ანალიტიკოსთა ნაწილი მესამე ძალის პერსპექტივას ხედავს ალეკო ელისაშვილში. მათი აზრით, როგორც „ქართული ოცნებისთვის“, ისე „ნაცმოძრაობისთვის“ ყველაზე დიდი პრობლემაა, არ დაუშვან მესამე ძალის გაჩენა, მაგრამ ელისაშვილმა პრინციპული ნაბიჯი გადადგა და ,ნაცმოძრაობის თამაშს გაემიჯნა. გახდება თუ არა ელისაშვილი და მისი „მოქალაქეები“ მესამე ძალის დასაყრდენი?
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ, თუკი მესამე ძალაზეა საუბარი, „პატრიოტთა ალიანსი“ ვინმეზე ნაკლებია? „პატრიოტებს“ უფრო მეტი მომხრეც ჰყავთ, მეტი პოლიტიკური რესურსიც აქვთ და მეტი პოლიტიკური წონაც აქვთ, ვიდრე ელისაშვილის „მოქალაქეს“. თანაც, „პატრიოტთა ალიანსი“ არ მონაწილეობდა „ნაცმოძრაობის“ მიერ დაწყებულ თამაშში. ის ცალკე მუშაობდა, ცალკე ახორციელებდა საპროტესტო აქციებს.
„მაშინ გამოდის, „პატრიოტთა ალიანსი“ განცალკევებული პარტიაა და ელისაშვილზეა დადებული ფსონი? განა ირმა ინაშვილი არ ებრძოდა ავტორიტარულ რეჟიმს, როგორც ელისაშვილი და ყველა ჩვენგანი ებრძოდა? პატივს ვცემ ალეკო ელისაშვილს, მაგრამ მისი პოლიტიკური ძალა არ არის ისეთი, „მოქალაქეები“ გუშინ შექმნილი პარტიაა, ორი კაცი გაიყვანა, თვითონ და ლევან იოსელიანი, რომელ პოლიტიკურ ძალაზეა საუბარი? პარლამენტში მხოლოდ ორი კაცის შეყვანა არ არის პოლიტიკური პარტიის მიღწევა, საინტერესოა, რას იზამს ალეკო ელისაშვილი ადგილობრივ არჩევნებში, რამდენ ადამიანს შეიყვანს. კი, პარლამენტში ორი კაცის შეყვანა ელისაშვილის დამსახურებაა, მაგრამ ორი კაცი არ არის საკმარისი. საქართველოში ყველამ ვიცით, პოლიტიკურ პარტიებს ვის რა წონა აქვს, ალეკო ელისაშვილი შემდგარი პოლიტიკური ფიგურაა, ამას ვიზიარებ, მან ადგილობრივ არჩევნებშიც გაიმარჯვა, მაგრამ მის პარტიაზე სერიოზულად ვერ ვიმსჯელებთ“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას.
რაც შეეხება პარლამენტში ალეკო ელისაშვილის შესაძლო შესვლას, ანალიტიკოსის შეფასებით, ყველას თავისი არჩევანი აქვს და ამას ვერავის ავუკრძალავთ. აქ თვითონ მოვლენაზეა საუბარი, გაყალბება მოხდა თუ არა, თორემ პარლამენტში ვინ შევა და არ შევა, ეს ყველა პოლიტიკოსის პირადი გადაწყვეტილებაა.
ვახტანგ მაისაიას თქმით, 2008 წლის 21 მაისს როგორი არჩევნები ჩატარდა, ყველას კარგად გვახსოვს, იმ პერიოდში გიორგი თარგამაძის „ქრისტიან- დემოკრატიული პარტია“ რომ შევიდა პარლამენტში, მას შემდეგ თარგამაძე დასამარდა, როგორც პოლიტიკოსი.
ხედავს თუ არა ალეკო ელისაშვილში მესამე ძალას, ამ თემაზე საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ბოკერია- უგულავასთან ელისაშვილის დაპირისპირების ფაქტს განიხილავს.
სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ მისი ფანი არც ბოკერიაა, არც გიგი უგულავა, მეტიც, უგულავასთან დიდი ხანია პირადი კონფლიქტი აქვს, სააკაშვილის მრჩეველთა საბჭოში ყოფნის პერიოდიდან მოყოლებული, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ბოკერიასა და უგულავას რომ სდომოდათ პარლამენტარობა ისე, როგორც ელისაშვილს ეს უნდოდა, ისინი სიის პირველ ხუთეულში იქნებოდნენ.
„ბოკერია და უგულავა კარგები არიან, თუ ცუდები, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ამ პარტიის ლიდერები არიან, პოლიტიკოსები არიან. ჩემში, როგორც პოლიტიკის თეორეტიკოსში, შინაგანი ბუნება ჯანყდება, როცა ნეოფიტი პოლიტიკაში, რომელიც პოლიტიკის გაგებაში არ არის, მასზე ათი თავით მაღლა მდგომ პოლიტიკოსებს სასაცილოდ იგდებს. ვიმეორებ, მე არ ვამბობ ბოკერია-უგულავას იდეოლოგია კარგია, თუ ცუდი, მე ვამბობ, რომ პოლიტიკოსი სხვა რამეა. ელისაშვილი კი ბეწვის ხიდზე შედგა, ის ახალგაზრდა ბიჭია, დღემდე კარგი რეპუტაციის მქონეა, იბრძოდა ქალაქისთვის, ეკოლოგიის საკითხებზე, კორუფციის წინააღმდეგ, კარგი ქულები აკრიფა რეიტინგისთვის, მაგრამ ახლა ნელ-ნელა პოლიტიკური შტრეიკბრეხერის ჩრდილში შეიძლება აღმოჩნდეს. მას მოვუწოდებ, საწყენად ნუ მიიღებს და ეცადოს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შტრეიკბრეხერობა არ დაბრალდეს“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ for.ge- სთან საუბარში.
ამასთან, განმარტა, რომ, ვინც ელისაშვილში მესამე ძალას ხედავს, შემცდარია, რადგან ელისაშვილი პოლიტიკოსი არ არის. როგორ შეიძლება, პოლიტიკაში ერკვეოდე და გჯეროდეს, რომ შეხვალ პარლამენტში და საპარლამენტო პროცედურებით საარჩევნო სისტემის რეფორმას მიაღწევ. სოსო ცინცაძის განმარტებით, ამ მხრივ ის პესიმისტურადაა განწყობილი, რადგან კარგად დაინახა, რასაც წარმოადგენდა წულუკიანის რეფორმების ოთხი ტალღა, როცა საბოლოოდ ჩინჩალაძე შეგვრჩა ხელში.
„რომელ მესამე ძალაზე ლაპარაკობენ, როცა პირველი და მეორე ძალაც არ არსებობს?!“ - მიიჩნევს პოლიტოლოგი.