შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროდასავლური ძალის სტატუსი დაკარგოს და ელჩებზე თავდასხმის გამო მათი რეპუტაცია საერთაშორისო ასპარეზზე შეილახოს, - მით უმეტეს გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან სკანდალური წასვლის შემდეგ. ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ვაშაძეზე საკამოდ საყურადღებო განცხადება გააკეთა. ის ამბობს, რომ ვაშაძე გამოცდილი პოლიტიკოსია და მისით ქვეყანამ უნდა იამაყოს. ამ კომენტარიდან ჩანს, რომ, დიდი ალბათობით, დასავლეთისთვის ვაშაძის პარტიიდან წასვლა საკმაოდ არასასურველი ფაქტია. დასავლეთს ამით კიდევ უფრო უმყარდება ეჭვი, რომ პარტიის მხრიდან რადიკალური ნაბიჯები გაძლიერდება. ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ნაციონალები ელჩების კრიტიკის და ანტიდასავლური განცხადებების გამო „ევროპის სახალხო პარტიიდანაც“ გარიცხონ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გრიგოლ ვაშაძის ადგილი კი ნიკა გვარამიამ დაიკავოს, რაც დასავლეთისთვის კიდევ ერთი უკმაყოფილების საბაბი გახდება. გვრამიას ბოლოდროინდელი კრიტიკა ამერიკის და ევროკავშირის მიმართ, არცთუ სასიამოვნო კონტექსტში მოხდა.
გრიგოლ ვაშაძის მხრიდან პარტიის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ელჩების კრიტიკა აღმოჩნდა.
„შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგით, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს და, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე დგას. ბოდიშს ვუხდი ჩვენს მეგობრებს! პრობლემების ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, რადგან კერძო საუბრებში მათზე თავად პარტიის წევრები საუბრობენ“, - წერს გრიგოლ ვაშაძე.
„ფაქტი ის არის, რომ ამერიკაზე უკეთესი მეგობარი საქართველოს არ ჰყავს“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
როგორც დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესშია, რომ საქართველოს დაეხმაროს. მისივე თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იპოვონ ძალა იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს.
„თუ საქართველოში ყველა პარტიის მხრიდან პოლიტიკური ნება იქნება, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ქვეყანას დახმარება გაუწიოს. საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენს ინტერესებშია, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, შედგეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ. პარტიებს შორის დიდი განსხვავებებია, მაგრამ ყველამ უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა, რომ შეთანხმება იქნას მიღწეული. ვიცი, რომ ჩვენს შესახებ გარკვეული მოსაზრებები გამოითქვა. ყველას აქვს მოსაზრების უფლება, მაგრამ არსებობს ფაქტებიც. ფაქტი კი ის არის, რომ ამერიკაზე უკეთესი მეგობარი საქართველოს არ ჰყავს“, - განაცხადა დეგნანმა.
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ელჩებზე თავდასხმებს არ შეუშფოთებია, თუმცა წუხს იმაზე, რომ ეს მოლაპარაკებებზე გავლენას იქონიებს.
„რაც შეეხება ელჩებზე თავდასხმას, მე არ ვარ ამაზე შეშფოთებული, მე უფრო შეშფოთებული ვარ თუ როგორ აისახება ეს მოლაპარაკებების პროცესზე, სადაც ერთიანობის მიღწევას ვცდილობთ“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ის განცხადებები რაც ელჩების მიმართ ნაციონალების და მათი მხადამჭერების მხრიდან კეთდება, შესაძლოა დასავლეთისთვის საგანგაშო ნიშანი იყოს, რომ ისინი რელურად პროდასავლური ძალა არ არის და რუსეთის დაკვეთას ასრულებენ. საყვარელიძე ამბობს, რომ განსაკუთრებით გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლის და ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ გაკეთებული შეფასების შემდეგ გამოჩნდა, რომ ამერიკისთვის „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ხდება, მიუღებელია და ამ დაპირისპირებაში მათი მხადაჭერა ვაშაძეს ჰქონდა. ამიტომ, თუკი გავრცელებული ხმები ნიკა გვარამიას თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ გამართლდა, ნაციოანლების მიმართ დასავლეთი კიდევ უფრო სკეპტიკურად განეწყობა და ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ პარტია კიდევ უფრო რადიკალიზმის გზას დაადგა. ამიტომაც ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ საერთოდ „ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპის სახალხო პარტიიდან“ გარიცხონ.
„ნაციონალების მიერ გაკეთებული განცხადებები პირველ რიგში ქვეყანას აზიანებს და ფაქტობრივად, ბეწვის ხიდზე გავდივართ. რა თქმა უნდა, დასავლეთმა ოპოზიციის ზოგიერთი წევრის უპასუხისმგებლო განცხადებების შემდეგ, პარტიას ეჭვის თვალით ყურება დაუწყო. ამიტომაც არა არის გამორიცხული, რომ ნაციონალებმა როგორც პროდასავლურმა ძალამ ავტორიტეტი დაკარგოს. მის მიმართ ნდობა გაუქრეთ და საერთოდ კითხვა გაუჩნდეთ რუსეთის დაკვეთას ხომ არ ასრულებენ.
ელჩები ძალიან კარგად ხედავენ და სხვადასხვა წყაროებიდან იღებენ ინფორმციას, რომ ნაციონალების რეალური ჩანაფიქრი რევოლუცია და ქვეყნის გადატრიალებაა. მიხეილ სააკაშვილი პირდაპირი განცხადებებით გამოდის, ამიტომაც ისინი ამას მხარს არ დაუჭერენ. ყველა ელჩი დირექტივას საკუთარი ქვეყნის მეთაურებისგან იღებს. ამ ყველაფერს კი გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლაც ემთხვევა. ნახეთ, ალბათ, კელი დეგნანმა ის როგორ დაახასიათა და თქვა, რომ საკმაოდ წარმატებული პოლიტიკოსია. ეს კიდევ ერთხელ იმის მანიშნებელია, რომ ამ დაპირისპირებაში ამერიკა ვაშაძის მხარეს იყო. პლუს ამას, თუკი ნიკა გვარამიას ირგვლივ გავრცელებული ხმები გამართლდა და მან ვაშაძის ადგილი დაიკავა, არ არის გამორიცხული, რომ პარტია საერთოდ „ევროპის სახალხო პარტიიდანაც“ კი გარიცხონ“,-ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ნაციონალების ზოგიერთი წევრის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა დასავლეთში დიდი გაუგებრობა და გაურკვევლობა გამოიწვია. ძაბირაძე ამბობს, რომ სრულიად გაუგებარი და პოლიტიკური სიბეცეა, როდესაც ელჩებს თავს ესხმი და ამით რის მოგებას აპირებ, გათვლილიც არ გაქვს. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ჯერჯერობით დასავლეთი მათთან თანამშრომლობას გააგრძელებს, მაგრამ ის მოსაზრება, რომ საქართველოში ისინი ყველაზე პროდასავლური ძალები არიან, ცოტა შეირყა. მისი აზრით, არ არსებობს რომელიმე ელჩმა ოპოზიციას მხარი იმაში დაუჭიროს, რომ ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბოს და პროცესები რადიკალური მიმართულებით განვითარდეს.
ამიტომაც ნებისმიერი მათი ქმედება და განცხადება მხოლოდ იმისკენ იქნება მიმართული, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს. ძაბირაძე ფიქრობს, რომ, ალბათ, დიდი გავლენა იმასაც ექნება, ვინ დაიკავებს გრიგოლ ვაშაძის ადგილს, რადგან ის დიპლომატი იყო და ელჩებთან კომუნიკაცია კარგად გამოსდიოდა. თუკი მის ადგილს ნიკა გვარამია დაიკავებს, ეს უკვე მძიმე განაცხადი იქნება და დასავლეთს კიდევ მეტი კითხვის ნიშნები გაუჩნდება.
„ელჩების თვალში ახლა ოპოზიციამ რასაც მიაღწია - რომ ისინი პარლამენტში 9 პარტიით არიან წარმოდგენილები, - მაქსიმუმია. დასავლეთისთვის ახლა საქართველო რეგიონში ერთ-ერთი დასაყრდენი ქვეყანაა, სადაც არეულობა, დაძაბულობა, დაპირისპირება და პოლიტიკური კრიზისი არავის აწყობს. მეორეც, არჩევნების გაყალბება იმ დოზით არ მომხდარა, რომ ამაზე მათ თვალი ვერ დახუჭონ. ამიტომაც არის, რომ ოპოზიციას მოუწოდებენ პარლამენტში შევიდნენ. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ ელჩებზე თავდასხმა და კრიტიკა ვინმეს რამეში წაადგება, მაგრამ მათი ამ ქცევით, რა თქმა უნდა, კითხვები ჩნდება.
ნაციონალების, როგორც პოლიტიკური ძალს გადასარჩენად დასავლეთმა ბევრი იბრძოლა და გააკეთა. ამიტომაც ისინი საქართველოში მათ დასაყრდენ ძალად ითვლება. ხოლო თუ ისინი ამ რიტორიკას გააგრძელებენ, არაფერია გამორიცხული და შესაძლოა „ევროპის სახალხო პარტიიდანაც“ კი გარიცხონ. გვარამიას კი თუ ამ თანამდებობაზე დანიშნავენ და ვაშაძეს ჩაანაცვლებს, რა თქმა უნდა, ელჩებთან ურთიერთობა პარტიას კიდევ უფრო დაეძაბება“, - აცხადებს for.ge-ძაბირაძე.