„ხელოვანისთვის ხალხის სიყვარულის, პატივისცემის დაკარგვის ყველაზე მოკლე გზა არის ხელისუფლებაში წასვლა“

„ხელოვანისთვის ხალხის სიყვარულის, პატივისცემის დაკარგვის ყველაზე მოკლე გზა არის ხელისუფლებაში წასვლა“

მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ ახალ რჩეულთა შორის ყველაზე მეტი ყურადღება პიანისტ ელისო ბოლქვაძის რეპლიკებმა მიიპყრო:

„8 წელში გინდათ, ქვეყანა აშენდეს?! ომი რომ არ გვაქვს, არ ხართ კმაყოფილი?!“

„ხშირად სუპერმარკეტში ვხედავ დიდ რიგებს, მე ვფიქრობ, სად არის ბალანსი, ვერ ვიხდი ფულს, იმდენი ხალხია და აბა, ეს ვინ ხალხია, ქართველები არ არიან?“

„საქართველოში არც ისეთი ეკონომიკური უბედურებაა, როგორც აფრიკის ქვეყნებში“.

„საფრანგეთში ვცხოვრობ და ვიცი, რამდენი ხანი ვითარდებოდა დემოკრატია. როგორ გგონიათ, სოციალური მდგომარეობა პარიზში კარგია?“

„ქართული ოცნების“ ახალი სახე ელისო ბოლქვაძე გვპირდება, რომ აქტიურ პოლიტიკოსობას აპირებს, თუმცა იგი პოლიტიკურად პირველად 2020 წლის ივნისში გააქტიურდა, როცა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი წერილი გამოაქვეყნა და დააფიქსირა, რომ „ნაცმოძრაობის“ დროს ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა - ქვეყანაში ძალადობა და შიში იყო გამეფებული.

მოგვიანებით იუნესკოს მშვიდობის არტისტის, როგორც ელისო ბოლქვაძე საკუთარ თავს უწოდებს, კრიტიკა ზვიად ძიძიგურმა დაიმსახურა ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოთქმული უკმაყოფილების გამო. პიანისტმა შეახსენა „კონსერვატორს“, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჭიგო ვაზს, ისე შეეხიდა საქართველოს.

რამდენად არიან ელისო ბოლქვაძე და სხვა ახალი სახეები შენაძენნი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში?

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ელისო ბოლქვაძეს დიდ პატივს სცემს, როგორც ხელოვანს, პიანისტს, მაგრამ წერილი, რაც მან გამოაქვეყნა ზვიად ძიძიგურთან დაკავშირებით არარელევანტურად მოეჩვენა.

ზაალ ანჯაფარიძის გაკვირვება გამოიწვია იმან, რაღა მაინცდამაინც ზვიად ძიძიგური ამოირჩია სამიზნედ ელისო ბოლქვაძემ? ეს არაბუნებრივად გამოიყურებოდა მისი მხრიდან, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილება იყო.

ზოგადად, ახალ სახეებთან დაკავშირებით ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ პირადად მათ უმრავლესობას არ იცნობს და არც კარგი შეუძლია თქვას მათ შესახებ, არც ცუდი. უბრალოდ, მათი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მათ მიიღეს დასავლური განათლება, ესენი არიან პოლიტიკაში მოსული ახალგაზრდა ტექნოკრატები, რომელთაც საკუთარი პროფესიული საქმიანობა და გარკვეული ცოდნის „ბაგაჟი“ აქვთ ზურგს უკან. როგორ მოახმარენ ამ ცოდნას პოლიტიკას, როგორ პოლიტიკოსებად ჩამოყალიბდებიან, რანაირად გამოიჩენენ თავს პოლიტიკაში, ამას დრო გვიჩვენებს.

„თავის დროზე ყველა ასე მოვიდა პოლიტიკაში, პოლიტიკოსად არავინ დაბადებულა, ყველა მოდის პოლიტიკაში იმ სფეროდან, საიდანაც მოდის. შევხედოთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს არიან თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ და „ევროპულ საქართველოში“, უკვე ათწლეულები არიან ისინი პოლიტიკაში, რა იყო მათი ძირითადი სფერო, საიდან მოვიდნენ ისინი? რაღაც კონკრეტული დარგიდან. ასევე, არიან „ქართული ოცნების“ ახალი სახეებიც, ისინიც გარკვეული დარგიდან შემოვიდნენ პოლიტიკაში და როგორ პოლიტიკოსებად დადგებიან, ეს არა მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, არამედ იმაზეც, რამდენად მისცემენ მათ პარტიაში დამოუკიდებელი ქმედების საშუალებას. თუნდაც იმავე კალაძეს პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა, მაგრამ ადამიანმა იმუშავა საკუთარ თავზე, ჩამოყალიბდა კარგ პოლიტიკოსად და, მე მგონი, გახდა ერთ- ერთი ანგარიშგასაწევი ფიგურა ქართულ პოლიტიკაში. ეს წმინდა პიროვნულ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამიტომ ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ ხელოვანები და სპორტსმენები არ ამართლებენ პოლიტიკაში, თუმცა მე ვერ წარმომიდგენია, ქალბატონმა ელისო ბოლქვაძემ უცებ მიატოვოს პიანისტობა და მთლიანად პოლიტიკაზე გადაერთოს. არიან იქ სხვა ადამიანებიც, რომლებიც პოლიტიკასთან ახლოს დაკავშირებული პროფესიიდანაა, ზოგი იურისტია, ზოგი პოლიტოლოგი, ამიტომ ამ შემთხვევაში პროგნოზის გაკეთება უმადური რამ არის“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ for.ge- სთან საუბრისას.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ხელოვანისთვის ხალხის სიყვარულის, პატივისცემის დაკარგვის ყველაზე მოკლე გზა მთელ მსოფლიოში, ყველა დროს, ყველა ეპოქაში, ეს არის ხელისუფლებაში წასვლა, რადგან იქ ან ჩუმად უნდა იყოს, ან ისეთი სისულელეები ილაპარაკოს, როგორიც ახლად გამომცხვარი პოლიტიკოსისგან მოვისმინეთ, როცა ელისო ბოლქვაძემ შეგვახსენა, მშვიდობა თქვენთვის საკმარისი არ არისო?

„მე, როგორც ამ საქმის პროფესიონალი, ვურჩევდი ამ ქალბატონს, საერთოდ გაჩუმდეს, ვინაიდან პარლამენტში როიალს არავინ არ მიუტანს, რომ იქიდან კონცერტები გამართოს და ხალხს ამით ემსახუროს. ერთი ჰკითხეთ ამ პიანისტს, პოლიტიკაზე რამდენი წიგნი აქვს წაკითხული, საერთოდ, პოლიტიკა რა არის, თუ იცის. ყველა მოწვევის პარლამენტში ყოფილა თითო-ოროლა ხელოვანი, თუ სპორტსმენი. ეს რუსეთშიც ყოფილა, საქართველოშიც, შევარდნაძესაც ძალიან უყვარდა ცნობილ მეცნიერთა შეყვანა პარლამენტში, ზოგიერთები სპორტსმენებზე გადაირივნენ, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები შეჰყავდათ, ეს პოლიტიკური კრიზისის მაჩვენებელია. „ბედაურნი დაიხოცნენო“, ხომ გახსოვთ ეს გამოთქმა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge- სთან საუბრისას და გაოცებას ვერ ფარავს, რა უნდა პარლამენტში მოჭიდავეს, ფეხბურთელს, მომღერალს, ექიმს, მათი ადგილი არის სხვაგან. ხალხის სამსახური თუ უნდათ, პარლამენტში უნდა ისხდნენ პოლიტიკოსები, იურისტები. ამერიკის პარლამენტს თუ ავიღებთ, ორივე პალატაში - კონგრესშიც და სენატშიც 70- 80% იურისტები არიან, რადგან კანონშემოქმედებითი მუშაობა აქვთ გაჩაღებული.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ელისო ბოლქვაძე სულაც არ არის შენაძენი ქართული პოლიტიკისთვის.

„მიხედოს თავის პიანინოს, სპორტსმენებს და ხელოვანებს პოლიტიკაში შენაძენად ვერ მივიჩნევ. მომღერლებმა და შტანგისტებმა, კალათბურთელებმა და პიანისტებმა საკუთარ თავს მიხედონ. რა შუაშია ომი და მშვიდობა? ომზე უარესი შეიძლება მოხდეს, სახელმწიფო შეიძლება ჩამოინგრეს“.

 

Aburjga Tasmanieli ბატონმა სოსო ცინცაძემ რა შეგონებებიც ამ ულამაზესი გოგონას მიმართ გამოთქვა უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავზე უნდა გაავრცელოს! არეული აქვს რამსები!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli არც ბატონ მაისაიას ეხება რა არჩევანს გააკეთებს რომელიმე ხელოვანი თუ სპორტსმენი. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ პარლამენტში მხოლოდ ე.წ. პოლიტიკოსები ანუ პროფესიით უსაქმური-უსინდისო -"ვიგოდნიკი"-მამაძაღლები ისხდნენ! ! !
3 წლის უკან