სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თავს ნომერ პირველ პასუხისმგებელ პირად მიიჩნევს, თუმცა არ ფიქრობს, რომ ნომერ პირველი დამნაშავეა.
„საკითხავია, ვინ წყვეტს იმას, თუ ვინ იქნება სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ეს ხალხმა საკუთარი არჩევანით უნდა გადაწყვიტოს. ვადამდელი არჩევნები მხოლოდ ჩემი ნებით და გადაწყვეტილებით ვერ გაიმართება, ამაზე თანხმობაა საჭირო“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.
11 ნოემბერს სომხეთის 17-მა ოპოზიციურმა პარტიამ „ეროვნული გადარჩენის კომიტეტის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა და პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა და დროებითი მთავრობის შექმნა მოითხოვა.