარეშე დატოვა პატრიარქის მინიშნება ვაი–პოლიტიკოსებზე და, როგორც ჩანს, სიტყვიერად მაინც, მისგან დანამუსებაც შესაფერისად მიიღო; ამას მოითხოვდა ელემენტარული დიპლომატიური ეთიკეტიც და სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, უბრალოდ ადამიანური ზრდილობაც;
სამაგიეროდ, აქაურმა უკვე გაკოტრებულმა ვაი–პოლიტიკოსებმა ატეხეს ერთი ალიაქოთი; სწორედ ისე დაემართათ – ქურდს ქუდი ეწვისო, და თავადვე გაამჟღავნეს, „დაიწვეს“ საკუთარი თავი; მათი განცხადება და განსაკუთრებით პატრიარქის სიტყვების – „ის რაც მოხდა ... იყო ცალკეული პიროვნებების ბრალი“ – კატეგორიული მიუღებლობა სხვა არაფერია, თუ არა ამ მტრობის გაღვივების, რაშიც ბრალის დაედოთ, დადასტურება და კიდევ ერთხელ, დაჟინებული გამეორება;
მართლაც: ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოს ევროატლანტური სწრაფვაა რუსეთთან მტრობის საფუძველი და რადგან რუსეთს პრინციპულად არ ძალუძს ამის მიღება, მაშ, აქ ცალკეული პიროვნებების შეცდომები არაფერ შუაშია, არამედ, შეუთავსებელი ინტერესების კონფლიქტთან გვაქვსო საქმე; ამ განცხადებიდან გამომდინარეობს, რომ რუსეთთან მტრობა ბოლომდე, ე.ი. საბოლოო გამარჯვებამდე, უნდა გაგრძელდეს და უფრო გაღრმავდეს, ვიდრე კუდამოძუებული რუსეთი საქართველოსთან მარცხს არ აღიარებს და კაპიტულაციას არ გამოაცხადებს; ხოლო პატრიარქის მშვიდობისმყოფელობა კი, თურმე ნუ იტყვით და „საზიანოა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის და წყალს ასხამს ოკუპანტი სახელმწიფოს წისქვილზე.“
რუსეთთან მტრობა, ჩვენი ურაპატრიოტი „ნაცისტების“ აზრით, გარადუვალი ბედისწერა ყოფილა და არა ვაი–პოლიტიკოსების დანაშაული. სამარცხვინოა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში, ე.ი. მისი უწმინდესობის რუსეთში ვიზიტის შეფასებისას, მტრულ რიტორიკაში ჩვენმა „ქორებმა“ პირწავარდნილ, აღვირახსნილ, ოდიოზურ რუს შოვინისტებსაც, თუნდაც ჟირინოვსკისაც კი, არათუ ტოლი არ დაუდეს, აჯობეს კიდეც.
ჭკვიანი კაცის, ინგლისელი განმანათლებლის – სამუელ ჯეკსონის ნათქვამია: „(ურა)პატრიოტიზმი ნაძირალების უკანსაკნელი თავშესაფარია!“ ეს გამონათქვამი ზედგამოჭრილია ჩვენი „ნაცისტებისათვის“. რა დგას მათი ფსევდო–დასავლური და ურაპატრიოტული ფრაზეოლოგიის უკან? ღრმა პროვინციალიზმი და ჩვეულებრივი ნაძირლობა, ერთი სიტყვით – ქაჯობა. მეტი არც არაფერი. რატომ?
იმიტომ, რომ მათ „მოღვაწეობას“ სინამდვილეში არაფერი საერთო არა აქვს მხოლოდ სიტყვიერად აღიარებულ დასავლურ ღირებულებებთან, პირიქით: ხელისუფლებაში ყოფნისას მათ ფეხ ქვეშ გათელეს კანონის უზენაესობაც, ადამიანის უფლებებიც, პიროვნებისა და საკუთარი ხალხის პატივისცემაც;
იმიტომ, რომ მათ ე.წ. საგარეო პოლიტიკას, რომელმაც სრული კრახი განიცადა, არაფერი საერთო არა აქვს ნამდვილ პატრიოტიზმთან; ეს პოლიტიკა არა ქვეყნის, არამედ მათი პირადი ინტერესებითაა ნასაზრდოები, რასაც მისი შედეგები ყველაზე თვალსაჩინოდ ადასტურებს: ქვეყანამ ამ პოლიტიკით უდიდესი ზარალი ნახა, სამაგიეროდ, სწორედ „ნაცისტებმა“ მიიღეს „მეტი სარგებელი“ – უზურპირებული ძალაუფლება და მსუყე შემოსავლების წყარო კარგა ხანს შეინარჩუნეს;
მათ საკუთარი მდაბიო ინტერესები საქვეყნოსთან გააიგივეს და საგარეო პოლიტიკა „დასავლეთზე ორიენტირებულ“ კლიენტელიზმად აქციეს; თავიანთთვის კარგი და იოლი ცხოვრების მოსაწყობად ისინი მდიდარ და გავლენიან პატრონს ეძიებდნენ დასავლეთში და არა ქვეყნის მოკავშირესა თუ პარტნიორს და საბჭოთა დრო რომ ყოფილიყო თავიანთი მშობლებივით არც რუს პატრონზე არ იტყოდნენ უარს, მაგრამ ახლა სხვა დროა; მიხვდენენ, რომ რუსეთს იმდენს ვერაფერს გამორჩებოდნენ, თანაც რუსულ სიამეთ დასავლური ცხოვრების ნაგემი გემო ერჩიათ, ამიტომაც ახლა დასავლეთს მიეტმასნენ;
დასავლეთისაგან ისინი არა პარტნიორულ მხარდაჭერას, არამედ პატრონ–კლიენტურ ურთიერთობას, პატრონის ხარჯზე სრულ კმაყოფაზე აყვანას მოითხოვდნენ და ნაწილობრივ ეს მიიღეს კიდეც. გულუბრყვილო პატრონის გულის მოსაგებად პროდასავლური ყალბი რიტორიკა, მათი უკანმოუხედავი ვითომ ლტოლვა დასავლეთისაკენ, სინამდვილეში საკუთარი წარმომავლობისა და ისტორიისგან თავქუდმოგლეჯილი გაქცევის მორიგ უბადრუკ მცდელობას წარმოადგენდა, ზუსტად ისე, როგორც მათი მშობლების ლენინურ–სტალინური ასევე ცრუ რიტორიკა.
ამ უბადრუკი საგარეო კლიენტლიზმის გაგრძელება იყო მათი საშინაო პოლიტიკა, მათი ე.წ.მოდერნიზაცია, რომელიც ძალზე ხშირად ქვეყნის ხელოვნური, ნაძალადევი, ქაჯური „ვესტერნიზაციის“ სახეს ატარებდა;
რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება ის საშუალება გახდა, რომლითაც უნიადაგოებს ხელოვნურად შეექმნათ თავიანთი ადგილი - საერთაშორისო ასპარეზზე ანტი–რუსული, ვითომ დასავლური კამპანიის ერთ–ერთი მოთავეები გამხდარიყვნენ და ამით მიეღოთ „მეტი სარგებელი“. მათ იმთავითვე ქვეყნისათვის წამგებიანი ფსონი დადეს დასავლეთის რუსეთთან დაპირისპირების უკიდურეს გამწვავებაზე და ის კი არც გახსენებიათ, რომ რუსეთისა და დასავლეთის შეჯახება, თანაც კავკასიის რეგიონში, საქართველოსათვის გეპოლიტიკური კატასტროფის ტოლფასია. ამას შეიძლება სწორედ ის შედეგები მოჰყვს, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი გვიქადდა აგვისტოს ომის დროს: „საქართველოს სახელმწიფოს სრული ანიჰილაცია“.
ქაჯობა სწორედ ის არის, რომ ქაჯი „აჭრილია“, „ავარდნილია“, ადგილს ვერ პოულობს, რადგან საკუთარ თავში დასაყრდენი არა აქვს. მათი საგარეო პოლიტიკაც უნიადაგო იყო და შიდა საყრდენი არ გააჩნდა. ნორმალურ ქვეყანაში საგარეო პოლიტიკა საშინაოს გაგრძელებაა, შიდა მიზნების უზრუნველყოფაა საერთაშორისო ასპარეზზე; მათთვის კი პირიქით იყო; ისინი მოიქცნენ როგორც ღრმა პროვინციელები, რომლთაც დასაყრდენს კარგავენ და ცდილობენ უცხო გარემოს მიეტმასნონ; მიღებულნი გახდნენ „მაღალ საზოგადოებაში“ ნებისმიერ, არა მხოლოდ მეზობელთან ურთიერთობის გაფუჭების, მისი მტრად გადაკიდების, არამედ თუნდაც საკუთარი თავის უარყოფის ფასად. მათ ახლაც წარმოუდგენიათ, რომ მსგავსი ავარდნითა და საომარი ყიჟნით, ომის რიტორიკის აშკარად შემცველი მსგავსი განცხადებებით, რაც რატიანმა და ჯაფარიძემ გააკეთეს, დასავლეთში მიღებულნი იქნებიან და არ სურთ დაიჯერონ, რომ სინამდვილეში ასეთი ქაჯობით სამასხარაოდ იხდიან თავს.
მსგავსი განცხადება, რომელიც ამტკიცებს, თითქოს რუსეთთან მტრობა საქართველოსათვის დაუძლეველი ბედისწერაა, თავისი არსით არა იმდენად ანტი–რუსული, არამედ სწორედაც ღრმად ანტი–დასავლურია; ამის თაობაზე არა ერთ გზის მიუთითებიათ რაციონალურად მოაზროვნე დასავლელ პოლიტიკოსებსაც. გავიხსენოთ თუნდაც ფრანგი დიპლომატის – კუშნერის შეფასებები ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენებასთან დაკავშირებული ასევე მყვირალა „ნაცისტური“ რიტორიკის წარმოებისას: რუსეთთან მტრობა კი არ უნდა გააღვივოთ და ცეცხლზე ნავთი კი არ უნდა დაასხათ, არამედ თანამედროვე ევროპელებივით უნდა მოიქცეთ – ის უნდა ეძებოთ, რაც გაერთიანებთო – გვირჩია მაშინ იმ პატიოსანმა კაცმა და ევროპელობის საილუსტრაციოდ საფრანგეთ–გერმანიის წარსულში დატოვებული, თავიდ დროზე თითქოს ტრადიციად ქცეული მტრობა და დღევანდელი სამაგალითო კავშირები, რაც ევროპული ერთობის საყრდენად იქცა, მოიყვანა;
სწორედაც ანტი–დასავლურია მეზობელთან მტრობის დაუძლეველ ბედისწერად წარმოჩენა. რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ბევრი წინააღმდეგობის დაძლევას გულისხმობს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წინასწარ ქაჯურად იმის თქმა, რომ ეს წინააღმდეგობები გადაულახავია.
პირიქით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არანორმალური მდგომარეობა, როცა ეს ორი მეზობელი ქვეყანა, რომელთაც ძალზე ბევრი რამ წარსულშიც და სამომავლოდაც აერთიანებთ, მაგრამ ვაი–პოლიტიკოსების შეცდომებისა თუ დანაშაულთა გამო მტრად წაჰკიდებიან ერთიმეორეს, გამოსწორდეს. ეს ბრძანა მისმა უწმინდესობამ; ცხადია, ჭკუათამყოფელი რუსიცა და ქართველიც ამ აზრს გაიზიარებს; მხოლოდ ქაჯებიღა არ დაეთანხმებიან, მით უმეტეს, რომ მისი უწმინდესობის მიერ ნაგულისხმევ ვაი–პოლიტიკოსებში მათ საკუთარი ქაჯობა ამოიცნეს და „ქუდიც დაეწვათ“.
იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს პოლიტიკა მართლაც შეიცვალა და ეს ომის რიტორიკის შემცველი განცხადება ოდენ „დამწვარი“ ქაჯების ურაპატრიოტულ ყიჟინად დარჩება და გარდა მათი უნიადაგობის კიდევ ერთი აშკარა საბუთისა, სხვა შედეგს აღარ გამოიღებს.