ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, როგორც ფასილიტატორი, დანანებით შენიშნავს, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ.
ელჩები ამით შეშფოთებულნი არიან, ოპოზიცია კი ჯერ კიდევ მოლაპარაკებების ჩიხში შესვლამდე ცდილობდა, მარტივი გამოსავალი მოენახა და თავად ელჩები ექცია არბიტრებად. მათი სურვილი იყო, თავად ელჩებს შეეთავაზებინათ, თუ რა უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას. ეს იქნებოდა ოქროს შუალედი, რომელსაც ელჩები მოძებნიდნენ.
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს სთხოვეს, ფასილიტაციის მდგომარეობიდან არბიტრის მდგომარეობაში გადასულიყვნენ. მისი თქმით, ელჩებმა დიდი ენერგია და მონდომება ჩადეს ამ საკმაოდ რთულ თვენახევრის მოლაპარაკებებში, მაგრამ ახლა საჭირო იყო, მკაფიოდ დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია.
იმის გათვალისწინებით, რომ მოლაპარაკებების წარმართვის მომავალი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ბუნდოვანია, საინტერესოა, რამდენად შესაძლებელია, ჩვენი პარტნიორი ელჩები არბიტრებად ვაქციოთ და სწორედ მათ შესთავაზონ გამოსავალი ოპოზიცია-პოზიციას?
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ძალიან ძნელია, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენი ქცევაც, ცოტა არ იყოს, უცნაურია, ერთი მხრივ, ვედავებით ელჩებს, რატომ ერევით ჩვენს საქმეებშიო, მეორე მხრივ, ვაძალებთ, გინდა თუ არა, ჩაერიეთ ჩვენს საქმეებში.
„ვერ აიღებენ ელჩები ჩვენზე პასუხისმგებლობას, რანაირად აიღებენ, მათ შეუძლიათ მხოლოდ კოორდინაცია მოახდინონ, შეეცადონ, დიალოგში გადაიყვანონ ეს ყველაფერი. არბიტრი კი რას ნიშნავს, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, ამის გარკვევას ხომ არ დაიწყებენ ელჩები? თუ სხვა გამოსავალი მოგვინახონ ელჩებმა და თვითონ დადონ შერიგების ფორმულა, თანაც, დააძალონ ორივე მხარეს, რომ მიიღონ ეს ფორმულა? ურთიერთობებში ასე არ ხდება, რადგან ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ელჩები ვერ აიღებენ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა for.ge-სთან საუბრისას.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ოპოზიციამ ელჩებს არბიტრის ფუნქცია შეიძლება დააკისროს, მაგრამ იკისრებენ კი ამას?
„ელჩებმა რა უნდა შესთავაზონ მხარეებს? სხვა ვერაფერი მოიფიქრა ოპოზიციამ? ამ ოპოზიციას არ აქვს მხარდაჭერა დასავლეთიდან, მთლიანობაში, დასავლეთმა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია აღიარა. დღეს გინდაც ბაიდენი მოვიდეს ამერიკაში და გინდაც ობამა დააბრუნონ, საერთო მიდგომა არ შეიცვლება. ესეც ხომ უნდა იცოდეს ოპოზიციამ, როცა 20 წელი ხელისუფლებაში იყვნენ. თანაც, ამ ელჩებმა ჩვენზე კარგად იციან საზოგადოების განწყობა, არ არის დღეს ჩვენს საზოგადოებაში რევოლუციური განწყობა, ამას ვიძახი უკვე ერთი წელია. გაცილებით მობილიზებული იყო ჩვენი საზოგადოება 2008-ში“, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.
„გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია არ მალავს, რომ მხოლოდ ამ ხალხის, ანუ დიპლომატების იმედი აქვს ამ ქვეყანაში და, თუ ვინმე არსებობს მისთვის სანდო ადამიანი, სწორედ ელჩები არიან.
„მე არ ვიცი, პოლიტიკური პროცესი ასე წარიმართება თუ არა, რომ გადაწყვეტილებას ელჩები იღებდნენ, მაგრამ მე ყურადღებით მოვისმენდი მათ რჩევებს და ვუსმენ კიდეც. დიდი ხანია, რაღაც პროცესში ვართ და ეს პროცესი წინ ვერ დაიძრა. ჩემი აზრით, რაღაც ახალია საჭირო. თუ ახალს შემოგვთავაზებენ ელჩები, როგორ შეიძლება ვიყო ამის წინააღმდეგი. პირიქით, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, ყოველთვის ყურადღებით მოუსმინონ დიპლომატებს. მადლიერნი უნდა ვიყოთ ამ ადამიანების, რომლებმაც ამდენი ხნის განმავლობაში არაერთხელ გამოგვიყვანეს კრიზისიდან, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ყველაფერს აკეთებს, რომ საკუთარ დაუსრულებელ ბრძოლას გადააყოლონ ქვეყნის მომავალი“, - განუცხადა იაგო ხვიჩიამ for.ge-ს.