„ვნახოთ, „ოცნება“ თუ შეძლებს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას და სამზეოზე იმ საქმეების გამოტანას, რაც იმტვერება თაროებზე“

„ვნახოთ, „ოცნება“ თუ შეძლებს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას და სამზეოზე იმ საქმეების გამოტანას, რაც იმტვერება თაროებზე“

„ნაცმოძრაობა“ შეიძლება გაუქმდეს და პოლიტიკური ველიდან გაქრეს. დიდი ხანია, პოლიტპატიმრები პოლიტიკიდან „ნაცმოძრაობის“ ჩამოშორებას ითხოვენ, მაგრამ ახლა რამდენად დროულია ირაკლი კობახიძის გახშირებული განცხადებები მთავარი ოპოზიციური პარტიის გაქრობის შესახებ?

„სააკაშვილი კი არის კმაყოფილი, მაგრამ პროცესის დასასრული არ დააკმაყოფილებს - მისი პირმშო „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ პოლიტიკიდან და საპარლამენტო სივრციდან გაქრება“, - ასეთია ირაკლი კობახიძის გზავნილი ნაცებს მიმართ.

თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ეს მესიჯი წინააღმდეგობაში მოდის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან წლების წინ გაკეთებულ განცხადებასთან, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი არ არის „ნაცმოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ძალის გაქრობა პოლიტიკური ველიდან და ჩვენ ის უნდა შევინარჩუნოთ. უფრო მეტიც, 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან საუბრისას აცხადებდა, რომ საქართველოში ნიურნბერგის პროცესი არ უნდა შედგეს.

ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აინტერესებს, ირაკლი კობახიძეს ახლა რომ ახსენდება „ნაცმოძრაობის“ გაუქმება, რვა წლის წინ სად იყო? რვა წლის წინ „ნაცმოძრაობის“ ლეგიტიმაცია ისედაც განულებული იყო და თავისუფლად შეიძლებოდა მიეღოთ პოლიტიკური აქტი, რომლის მეშვეობითაც მოხდებოდა პოლიტიკური რეჟიმის შეფასება, როგორც ეს ელცინმა გააკეთა. კერძოდ, ელცინმა 1991 წლის 22 აგვისტოს გააკეთა გენიალური სვლა, მან მისცა შეფასება, რომ ეს იყო გადატრიალება, „გეკაჩეპე“ იყო უკანონო ქმედება და ამის საფუძველზე აკრძალა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მოქმედება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ანუ ელცინმა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია აკრძალა სერიოზული არგუმენტით.

„მიეღოთ ამ დალოცვილებსაც პოლიტიკური შეფასების აქტი, მასობრივი გამოძიება რომ ჩაატარა პროკურატურამ, 5 ათასი ადამიანი რომ დაკითხა და მასობრივი დანაშაულის გამოვლენაზე რომ მიდიოდნენ, სად არის ეს გამოძიება? ის გამოძიება საკმარისი იქნებოდა, სამართლებრივად მომხდარიყო „ნაცმოძრაობის“ დასამარება და ხმას ვერავინ ვერ ამოიღებდა. ახლა გაახსენდა ირაკლი კობახიძეს, რომ „ნაცმოძრაობა“ ტოტალიტარული დამნაშავეა და მიშა საქართველოს მოქალაქე არ არის? ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. მიშასაც ჰყავდა არაპროფესიონალები და დღესაც არაპროფესიონალები არიან, ჭიაბერაშვილი რომ ჰყავდათ ჯანდაცვის მინისტრად ნაციონალებს და შს მინისტრად გონებაჩლუნგი მერაბიშვილი, ეს არის არაპროფესიონალიზმის გამოვლინება. დღესაც არაპროფესიონალები იღებენ გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ ჩვენთან საუბრისას.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით, კონსტიტუციით შეუძლებელია, „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკური ველიდან გავიდეს. თუმცა იმის გამო, რომ დღეს მარტო მეოცნებენი არიან პარლამენტში, მათ შეუძლიათ, ნებისმიერი კანონი მიიღონ, შეუძლიათ აკრძალონ დილით მზის ამოსვლა, ან მზის ჩასვლა, მაგრამ არსებობს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო საზოგადოება. ასეთი რამ პუტინს შეუძლია, მაგრამ პუტინიც კი ვერ ბედავს და იძულებულია, ანგარიში გაუწიოს გარე სამყაროს.

„ჩვენ ვინ ვართ, კობახიძე რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს ისეთს, აბსოლუტურად დამოუკიდებელს, რომ არაფრად ჩააგდოს ცივილიზებული სამყაროს აზრი? ცივილიზებული სამყაროსთვის „ნაცმოძრაობა“, თვითონ პარტია, ეს არის პოლიტიკური ძალა. თუ პარტიის რომელიმე წევრმა რამე დააშავა, დააპატიმრონ, ან კიდევ სასამართლო მოუწყონ და სასამართლომ აკრძალოს „ნაცმოძრაობა“, როგორც ნიურნბერგის პროცესზე აიკრძალა ჰიტლერის პარტია - „სოციალ-ნაციონალისტები“, მაგრამ ის ნიურნბერგის პროცესი იყო, მთელი მსოფლიო ასამართლებდა ნაცისტებს, ჩვენთან კი თვით „ოცნების“ მოსამართლეებიც ვერ აიღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ პარტია აკრძალონ. კი ბატონო, აუკრძალეს პარტია ერდოღანს, მაგრამ შექმნა ახალი პარტია, სხვა სახელით და დღეს ხელისუფლებაშია ისევ“, - აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ, თუკი ჩვენ ფაქტებით ვილაპარაკებთ, „ნაციონალურ მოძრაობას“, მოგვწონს თუ არა, ხმა 500 ათასმა ადამიანმა მისცა. შესაბამისად, პოლიტიკური არენიდან ნაცების გაქრობაზე საუბარი გადაჭარბებულია.

„რაღაც საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს მათ გაქრობას?! როდესაც სიტყვას არ მოჰყვება საქმე, ეს ყოველთვის ტოვებს უკმაყოფილების და უკმარისობის განცდას, მათ შორის, უპირველესად თავად „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის თვალში. როდესაც ისმის, ჩვენ ახლა დავასრულებთ „ნაცმოძრაობას“, ბუნებრივია, „ოცნების“ მომხრეები ელოდებიან შედეგს და, როდესაც შედეგი არ დგება, როდესაც კეთდება ასეთი წინააღმდეგობრივი, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, როდესაც პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე ერთ განცხადებას აკეთებს, ხოლო პარტიის მეორე ლიდერი ირაკლი კობახიძე მეორე განცხადებას, ეს არის სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც განიხიბლა „ოცნების“ ამომრჩეველი ამ პარტიისგან. მათ ვერ ნახეს სამართლიანობის აღდგენა, რის გამოც მისცეს ხმა „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს და რვა წელიწადი ელოდებოდნენ და, მე მგონი, ჯერ კიდევ ელოდებიან, როდის აღსრულდება ეს დაპირება. არ ვიცი, ვნახოთ, უკვე მიჭირს პროგნოზის გაკეთება იმის თაობაზე, ამჯერად აღმოჩნდება თუ არა „ქართული ოცნება“ მზად იმისთვის, რომ დაიწყოს „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, სამზეოზე გამოიტანოს ის დოკუმენტები, საქმეები, რაც დღეს იმტვერება თაროებზე“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან საუბრისას და მიიჩნევს, რომ განცხადებების გაკეთება, როცა მათ საქმე არ მოსდევს, დამაზიანებელია.