„არ არის გამორიცხული, პარტიას პოლიტსაბჭომ უხელმძღვანელოს და მის ფაქტობრივ ლიდერად სააკაშვილი დარჩეს“

„არ არის გამორიცხული, პარტიას პოლიტსაბჭომ უხელმძღვანელოს და მის ფაქტობრივ ლიდერად სააკაშვილი დარჩეს“

მას შემდეგ, რაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გრიგოლ ვაშაძე წავიდა, აქტიურად განიხილება საკითხი, ვინ შეცვლის მას? პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში სხვადასხვა ვერსიაზე მსჯელობენ, მათ შორის „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კანდიდატურაზეც, თუმცა, თავად ყოფილი ჩინოვნიკი აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ მედიიდან პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე მიდის თუ არა ნიკა გვარამიას კანდიდატურის განხილვა, ინფორმაცია For.ge-მ პარტიაში გადაამოწმა, ხოლო პარტიის პრესსამსახურში გვითხრეს:

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არ მიმდინარეობს ამ საკითხზე მსჯელობა. ამ ეტაპზე პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურაზე არათუ კონკრეტული პირების დასახელება, საერთოდ მსჯელობა არ დაწყებულა“.

ნიკა გვარამიამ „პრაიმტაიმთან“ საუბრის დროს განაცხადა, რომ მას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის შესახებ შეთავაზება არ მიუღია და თანაც, მედიიდან წასვლას არ აპირებს.

„არსად წასვლას არ ვაპირებ. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ პარტიაზე უფრო დიდ საქმეს ვაკეთებ, ვიდრე თუნდაც, ისეთ დიდ პარტიაში წასვლაა, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“. მიმაჩნია, ნესბიმიერ პარტიაზე უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარ.

გულწრფელად რომ გითხრათ, შეთავაზება ამის შესახებ არ მიმიღია, თუმცა გამორიცხულია „მთავარიდან“ წავიდე. სოციალურ ქსელში ვხვდები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების სურვილს, გავხდე ამ პარტიის თავმჯდომარე, შეუძლებელია, როგორი ახლობელიც არ უნდა იყოს ჩემთვის ესა თუ ის პარტია, გავლენიანიც და დიდიც, უარი ვთქვა იმ საქმიანობაზე, რომელსაც ახლა ვაკეთებ“, – თქვა ნიკა გვარამიამ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე For.ge-სთან საუბრისას ნიკა გვარამიას ურჩევს, რომ უმჯობესია დარჩეს ტელეკომპანიის ხელმძღვანელად, ვიდრე კვლავ პოლიტიკაში დაბრუნდეს. მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია განიხილებოდეს.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის რანგში ნიკა გვარამია თავის მოვალეობას ალბათ უკეთესად ასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ მას გააჩნია პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილება. იგი გახლდათ პარლამენტის წევრი, განათლების მინისტრი, გენპროკურორის მოადგილეც, მაგრამ ალბათ, უმჯობესი იქნება, რომ ვინმე მოქმედმა პოლიტიკოსმა დაიკავოს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის თანამდებობა.

ყველაზე ნათელ ფიგურებად, ალბათ, ნიკა მელია განიხილება. იგი აღმოჩნდა, როგორც პრინციპული ლიდერი, ასევე მებრძოლი და კარგი ორატორი. მიჭირს, ვილაპარაკო „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, მაგრამ შესაძლებელია სწორედ მისი კანდიდატურის განხილვა დადგეს დღის წერსიგში. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ სხვა კანდიდატურის საკითხიც განიხილებოდეს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე, მელია ყველაზე თვალსაჩინო ფიგურაა“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

კიდევ ერთი ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ნიკა გვარამია პარტიის იმიჯს შელახავს და მისი დანიშვნა ამ თანამდებობაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ ზიანს მოუტანს. იგი მიიჩნევს, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა, შესაძლოა, რომელიმე მოქმედმა პოლიტიკოსმა დაიკავოს, ან არაფორმალურ მმართველად ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოგვევლინოს.

„არ განვიხილავ ამ ვარიანტს, როგორც მაღალი ალბათობის შესაძლებლობას, რომ ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად აირჩიონ. ასე რომ, ვფიქრობ, ეს საფუძველს მოკლებული ვერსიაა. თუ მაინც ასე მოხდა და ის იქნება დასახელებული, პარტია ამით საკუთარ თავს ძალიან სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

ამ თანამდებობაზე შესაძლოა იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც საზოგადოების თვალში ნაკლებად დამძიმებული ბიოგრაფია აქვს და არ არის ცნობილი მისი მძიმე წარსულით, ამასთან ხალხში არ იწვევს გაღიზიანებას. ასეთებად შეიძლება განვიხილოთ ის ლიდერები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში წინა პლანზე წამოვიდნენ და რომლებიც ადრე პარტიის მეორე ან მესამე ეშელონს წარმოადგენენ.

ესენი შეიძლება იყვნენ ნიკა მელია ან ხატია დეკანოიძე, რომლებიც უფრო ხშირად ჩანან, როგორც პარტიის სპიკერები. ისინი მეტ-ნაკლებად ინტელექტუალურად გამართულად წარმოადგენენ პარტიის პოზიციებს და ხედვებს, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა მათ.

პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კონკურენცია სავარაუდოდ, ახალი თაობის ლიდერებს შორის წავა. არ არის გამორიცხული, რომ ვიხილოთ ისეთი მდგომარეობა, რომ პარტიამ არ აირჩიოს თავმჯდომარე და პოლიტსაბჭომ უხელმძღვანელოს. შესაბამისად, მის ფაქტობრივ ლიდერად სააკაშვილი დარჩეს.

გვახსოვს, პარტიის ცხოვრებაში იყო ასეთი პერიოდიც, როდესაც მას არ ჰყავდა გამოკვეთილი თავმჯდომარე და სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე უკვე მერე აირჩიეს, როდესაც საპარლამენტო არჩევნები მოახლოვდა“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

ცნობისათვის, გრიგოლ ვაშაძემ 15 დეკემბერს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ის „ნაციონალური მოძრაობიდან“ და პარტიაში დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ წერდა.

 

 

ძია მიხო სიტუაცია რომ დაწყნარდება, საჭიროა ჩატარდეს გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ღია ეთერში განცხადებული ფაქტების თაობაზე: პრეზიდენტის მიერ შეკვეთილი მკვლელობები, ზურაბ ჟვანიას ვითომ გაზით მოწამლვის იმიტაცია, ალასანიას რეკეტის ფაქტზე დაჭერა და სხვა. სააკაშვილის ცალყბა განცხადება, "რას ამბობთ, მაგას როგორ ვიკადრებდიო", არადამაჯერებელია, ისევე როგორც ოქრუაშვილის მიერ თავისივე ჩვენების უარყოფა: "ეს ყველაფერი მე თვითონ მოვიგონე პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლადო". განა იმის განცხადებას, რომ კრიმინალურ მთავრობაში მინისტრის და გენპროკურორის თანამდებობა ეკავა, ვინმესთვის პოლიტიკური დივიდენდების მოტანა შეუძლია? სააკაშვილი, კეზერაშვილი, ოქრუაშვილი და ძმანი მათნი ვალდებული უნდა გახდნენ პასუხი გასცენ მართლმსაჯულებას, კრიმინალური პარტია კი კანონგარეშე გამოცხადდეს და დაიშალოს.
3 წლის უკან