ბრიუსელში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახაროვის სახელობის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას გადასცეს. ამის შესახებ Deutsche Welle იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ჯილდო ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, დავიდ სასოლიმ გადასცა. ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ ვერონიკა ცეპკალო, ცენტრ „ვესნას“ თავმჯდომარე ალეს ბელეცკი და Telegram-არხის NEXTA დამფუძნებელი სტეპან პუტილო.
ტიხანოვსკაიამ ჯილდოს მიღებას „დიდი პატივი“ და „ბელარუსისთვის ახალი სტარტი“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ ჯილდო ყველა ბელარუსს ეკუთვნის, რომელიც წელს ცვლილებებისკენ სწრაფვამ გააერთიანა. „თავისუფლება შიშზე გამარჯვებაა“, - განაცხადა მან.
წელს სახაროვის სახელობის ჯილდოს ბელარუსის ოპოზიციისადმი გადაცემის შესახებ სასოლიმ ჯერ კიდევ ოქტომბერში განაცხადა. პრემია ევროპარლამენტმა 1988 წელს დააწესა და იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს გადაეცემა, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს იცავენ.
2019 წელს ჯილდო უიღურმა უფლებადამცველმა მიიღო.