„ვანო მერაბიშვილი ზედაპირზე არ ჩანს, თუმცა გამორიცხული არაა, რომ იგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მუშაობდეს და მოქმედებდეს, როგორც ამ პარტიის მნიშვნელოვანი ლიდერი. ამ შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლა ბუნებრივი მოვლენაა, რადგან მან თქვა კიდევაც, რომ მას გუნდის პოზიციაზე გავლენა აღარ აქვს. აქედან გამომდინარე ორი ვარიანტი რჩებოდა - ან უნდა შეგუებოდა და დარჩენილიყო თავმჯდომარე გავლენის გარეშე, ან უნდა წასულიყო. მან მეორე გზა აირჩია“. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლის შესახებ For.ge ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
გრიგოლ ვაშაძის ამ ნაბიჯმა პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში ბევრი მოსაზრება და ვარაუდი გააჩინა. როგორ ფიქრობთ, რატომ წავიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარტიის ლიდერი და ვინ შეიძლება შეცვალოს იგი?
- მეხუთე რაუნდის მოლოდინში მყოფ ოპოზიციიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისე მკვეთრად, როგორც არც ერთმა სხვა ოპოზიციურმა პარტიამ, მიიტანა შეტევა დიპლომატიურ კორპუსზე, ანუ დასავლეთის ქვეყნებზე და გრიგოლ ვაშაძეს, რომელსაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი დასავლეთთან ურთიერთობაში აქვს გატარებული სხვადასხვა თანამდებობაზე და ალბათ, მომავალში აპირებს ამ ქვეყნებთან ურთიერთობას, ეს კრიტიკა მიუღებელი უნდა ყოფილიყო. როგორც გამოჩნდა, იყო კიდევაც.
მეეჭვება, რომ ლიდერობა მიეცეს მერაბიშვილს მისი წასრული მოვლენების გამო. ალბათ, უფრო ახალი სახე იქნება, რომელიც შედარებით მისაღები იქნება სხვა ადამიანებისთვის. ნიკა მელია შეიძლება აღმოჩნდეს ლიდერის პოზიციაზე.
ამ შემთხვევაში, ნიკა მელიას რა პოლიტიკურ მომავალზე შეიძლება ვისაუბროთ?
- თუკი მისი პოზიცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ უფრო გაძლიერდება, შესაბამისად, გაძლიერდება ქუჩის პროცესებიც. მელია იყო ერთ-ერთი მომხრე იმისა, რომ ოპოზიციას პარლამენტის ბოიკოტირება მოეხდინა. ის პარლამენტშიც იქცეოდა ისე, როგორც ქუჩის პოლიტიკას სჩვევია. ამდენად, გარეთ დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მელია შესაბამისი ლიდერია, თუმცა, იქნება თუ არა ამ პირობებში მის ლიდერობაზე თანახმა მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ასევე უნდა რევოლუციური პროცესის ლიდერის როლი შეასრულოს, თუკი ეს ოდესმე დადგა, საკითხავია.
თუ მელია მოღონიერდა სტიქიურ პროცესებში, შემდეგ უკვე იგი აღარ მიიღებს „პანჩურს.“ ჩვენ აქამდეც ვაკვირდებოდით გარკვეულ კონკურენციას მელიასა და სააკაშვილს შორის. სააკაშვილმა შეიძლება გააჩეროს მელიას დაწინაურების პროცესი.
და, ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯებს გადადგამს სააკაშვილი, რომ მელია შეაჩეროს?
- „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარეობა სააკაშვილის ხელდასხმით ხდება. სააკაშვილის ხელდასხმით შეიძლება სხვა ფიგურამ წამოიწიოს წინ და ამ ბრძოლაში სააკაშვილმა დაიკავოს მელიას საწინააღმდეგო მხარე. ასევე შეიძლება სააკაშვილმა მელია გამოაცხადოს ივანიშვილის მოშინაურებულ პოლიტიკოსად და ა.შ.
თუ არა ნიკა მელია, ვინ შეიძლება დაასახელოს სააკაშვილმა პარტიის თავმჯდომარედ?
- თავმჯდომარის პოსტზე არ ველოდებოდი, რომ ვაშაძე იქნებოდა დასახელებული. ასე რომ, შესაძლოა, სააკაშვილს ჰქონდეს ვარიანტები, მაგალითად გუბაზ სანიკიძე. პირველი ვინც გამახსენდა ეს არის, თანაც გვახსოვს მელიასთან დაპირისპირების ეპიზოდი, მაგრამ ნებისმიერი ფიგურა, რომელიც ვაშაძის ადგილას აღმოჩნდება, პოლიტიკური მომავალი რამდენად ექნება, ძნელია საუბარი.
ან მან უნდა მიიღოს ვაშაძის კრიტიკა და დაიწყოს სტრატეგიის შემუშავება, წარსულის გააზრება, მშვიდობიან პოლიტიკაზე გადასვლა და ა.შ. ან უფრო რადიკალური გახდეს და სტიქიურ პროცესებს ჩაუდგეს სათავეში. პირველ შემთხვევაში, პროცესი დროში გაიწელება და „ნაციონალურ მოძრაობის“ რეიტინგი თითქმის ნულამდე დავა, თავის მხარდამჭერებსაც დაკარგავს და შემდეგ მოუწევს აღდგენა. მეორე ვარიანტში, საქართველოში რადიკალიზმის ჯგუფის გამარჯვების გარანტია არ არსებობს.
და მაინც, გრიგოლ ვაშაძის წასვლა ხომ არ ნიშნავს პარტიის კიდევ უფრო დაშლის პროცესს?
- ერთი ადამიანის წასვლა პარტიის დაშლას არ ნიშნავს, მაგრამ როდესაც ეს ერთი ადამიანი თავმჯდომარეა, როცა მიდის არა ჯანმრთელობის ან ოჯახური მდგომარეობის გამო, არამედ პოლიტიკური მოტივებით და ამ პოლიტიკურ მოტივებს აყალიბებს კრიტიკურ პუნქტებად „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ამის ფონზე, იმ ერთი ადამიანის წასვლა უკვე ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტობრივად, პარტიის დაშლის პროპორციული მოვლენაა.
ამ მაგალითმა, რომ ვაშაძემ გადადგა ნაბიჯი და დაუპირისპირდა „ნაციონალურ მოძრაობას“, კონცეფტუალურად დაუპირისპირდა პარტიას, ეს შეიძლება ბევრისთვის სამაგალითო აღმოჩნდეს და გაიმეოროს იგივე.