დიდი დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელმაც შესაძლოა პარტიაში სერიოზული რყევები გამოიწვიოს. არ არის გამორიცხული, რომ პარტიის აღმასრულებელი მდივნის გრიგოლ ვაშაძის ნაციონალებიდან წასვლამ შიგნით არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავოს.
For.ge-რამდენიმე დღის წინ სანდო წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პარტიაში დიდი განხეთქილება იყო და გრიგოლ ვაშაძეს არ მოსწონდა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება პარლამენტში არშესვლასა და რევოლუციური სცენარის განვითარების მცდელობა. ასევე მას ჰქონდა ელჩების მხრიდან ინფორმაცია, რომ დასავლეთი ნაციონალებს ამ მიმართულებით მხარს არ დაუჭერდა და მათ რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე დააზიანებდა. ვაშაძის მსგავსად პარტიაში სალომე სამადაშვილი და სხვა რამდენიმე ადამიანი ფიქრობს, რომლებმაც შესაძლოა ვაშაძის მსგავსად პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღონ. თუმცა როგორც პარტიის შიგნიდან for.ge-ს ინფორმაცია აქვს, სააკაშვილზე გავლენას მერაბიშვილი და ადეიშვილი ახდენენ. ისინი სააკაშვილს არწმუნებენ, რომ გაზაფხულზე მათ ექნებათ შანსი, გაბრაზებული და მშიერი ხალხის ქუჩაში გამოსვლით ისარგებლონ და კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. როგორც ჩანს, ვაშაძეს, სწორედ მერაბიშვილი და ადეიშვილი ყავდა მხედველობაში, როდესაც ოდიოზურ ფიგურებზე საუბრობდა.
გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალურ მოძრაობის“ დატოვების შესახებ განცხადება სოცილურ ქსელში გამოაქვეყნა.
გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ არის ფაქტები, რომლებსაც ის კატეგორიულად ვერ შეეგუება. ის პარტიიდან წასვლის სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, მათ შორის პარტიული სტრატეგიის არარსებობას.
ვაშაძე იმასაც აღნიშნავს, რომ პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღება უძნელდება, თუმცა სხვა გამოსავალს ვერ ხედავს.
„მე გადავწყვიტე დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. 2017 წლის იანვრიდან, ოთხი წლის განმავლობაში, ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, რაც ჩემს მოკრძალებულ ძალებში იყო, იმისათვის, რომ პარტია გაზრდილიყო, გაეძლიერებინა საკუთარი პოზიციები, დარჩენილიყო მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებად და შედეგად მიეღო საქართველოს მოქალაქისგან მანდატი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.
ვფიქრობ, ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ, მაგრამ არის ფაქტები, რომლებსაც მე კატეგორიულად ვერ შევეგუები. არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე. წ. „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს. ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასადროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას. შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგით, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს, და რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე სდგას. ბოდიშს ვუხდი ჩვენს მეგობრებს! პრობლემების ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, რადგან კერძო საუბრებში მათზე თავად პარტიის წევრები საუბრობენ.
ჩემთვის უმცირესობაში ან საერთოდ მარტო დარჩენა პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მე არ შემიძლია ვიყო იქ, სადაც ვერ ვხედავ შეცდომებზე სწავლის შესაძლებლობას და სურვილს. შეიძლება ვცდები. მივენდოთ მომავალს. ვფიქრობ, რომ ჩვენ მომავალი ძალიან მალე განგვსჯის. უმორჩილესი თხოვნა მაქვს ჩვენს პატივცემულ ჟურნალისტებთან - არ მაიძულოთ ტელეფონის გამორთვა. არ ვაპირებ ინტერვიუების ან კომენტარების გაცემას, არც თოქ-შოუებში მონაწილეობას. პარტიის წევრებს ვემშვიდობები სიყვარულით, და ვუსურვებ მათ ძალიან მალე მიეღწიოთ ნანატრი გამარჯვებისთვის!“ - წერს გრიგოლ ვაშაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმდომარის პარტიიდან წასვლას სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ვაშაძის პარტიიდან წასვლა ენმ-სთვის დიდი დანაკლისია.
„ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძე დიდი დანაკლისია ენმ-სთვის, თუმცა მესმის მისი გადაწყვეტილების და წარმატებებს ვუსურვებ მას. ცხადია, ნებისმიერ პარტიას და ენმ არ არის გამონაკლისი, არჩევნების შემდეგ უწევს მსჯელობა სამომავლო სტრატეგიაზე, თუ ბატონი გრიგოლის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით უფრო საფუძვლიანი მსჯელობის განვითარებას, კარგი იქნება პარტიისთვისაც და მათთვისაც, ვისაც ეს პარტია ეიმედება“, - წერს სალომე სამადაშვილი.
ვაშაძის პარტიიდან წასვლას კი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძეც ეხმაურება. კობახიძე ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესები სწორი მიმართულებით ვითარდება.
„ძალიან კარგად და სწორი მიმართულებით ვითარდება პოლიტიკური პროცესები. ჩვენი ამოცანა იყო ამ რადიკალური ოპოზიციის შიგნით კორექტივების შეტანა. ძალიან გვეხმარებიან ამაში სწორედ ის ოდიოზური ფიგურები, რომლებიც შლიან დღეს ოპოზიციას, რაც არის ძალიან კარგი პროცესი.
ეს ოდიოზური ფიგურები, როგორიც არიან, პირველ რიგში, სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია. ისინი შლიან დღეს „ნაცმოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“. ბოკერიამ დაანგრია საკუთარი პარტია და ახლა ცდილობს საფლავში ჩაიყოლოს სხვა პოლიტიკური პარტიები. ანალოგიურად, „ნაცმოძრაობის“ ოდიოზურმა ფიგურებმა, სააკაშვილმა, გვარამიამ დაშალეს „ნაციონალური მოძრაობა“, რაც არის ძალიან კარგი პროცესი, ჯანსაღი პროცესი და ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ მივიღებთ ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს. ამაში რომ ისინი გვეხმარებიან, ეს ოდიოზური ფიგურები, არის ძალიან კარგი“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“, სერიოზული განხეთქილება იყო, ეს ჯერ კიდევ არჩევნებამდე სიის დაწერის დროს გამოჩნდა, ხოლო გრიგოლ ვაშაძის წასვლამ და ასეთმა სკანდალურმა განცხადებამ კი ამ ყველაფერს წერტილი საბოლოოდ დაუსვა. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ პრობლემები პარტიის გენერალური ხაზის მიხეილ სააკაშვილის მიმართულებით არსებობს, რომელსაც უმრავლესობა ემორჩილება. პარტიაში არის ადამიანების მცირე ნაწილი, რომლებსაც ეს არ მოსწონთ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს დაპირისპირება 80-20 კაცზეა და უმცირესობაში მხოლოდ დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანები არიან. პარტიის დანარჩენ ნაწილს კი სააკაშვილის ყურმოჭრილი მონები, სექტანტები წარმოადგენენ, რომლებიც მას მუხლებზე ლოცვითც კი თაყვანს სცემენ.
„პარტიაში ძალიან მცირეა იმ ადამიანების ნაწილი, რომლებიც სააკაშვილის სექტანტები და ყურმოჭრილი მონები არ არიან. სწორედ ამ მცირე ნაწილს გრიგოლ ვაშაძე წარმოადგენდა. მასზე რა წარმოდგენაც არ უნდა მქონდეს, მაინც ვფიქრობ, რომ ის პარტიაში დამოუკიდებელი ფიგურა იყო. სწორედ ის და სხვა რამდენიმე ადამიანი ფიქრობს, რომ „ნაციოანლურ მოძრაობას“ შეუძლია ქვეყნისთვის სასიკეთოდ რაღაცა რეფორმები გაატარონ. საგარეო მიმართულებით მუშაობა და ასე შემდეგ. ანუ ხალხი, რომელიც უფრო სახელმწიფოებრივად აზროვნებს, ვიდრე ეს სააკაშვილის სექტანტები არიან. ეს ხალხი კი მცირდება და მცირდება. ვაშაძისნაირი ხალხიც კი, რომ პარტიას ტოვებს, ესე იგი სიტუაცია ძალინ მძიმედაა. მე, პრინციპში, ეს ამბავი მომწონს და ამ პარტიას ვერასდროს ვიტანდი. ესაა უღირსი პარტია, რადგანაც მათ ხელებზე ბევრი სისხლია.
ეს პრობლემები მაშინ დაიწყო, როგორც კი საპარლამენტო სია შეთანხმდა. ბევრს იქ ნაცნობები გვყვას დ ინფორმაცია გამოდის. უმრავლესობა ამაზე უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რადგანაც სააკაშვილმა უპირატესობა ფულიან ხალხს მიანიჭა და არა პოლიტიკოსებს. სააკაშვილმა ეს სია ისე გაათრია, რომ არავის არ შეუთანხმა. ამის შემდეგ კი დაპირისპირება გაღრმავდა“, - აცხადებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, ვაშაძეს ჰქონდა გარკვეული ინფორმაციები, რომ ხელისუფლება გარკვეულ ტაქტიკას ირჩევდა ელჩებთან ურთიერთობის და ისინი ამ თამაშს წააგებდნენ. ამიტომაც ვაშაძე სწორად მიხვდა, რომ პარლამენტში არშესვლა პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო, რადგანაც დასავლეთი ქვეყანაში დაძაბულობას და დაპირისპირებას მხარს არასდროს დაუჭერს. ნაციონალებს კი ეგონათ, რომ როგორც 2008 წელს დაუჭირა დასავლეთმა მხარი, ახლაც იგივე მოხდებოდა. ამაში კი შეცდნენ, რადგანაც დასავლეთი მხარს პერსონალურად არა ნაციონალებს უჭერს, არამედ ჩვენს სახელმწიფოს და ქვეყნის მშვიდობას.
„ფაქტია, ვაშაძე სწორად მიხვდა, როგორ შეიძლებოდა მოვლენები პარლამენტში არშესვლით განვითარებულიყო. მან იგრძნო და, ალბათ, ჰქონდა კიდევაც ინფორმაციები, რომ დასავლეთის მხრიდან ამაზე მხადაჭერა არ ექნებოდათ. ნაციოანლების უმრავლესობას კი მაინც იმედი ჰქონდა, რომ დასავლეთი მხარს დაუჭერდათ. დასავლეთი კი არეულობას მხარს არასდროს არ უჭერს. 2008 წელს სააკაშვილს დასავლეთმა მაშინ მხარი იმიტომ კი არ დაუჭირა, რომ არჩევნები გაყალბებული არ იყო, არამედ იმიტომ, რომ არეულობა არ უნდოდათ.
მეც პირადად ვფიქრობ, რომ კატასტროფული გაყალბება არ იყო. ამიტომაც არის, რომ დასავლეთს ამის დანახვა თუ არ უნდა, არც დაინახავს. ელჩებზე თავდასხმა და კრიტიკა კი სრული პოლიტიკური კრახია. ყველამ კარაგდ იცის, რომ ელჩები ასე თავის თავზე პირდაპირ პასუხისმგებლობას არ აიღებენ. არასდროს იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა, ვიღაცა ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს და ვიღაცა დარჩეს. ამიტომაც ელჩებს იმაზე მეტს ნუ სთხოვენ, რაც მათ შესაძლებლობებში არ შედის“, - აცხადებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ როდესაც პარტიის ნომინალური თავმჯდომარე პარტიას ტოვებს, თანაც ასეთი მწვავე განცხადებით, პარტიისთვის პოლიტიკური და რეპუტაციული სახის დარტყმაა. ანჯაფარიძე ამბობს, რომ ის აქცენტს პარტიაში ოდიოზური ფიგურების მისვლაზე აკეთებს და აკრიტიკებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პარტიაში წევრებთან კონსულტაციების გარეშე მიიღება. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ პარტიაში სერიოზული განხეთქილებაა და მისნაირად სხვა პარტიის წვერებიც ფიქრობენ. ამიტომაც არაა გამორიცხული, რომ ვაშაძის მსგავსად წასვლის შესახებ განცხადებები სხვებმაც გააკეთონ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ ყველაფრის პარალელურად, შესაძლოა „ნაციონალურ მოძრაობას“ პრობლემები დასავლელ პარტნიორებთან შეექმნათ და ის მოსაზრება, რომ ევროპელები და ნაციონალები პროდასავლური ძალაა, პარტნიორების თვალში შეიცვალოს.
„სალომე სამადაშვილიც გრიგოლ ვაშაძის მსგავსად ამ საკითხებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამდა. აქედან გამომდინარე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იხტიბარი რომც არ გაიტეხოს, ეს პარტიისთვის დარტყმაა, ასევე მისი ამომრჩევლებისთვის საკამოდ ცუდი სიგნალია. მისი ამომრჩეველი ხედავს, რომ პარტია არ არის ერთიანი და არ არის ისეთი ძლიერი, როგორადაც ისინი თავს აჩვენებენ.
ეს პროცესი არც ერთ პარტიაზე დადებითად არ აისახებოდა, მით უმეტეს ახლა, როცა ნაციონალები ასეთ მდგომარეობაში არიან და ოპოზიიცის ლიდერის როლს თამაშობენ. გამოჩნდა, რომ თავად მის პარტიაში რყევებია და რა ერთიანი ოპოზიიცის მართვაზე აქვთ პრეტენზია, გაუგებარია. ამ ყველაფერს კი უფრო ფართო კუთხით მინდა შევხედო. დასავლეთი ევროპელებს და ნაციონალებს წლების განმავლობაში საქართველოში დასაყრდენ ძალად მიიჩნევდა, ხოლო იმისთვის, რომ ისინი პოლიტიკურად გადაერჩინა, ყველაფერი გააკეთა. არ გამოვრიცხავ იმას, რომ დასავლეთში სერიოზულად დაფიქრდნენ იმაზე, კვლავაც შეუძლიათ თუ არა ამ პოლიტიკურ ძალებზე იმედი დაამყარონ. არის თუ არა ეს ის ძალა, რომელზეც ფსონი კიდევ უნდა დადონ“,-აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.
რაც შეეხება კითხვას - მოახდენს თუა არ ვაშაძის პარტიიდან წასვლა და ნაციონალებში არსებული დაპირისპირება ე.წ. ერთიან ოპოზიციაზე გავლენას? - ანჯაფარიძე ამბობს, რომ ეს ერთიანი ოპოზიცია არაა, რადგანაც მათ მხოლოდ ხელისუფლების სიძულვილი და სიჯიუტე აერთიანებთ. ამიტომაც ოპოზიციამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა იმისთვის, რომ ხელისუფლებასთან რაიმე სახის შეთანხმებაზე ან მოლაპარაკებაზე წასულიყო.
„ოცნებისთვის“ იხსნება შესაძლებლობის ფანჯარა, რომ კიდევ ერთხელ პატარა ოპოზიციის პარტიებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა შესთავაზოს. სამწუხაროდ, ეს პარტიები ნაციონალების და ევროპელების ბულინგის და წნეხის ქვეშ იმყოფებიან. თუ ეს პარტიები თავის პოზიციებს, შეთავაზების მიუხედავად, კიდევ არ გადახედავენ, მაშინ ქუჩაში დარჩებიან და პოლიტიკურ მოღვაწეობას როგორ გააგრძელებენ, ესეც გამოჩნდება“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.