ოპოზიციას ასეთი გეგმა აქვს, რომელსაც არ მალავენ, მე ვიტყოდი ილუზორული და უტოპიური გეგმა, რომ გაზაფხულზე პროტესტს ააგორებენ, მორიგ უშედეგო რევოლუციურ ტალღას შექმნიან და ჰგონიათ, რომ როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციაში ჩინოსნების ცვლილება მოხდება, ისინი „ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე ზეწოლას მოახდენენ, რომ ხელახალი არჩევნები ჩაატაროს და ამერიკის ელჩი გაიწვიოს, ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციის განცხადებას იმის შესახებ, რომ 0.1%-იანი შანსიც არ არის, რომ ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდეს.
ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გააკეთა, თქვა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს, თუმცა დასძენს, რომ „ამ პროცესის პარალელურად დაიწყება სამოქალაქო პროტესტის მზადება ახალი არჩევნების გარშემო".
როგორც აბაშიძე ამბობს, ოპოზიციას რევოლუციისა და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერის იმედი აქვს, რაც განუხორციელებელი სცენარია.
„მათ (ოპოზიციას) ასეთი გეგმა აქვთ, რომელსაც არ მალავენ, მე ვიტყოდი ილუზორული და უტოპიური გეგმა, რომ გაზაფხულზე პროტესტს ააგორებენ, მორიგ უშედეგო რევოლუციურ ტალღას შექმნიან და ამასთან მათ ჰგონიათ, რომ როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციაში ჩინოსნების ცვლილება მოხდება, ისინი „ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე ზეწოლას მოახდენენ, რომ ხელახალი არჩევნები ჩაატაროს და ამერიკის ელჩი გაიწვიოს.
„ეს ტრაგიკომიკური სცენარია და ოპოზიციის სრულ პოლიტიკურ გაკოტრებაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს, იმის გამო, ამერიკისა და გერმანიის ელჩები მათ პოზიციას არ იზიარებენ, ისინი თავს ესხმიან, ელჩები ამბობენ რეალობას და არა ნაცოპოზიციურ სცენარს, აქედან გამომდინარე, ეს მათი მორიგი კრახი და ტელეეთერებში და მედიასაშუალებებში მორიგი ისტერია იქნება და ამით დაასრულებენ.
„ალბათ რევოლუციის მცდელობის მომდვნო რაუნდი შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნების დროსაც ექნებათ, მაგრამ იქაც კრახს განიცდიან იმიტომ, რომ საქართველოს ახალი სრულიად სხვა პოლიტიკური ოპოზიციური ძალა სჭირდება და არა ეს ნაცოპოზიცია.
„მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ჩემი ვარაუდით შეიძლება საერთოდ არც ჩატარდეს, შეიძლება ვთქვათ მოხდეს ისე, რომ პარლამენტში დიდი ალბათობით ელისაშვილი და პარტია „მოქალაქეები" და იაგო ხვიჩია, ძველი „გირჩი" ვიხილოთ. ჯაფარიძემ უკვე თქვა, რომ ახალ პარტიას აფუძნებს, ეს სოკოებივით ძველი სახეებით მრავლდებადი პარტიები არ მთავრდება, მაგრამ ახლები და კონსტრუქციულები ჯერჯერობით არ ჩანან.
„აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დასანანი და სამწუხაროა, რომ ამ თამაშს ბატონი უსუფაშვილი აჰყვა, რომელიც როგორც კონსტრუქციული ოპოზიციონერი პარლამენტში აუცილებლად უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ იგი ხაზარაძისა და ბოკერიების თამაშს აჰყვა, თუმცა მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და პოლიტიკურ ველზე სხვა პოლიტიკური კონსტრუქციული პარტიების გამოჩენას ველოდები, იქნება და მოასწრონ და მომავალ ადგილობრივ არჩევნებში საკრებულოებში შევიდნენ," - განაცხადა აბაშიძემ.