რამდენიმე დღის წინ 86 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მაესტრო, გამოჩენილი საოპერო მომღერალი, ნოდარ ანდღულაძე. ადამიანი, რომელმაც ხელოვნება პირად ცხოვრებაზე მაღლა დააყენა.
ნოდარ ანდღულაძე მარტო ცხოვრობდა, მაგრამ მის სახლში სტუდენტების რიცხვი არ იკლებდა. ამ რამდენიმე წლის წინ ინტერვიუს ჩასაწერად რომ ვესტუმრე, მაშინაც უამრავი ახალგაზრდა შევნიშნე მის ოთახში, ისინი შინაურულად დადიოდნენ ოთახებში, ზოგიერთი მათგანი კი „Mezzo.tv”-ს უყურებდა. ამბობდნენ, ანდღულაძეების ოჯახს „კონსერვატორია“ სახლში ჰქონდა მოწყობილი. ეს მართლაც ასეა. თბილისის ოპერის ისტორიის ნახევარი ხომ ანდღულაძეების სახელს უკავშირდება.
როცა ნოდარ ანდღულაძის მისაღებ ოთახს თვალი მოვავლე და კედლებზე მისი წინაპრების ფოტოები შევნიშნე, მითხრა, თბილისის ოპერას 158 წელი შეუსრულდა და ხშირად ვამბობ ხოლმე, ამ 158 წლის ნახევარი ჩვენს ოჯახს ეკუთვნის, რადგან დედა თბილისის კონსერვატორიის პირველი გამოშვება იყო, ზაქარია ფალიაშვილის რექტორობის დროს, 1924 წელს დაამთავრა კონსერვატორია. მამამთავრიშვილის გვარის ქალი იყო, მღვდლის შვილი და ვანო სარაჯიშვილთან ერთად მღეროდა. საზოგადოებისთვის ცნობილია, მარჯანიშვილის მიერ ვანო სარაჯიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპექტაკლი „აბესალომი“, სადაც ვანოს მაგივრად დადიოდა სინათლის სვეტი და სწორედ ნოდარ ანდღულაძის დედა მღეროდა ამ სპექტაკლში. სინათლის სვეტი კი ვითომ ვანო სარაჯიშვილის სულის გამოძახილი იყო. მოგვიანებით დედა უყვებოდა, რომ მისთვის ძალიან მძიმე იყო ვანო სარაჯიშვილის ნაცვლად, სცენაზე შუქთან ერთად ყოფნა. თუმცა მარჯანიშვილმა ძალზე ორიგინალურად გადაწყვიტა ეს სპექტაკლი. მოგვიანებით ნოდარ ანდღულაძის მამის, დავით ანდღულაძის სახელი უფრო შემორჩა საოპერო ხელოვნებას, რადგან ნოდარის დედა ავად გახდა, ხმაში ბზარი გაუჩნდა და თავი დაანება სიმღერას.
თავდაპირველად ნოდარ ანდღულაძეც არ აპირებდა ოპერის მომღერლობას. ის ფილოლოგი გახლდათ, კავკასიოლოგი. მართალია, ბავშვობიდან მოყოლებული, უამრავ არიას ასრულებდა და განსაკუთრებით, მეგობრებსა თუ წვეულებებზე უყვარდა სიმღერა, მაგრამ გამოჩენილი მამის ფაქტორის გამო მომღერლის კარიერის შებედვა მისთვის ადვილი არ იყო. თუმცა 19 წლის ასაკში მამამ ხმა გაუსინჯა, მოეწონა და უთხრა, როგორი მომღერალი დადგები, არ ვიციო.
ნოდარ ანდღულაძე პირველი იყო, ვინც საბჭოთა კავშირში სცენაზე გასვლა იტალიურ ენაზე გაბედა. ეს აკრძალული იყო, მან კი გარისკა. იმთავითვე არ მოსწონდა რუსული რეალიზმი ოპერაში. საკუთარი კოსტუმებიც ჰქონდა მოსკოვის დიდ თეატრში და თბილისიდან არ უწევდა კოსტუმების ჩატანა, მაგრამ რუსულ რეალიზმს, სტანისლავსკის სისტემის გადაგვარებას, ნატურალიზმამდე დასულ სიმღერას ვერ ეგუებოდა. მიაჩნდა, რომ სიმღერა და ნატურალიზმი ერთმანეთს გამორიცხავს. მოსწონდა როსინის ნათქვამი, მუსიკა არის იდეის სამყარო და არა - ყოველდღიურობის. ამასთან, მიაჩნდა, რომ ქართველები სმენით ახლოს არიან იტალიელებთან. ამიტომაც სურდა, იტალიური სკოლის მთელი ტრადიცია ქართულ სასიმღერო კულტურასთან შეეერთებინა.
„ენაგეთი – ასეთი სოფელია ქსნის ხეობაში, რომელიც ახლა რუსეთს უკავია და ამის გამო გაცოფებული ვარ. დედაჩემის სოფელია ენაგეთი, ქსნის ხეობა ქართული ჯარის უდიდესი სადროშო იყო, ქსნის ერისთავები წამყვანი მხედართმთავრები გახლდნენ“, - მითხრა მაშინ ნოდარ ანდღულაძემ. ისიც გაიხსენა, რომ ორი წლის იყო, როცა ნათლიებმა, პირდაპირი მნიშვნელობით, მოიტაცეს და სიონში მონათლეს, რასაც შეიძლებოდა, რეპრესია მოჰყოლოდა. არც ის დამალა, შინაგანად ძალიან რელიგიური ვარ, მაგრამ რიტუალებს არ მივდევო.
უკვირდა, თუ როგორ გადაურჩა მამამისი რეპრესიებს. ასეთი ამბავი გაიხსენა - ერთხელ, როცა „ამუშავებდნენ“ ბერიას, აკაკი შანიძეს უთქვამს, ძალიან ცუდი კაცი იყო ბერია, მისი ძალიან მეშინოდა, აქამდე მიკვირს, რატომ არ დამიჭირაო. ნოდარ ანდღულაძის მამასაც ფული გამოკერილი ჰქონდა ტანსაცმელში, ყველა ნაკერში ფული იყო ჩაკერებული იმიტომ, რომ ქუჩიდან თუ წაიყვანდნენ, გზაში არ დაღუპულიყო შიმშილით. მით უფრო, მამამისი ჯერ მეფის ჯარის „პორუჩიკი“ იყო, შემდეგ მენშევიკური ჯარის ოფიცერი, იბრძოდა თბილისიდან ბათუმამდე. თუმცა, რატომღაც აპატია ბერიამ, რადგან სტალინს უყვარდა და ბერიამ ვერ შეჰბედა დატუსაღება.
„აიდა“ - ცისანა ტატიშვილისა და ნოდარ ანდღულაძისთვის
ცისანა ტატიშვილთან მის ამაღლებულ გრძნობას როცა შევეხეთ, მომიყვა, ბერლინში სპეციალურად ცისანა ტატიშვილისთვის დადგეს „აიდა“. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ რადამესი არ ჰყავდათ, ცისანამ ისარგებლა შემთხვევით და გერმანელებს უთხრა, მე მყავს რადამესიო. მართლაც, ნოდარ ანდღულაძე გამოიძახეს. ფელზენშტეინს ისე მოეწონა ნოდარი, საბჭოთა კავშირის კულტურის სამინისტროში დეპეშა გაგზავნა, ასეთი ტენორი ევროპაში 20 წელიწადია არ მომისმენიაო. მას უნდოდა, მომდევნო სეზონში პარიზში დაედგა ნოდარისა და ცისანასთვის ვაგნერის „პარციფალი“, მაგრამ ჩაიშალა, რადგან ფელზენშტეინი სექტემბერში გარდაიცვალა.
„ცისანა ჩემს კლასში მოხვედრას ცდილობდა, რაც მას ჯანო კახიძემ ურჩია. მართლაც მოვიდა, მაგრამ ვუთხარი, შენი პედაგოგი, პროფესორი გულიკო ქართველიშვილი ჩემი კოლეგა, მეგობარია, მას როგორ დატოვებ-თქო. თანაც, გულიკო ძალიან კარგი ადამიანი იყო. მერე ისე მოხდა, რომ ცისანას დიდი როლების დაუფლება გაუჭირდა და დახმარება მთხოვეს. ერთად ვმუშაობდით. თუმცა რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ მეგობრებად დავრჩით. ახლაც ძალიან დიდი მეგობრები ვართ, ცისანაზე ძვირფასი მე არავინ მყავს“...
ისიც გაგვიმხილა, ნამდვილი სიყვარული ერთხელ მეწვია და არ წამივიდაო. ჩავეძიეთ, ცისანას გულისხმობთ-თქო?! არა, ცისანა იმ სიყვარულის პარტნიორი იყოო. უბრალოდ, ის ქალი ხევსური იყო და დარჩა ხევსურეთში. ეს ახალგაზრდობაში მოხდა, ცისანამდე, და მაშინ 20 წლის ვიყავიო. ისიც დაამატა, დღესაც მახსენდება ის ქალბატონი, იმდენად მიყვარდა, რომ მისთვის ავდიოდი და ვრჩებოდი ზემო ბარისახოში. თუმცა ჩემი ოჯახის მდგომარეობას გავუწიე ანგარიში. ამ თემაზე არავისთან მილაპარაკია, მაგრამ დედა ავადმყოფობდა, მამა უკვე მოხუცებული იყო და მათი დატოვება არ შემეძლოო.
კიდევ მეტად დავინტერესდი, მოგვიანებით ერიდებოდით ამ ქალთან შეხვედრას-მეთქი? -არ ვერიდებოდი, მაგრამ არ შემხვედრია. სად წავიდა, არ ვიციო...
არ ვიცი, ამ შემთხვევაში, დიდი მაესტრო რამდენად გულწრფელი იყო და ამით სულ სხვა დიდი სიყვარულის გადაფარვას ხომ არ ცდილობდა...
ჩვენმა საუბარმა დიდხანს გასტანა, მაგრამ ძირითადი მომენტები მახსენდება. ნოდარ ანდღულაძემ სიამაყით გაიხსენა კომპოზიტორ ვიქტორ დოლიძის პრინციპულობა, როცა მან ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“ დაიცვა. ამ ნაციონალური ოპერის გამო კინაღამ დაიჭირეს ფალიაშვილი და მარტო ვიქტორ დოლიძეს ეყო ვაჟკაცობა, სიმართლე ეთქვა. იმ დროს უმკაცრესი კომისია შედგა, გაკიცხეს ზაქარია ფალიაშვილი, ნაციონალისტური და მენშევიკური ოპერა დაგიწერიაო. არადა, მენშევიკური ოპერა სად გაგონილა?! ვიქტორ დოლიძემ კი მათ უპასუხა: მე არ ვიცი, „დაისი“ მენშევიკურია თუ ბოლშევიკური, მაგრამ ერთი რამ ვიცი, ამ ოპერის მუსიკით თქვენ ყველას გაგასვენებენო და აუხდა კიდეც.
ნოდარ ანდღულაძეს სწამდა, რომ სასიმღერო ტალანტი სამხრეთ კავკასიელთა თანდაყოლილი ნიჭია, რაც ქართველებისა და უძველესი ხალხების – შუმერების, ხურიტების, პროტოხეთების მჭიდრო კავშირზე მიუთითებდა. სწორედ ამ ტალანტის გადმოფრქვევა იყო, როცა ახლადდაარსებულ ქართულ საოპერო თეატრში წინა საღამოს გამართულ სპექტაკლს უკვე მეორე დილას მღეროდნენ მეიდანზე, კინტოების შესრულებით. უფრო ღრმად თუ ჩავხედავთ და ახლანდელ თეორიებსაც გავიზიარებთ, ეს გახლავთ ხმელთაშუა ზღვის ხალხების ერთიანი სმენის ველი. აზერბაიჯანიდან, კასპიის ზღვიდან გიბრალტარამდე, პორტუგალიამდე, სმენის ველი ერთია და ეს იზიდავს ყველაფერს. ასე რომ, ნოდარ ანდღულაძეს უყვარდა გამოთქმა - ქართველები არა მარტო რკინის მჭედლები ვიყავით, არამედ კარგი მომღერლებიც. დასაბამიდან ეს მოგვდგამს, რაც ბერძნულ წყაროებშიც გამუდმებით აღინიშნებოდა ხოლმე. ბერძნები წერდნენ, ცეკვავს და მღერის კოლხი ან იბერიელიო.
მისთვის ყველაზე პასუხსაგები იყო აბესალომის პარტიის შესრულება. იტალიამდე მისი შესრულება ვერ გაბედა. იტალიაში მისი წასვლა კი ერთმა შემთხვევამ განაპირობა: ბელგიის დედოფალმა ელისაბედმა როცა მოისმინა მისი ნომერი - ტურიდუს არიიდან, იკითხა, ეს ტენორი იტალიიდან გამოიწერეთო?! სწორედ ამ ნათქვამმა გადაწყვიტა მისი ბედი.