ამომრჩეველთა კოლეგიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა.
3 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა - 232 ხმა.
ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ მიცემული ხმები დღესვე გადაეგზავნება კონგრესს, სადაც 6 იანვარს ხმები ოფიციალურად დაითვლება.
ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ არჩევნების შედეგების დამტკიცების შემდეგ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკაში დემოკრატიამ გაიმარჯვა და ამერიკელებს ერთიანობისკენ მოუწოდა.
„ამერიკის სულისთვის ამ ბრძოლაში დემოკრატიამ გაიმარჯვა. ჩვენ, ხალხმა, ხმა მივეცით. ჩვენი ინსტიტუტებისადმი რწმენა შენარჩუნდა. ჩვენი არჩევნების პატიოსნება ხელშეუხებელი დარჩა. ახლა დროა ეს ფურცელი გადავშალოთ და გაერთიანება დავიწყოთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.