47 უარი მანდატზე! რომელ პარტიებს ელოდება ხელისუფლება პარლამენტში და რატომ აქვს იმედი, რომ მოალაპარაკების მე-5 რაუნდამდე დეპუტატების ნაწილი აზრს შეიცვლის? ამ ეტაპზე 3 პარტიას მანდატებზე უარის თქმის მოთხოვნით ჯერჯერობით არც პარლამენტისთვის მიუმართავს და არც ცესკოსთვის უთხოვია პარტიული სიების გაუქმება. „მოქალაქეების“, „პატრიოტთა ალიანსის“ და „გირჩის“ გადაწყვეტილების შესახებ ჯერ ცნობილი არაფერია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვითარება ამ დრომდე უცვლელია და ჯერჯერობით ეს სამი პარტია საერთოდ არ გამოჩენილა. მხოლოდ გაყოფილი „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მივიდა, რომელმაც მანდატზე უარი უკვე განაცხადა.
For.ge-სთან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ ისინი ცეესკოს რამდენიმე დღეში მიმართავენ, მანდატებზე უარს იტყვიან და პარტიულ სიებსაც გააბათილებენ. სავარაუდოდ, პარტიაში კვლავ მოლაპარაკების მე-5 რაუნდს ელიან, თუმცა ამის შესახებ კონკრეტულად არაფერს ამბობენ.
ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებმა“, ხმაურიანი პროცესების ფონზე არაერთხელ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დასრულებამდე არ იჩქარებდა სიისა და მათი კუთვნილი 2 მანდატის გაუქმებას.
ორად გაყოფილ პარტია „გირჩში“ კი ასეთი მდგომარეობაა - ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ის პარტიის თავმჯდომარეს იაგო ხვიჩიას ელოდება, რომელმაც პარტიული სიის ჩახსნის შესახებ განცხადება უნდა დაწეროს. თუმცა საბოლოოდ მანდატზე უარი მან მაინც იდივიდულაურად გადაწყვიტა.
რაც შეეხება იაგო ხვიჩიას, ის for.ge-სთან ამბობს, რომ დაელოდება სანამ საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შანსი არსებობს, ხოლო თუკი ნახავს, რომ პარლამენტში 113 დეპუტატი არ გროვდება და საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ შედგება, მაშინ მანდატზე ის და მისი პარტიის წევრები უარს იტყვიან.
გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები და სავარაუდოდ, როდის გაიმართება მე-5 რაუნდი, ამის შესახებ ჯერჯერობით არავინ არაფერს ამბობს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციას მოფიქრებისთვის 10 დღე მისცა, სანამ საპარლამენტო რეგლამენტის მიხედვით მათ განაცხადებებს დააკმაყოფილებენ. სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეებში უნდა გაირკვას საბოლოოდ შედგება თუ არა კიდევ მოლაპარაკება და ვინ რას აპირებს.
კობახიძემ აქვე ახალი კანონპროექტის მიღება დააანონსა, რომელიც პარლამენტში ინიციატივის სახით შევიდა. კანონპროექტი გულისხმობს პარტიებისთვის, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსების შეწყეტას, ან ერთი წლით შეჩერებას.
„გუშინ პარლამენტში, ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული. აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან არასაპატიო წესით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.
აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.
საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებენ ოპოზიცური პარტიები და მათი ბულინგის ქვეშ მყოფი სხვა პარტიები, არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს, ამგვარ რეაგირებას ითვალისწინებს ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი სალომე სამადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ხელისუფლება თვენახევარია ცდილობს ოპოზიცია ერთმანეთს დააპირისპიროს და შექმნას აურა, თითქოს ვიღაცა პარლამენტში შესვლას რაიმე შეთანხმების გარეშე აპირებს. სამადაშვილი ამბობს, რომ თუკი ხელისუფლების ინტერესში მოლაპარაკებები შედის, ეს ამ დღეებში გაირკვევა. თუმცა კობახიძის ბრიფინგი და მუქარა დაფინანსების შეწყვეტის შესახებ იმის ნიშანია, რომ მათ ეს არ უნდათ.
„დღეს შეშინებული ხელისუფლების ბრიფინგი მოვისმინეთ. უკვე თვენახევარია ხელისუფლება ცდილობს ოპოზიცია ერთმანეთს დააპირისპიროს. არც ერთი დეპუტატი არ ამბობს იმას, რომ შეთანხმების გარეშე ვინმე შევა. ძალიან ცოტა დრო რჩება იმისთვის, რომ შეთანხმება საერთოდ რამეზე შედგეს.
„ოცნება“ მაინცდამაინც კრეატივობით არ გამოირჩევა, რადგან რამდენჯერმე ავუხსენით, რომ შანტაჟის ენა ჩვენთან არ გადის. არ არსებობს არც ერთი ოპოზიციური პარტიის წევრი, რომელიც პარლამენტში რამე შეთანხმების გარეშე შევიდეს. მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა განცხადება დაწერილი.
პარლამენტში შესასვლელი გზა კობახიძემ და „ოცნებამ“ მოჭრა. როდესაც კობახიძე ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაზე საუბრობს, კი ბატონო, ვეთანხმები, რომ ასეა, მაგრამ სტრატეგიაზე ყველა მაინც შეთანხმებულები ვართ და ვისი იმედი აქვს, არ ვიცი. რამდენჯერაც დაგვემუქრებიან, იმდენჯერ ჩვენგანაც ხისტ პასუხებს მიიღებენ. თუ კობახიძეს შეთანხმება არ უნდა, მიიღებენ ერთპარტიულ პარლამენტს და მათი პოლიტიკური მიღვაწეობა კრახით დასრულდება. ხელისუფლებას ოპიზიციის დანაწევრება უნდა, რაც არ გამოუვა“, - აცხადებს სამადაშვილი for.ge-სთან.
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია კი for.ge-სთან აცხადებს, რომ დიალოგი ჩიხში შევიდა. მისი თქმით, კობახიძემ რაც ბრიფინგზე გააჟღერა, არ არის უაზრო, თუმცა ამ ეტაპისთვის ყველანაირ კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. მიუხედავად იმისა, რომ ის კობახიძეს პარტიების დაფინანსების საკითხში ეთანხმება, მაინც ფიქრობს, რომ მოალაპარაკების წინ, როცა სიტუაცია დაძაბულია, მსგავსი ინიციატივები მუქარად და შანტაჟად აღიქმება. რაც შეეხება პარტიის გადაწყვეტილებას, როდის დაწერენ მანდატებზე უარის მოთხოვნის განცხადებას, ხვიჩია ამბობს, რომ ის კვლავ დაელოდება ყველა დეპუტატის უარს, რათა დარწმუნდეს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში აღარ იქნება.
„ჩემზე ბევრი რამე დაუბრალებიათ და აქაც შეიძლება ვინმემ დამაბრალოს, რომ კომფორტული ოპოზიცია ვარ. ჩემი პარტიის პირობები მე მგონი გასაგებია. არც ერთ კოლეგას პირად საუბარში არ უთქვამს, რომ ფიქრობენ სადმე გადავხტები ან შევხტები. ჩვენ არც ერთხელ პოლიტიკური სიტყვა არ გაგვიტეხია. არსად გადახტომა გადმოხტომას არ ვაპირებ. ზურაბ ჯაფარიძემ კარგად იცის, რასაც ვაკეთებ. თუ ჯაფარას უნდა მაგარ ოპიზიციურ პოლიტიკოსად გაეძროს, რაც უნდა ის გააკეთოს. „გირჩს“ აქვს ჩამოყალიბებული მაგარი გეგმა და ვერც ერთი ოპიზიციური ლიდერი და წევრი ვერ მაკრიტიკებს. თითქოს რამე დავაშავე და ყოველდღე უნდა ვთქვა, რას ვაპირებ. ჩვენ ვთქვით სიას როდის ჩავხსნით. როცა 113 დეპუტატი არ იქნება პარლამენტში და ჩაიხსნება ყველა დეპუტატი, ჩვენც ჩავხსნით. ნუ გამამეორებინებთ ერთი და იგივეს, თითქოს „გირჩი“ სადღაც შეხტომას აპირებს“, - აცხადებს ხვიჩია for.ge-სთან.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი გოჩა თევდორაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ხელისუფლებას დღეს თავისებური დემოკრატიის დამტკიცება უნდა. თევოდრაძის თქმით, ცოტა ხანში პარლამენტში წითელ ღილაკზე დაჭერის გამოც კი გადამტრიალებლებად და საბოტაჟნიკებად მოიხსენიებენ. ამიტომ ამ ყველაფერს ოპოზიცია როგორღაც უნდა შეეწინააღმდეგოს.
„როდასაც კობახიძეს ასეთი აზრები მოსდის და რაღაცა საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც ყველა სამართლებრივ ჩარჩოს სცდება, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი არჩევნებს გააყალბებდა. ასეთ კაცს რომ არჩევნების ჩატარებას მიანდობ, პრეტენზია რაღაზე შეიძლება იყოს. ეს შანტაჟი ხელისუფლებას ვერაფერს მისცემს. ათი დღე დარჩა და არაფერი აღარ იქნება. ევროკავშირის ელჩმა ზუსტად ამაზე მიუთითა, რომ დრო ბევრი აღარ არის დარჩენილი. ეს პარლამენტი ლეგიტიმური ვერ იქნება. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველგან ნაბიჯებს დამოუკიდებლად დგამდა. ამიტომაც „პატრიოტთა ალიანსის“ განაცხადი მანდატებზე უარის თქმის შესახებ, ამ დღეებში იქნება და ცესკოს მივმართავთ“,-განაცხადა თევდორაძემ for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ახლა ხელისუფლებასთან ოპოზიცია ვაჭრობის რეჟიმში იმყოფება. ამ დღეებში ცდილობენ, რომ ცოტა მეტი გამოივაჭრონ და მათი მცდელობები, რა თქმა უნდა, კულუარულადაც, შესაძლოა, მიდიოდეს. ანჯაფარიძე ამბობს, რომ სამწუხაროდ, რაც უფრო დრო გადის, მოლაპარაკების რესურსი სულ უფრო ცოტა რჩება, ამიტომაც მე-5 რაუნდი საერთოდ შედგება თუ არა, ამ რამდენიმე დღეში უნდა გამოჩნდეს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ კობახიძის განცხადება არაა შანტაჟი და მუქარა, ის მხოლოდ ცდილობს ოპოზიციას დაანახოს მათ ქმედებებს რა შედეგი მოჰყვება.
„რთულია წინასწარ იმაზე საუბარი, მოვლენები როგორ განვითარდება. როგორც ჩანს, ეს პატარა პარტიები ორჭოფობენ, რადგანაც არც უნდათ, რომ ხელისუფლებასთან კავშირი მიიწებონ, თან პარლამენტში შესვლაც უნდათ. საკუთარი თავის ე.წ. ოპოზიციურ ერთობასთანაც გაიგივებაც არ უნდათ. ამიტომ ცდილობენ, რომ ხელისუფლებასთან ღია თუ კულუარულ მოლაპარაკებებზე მათთვის მაქსიმალურად სასარგებლო პირობები გამოივაჭრონ.
იმიტომაც არის თუნდაც „გირჩის“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლები ყოველ მეორე დღეს ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომელიც გუშინდელ და გუშიწინდელ განცხადებებს ეწინააღმდეგება. მიდის ახლა ეს პროცესი და ვნახოთ. მე უფრო იქით ვიხრები, რომ თუკი ამ პარტიების მოთხოვნები დაკმაყოფილდა, რაც საარჩევნო სისტემასთან და რეფორმასთან დაკავშირებით უნდათ, დიდი ალბათობით, პარლამენტში შევლენ. ჩვენთან პოლიტიკა ყოველთვის ვაჭრობა იყო და არის. პოლიტიკა საქართველოში მუდმივად ვაჭრობის ასპარეზია და სამწუხაროდ, ეს ისევ ასე რჩება“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, რეალურად ამ 10 დღეში უნდა გახდეს ცნობილი ხელისუფლება და ოპოზიცია საერთოდ რამეზე თანხმდება თუ არა. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, განცხადების დაკმაყოფილება მანდატებზე უარის თქმის შესახებ, ამ დროის განმავლობაში უნდა მოხდეს. თუმცა ამ მოლაპარაკების რესურსი ანჯაფარიძის აზრით, ოპოზიციის საკმაოდ გაუწონასწორებელი საუბრის გამო კიდევ უფრო მცირდება.
„არ მგონია, რომ ევროპელებმა, ნაციოანლებმა და „ლელომ“ განცახდებები უკან გამოიტანოს. დანარჩენები ვნახოთ, ალბათ, დრო გამოაჩენს. გააჩნია შიდა კულუარულ მოლაპარაკებებში რას მიაღწევენ. თუ ოპოზიციას მიზეზი უნდა, რომ მოლაპარაკება ჩაშალოს, ეს არ ვიცი. კობახიძისგან რა რევერანსებს ელოდებიან, ვერც მაგას გეტყვით. კობახიძე ახლა თითოეულ ოპოზიციის წევრს ტონს ხომ ვერ შეურჩევს, ხოლო თავად რა ტონალობით საუბრობენ, იმას ყურადღებას რატომ არ აქცევენ? მათ ყველაფრის თქმა შეუძლიათ და ხელისუფლებას არა? სამწუხაროდ, ამ ტონით მოლაპარაკების რესურსი ძალიან მცირე რჩება“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.