სომხეთის ოპოზიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, 22 დეკემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადონ. ამის შესახებ ოპოზიციური პარტია „დაშნაკცუთიუნის“ წარმომადგენელმა, იშხან საგათელიანმა განაცხადა.
„22 დეკემბერს, 12:00 საათზე გაფიცვას ვაცხადებთ და ყველანი რესპუბლიკის მოედანზე ვიკრიბებით. მოედანი სრულად პარალიზებული უნდა იყოს. მომდევნო სამშაბათი გადამწყვეტი დღე იქნება ჩვენი ბრძოლისთვის“, - განაცხადა იშხან საგათელიანმა.
10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.
11 ნოემბერს სომხეთის 17-მა ოპოზიციურმა პარტიამ „ეროვნული გადარჩენის კომიტეტის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა და პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა და დროებითი მთავრობის შექმნა მოითხოვა.