„ირაკლი კობახიძეს რას აბრალებენ, ირაკლი არ უშვებთ პარლამენტში?“

„ირაკლი კობახიძეს რას აბრალებენ, ირაკლი არ უშვებთ პარლამენტში?“

მმართველი გუნდისთვის დისკომფორტი სულაც არ შეუქმნია იმას, რომ ოპოზიცია მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ ესწრებოდა. როგორც for.ge-ს „ქართული ოცნების“ თელავის, ყვარლისა და ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, კარგი იქნებოდა, რომ ოპოზიციამ საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენოს და პარლამენტში დასვას ყველა ის კითხვა, რომელიც მათ აწუხებთ.

მისივე თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებაში, მმართველ გუნდს ოპოზიცია ხელს ვერ შეუშლის.

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სესია ოპოზიციის გარეშე გიმართა. ამან მმართველ გუნდს დისკომფორტი არ შეგიქმნათ?

- პროცედურული თვალსაზრისით, ოპოზიციის არყოფნას ზეგავლენა არ მოუხდენია. პარლამენტის პირველი სესია კანონით დადგენილ ყველა ჩარჩოში ეტეოდა და ამიტომ, უპრობლემოდ გაიმართა. ამის მიუხედავად, ყველას უნდა, რომ პარლამენტში იყოს ყველა ის პარლამენტის წევრი, რომლიც ქართველმა ამომრჩეველმა აირჩია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია ნათელია. ის პარტიები, რომელებიც ოპოზიციაში არიან, მათ კეთილი უნდა ინებონ და მოლაპარაკების რაუნდზე უნდა გამოცხადდნენ. ისინი პარლამენტში უნდა შემოვიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში იმუშაონ იმ საკითხებზე, რა საკითხებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

თუმცა, ოპოზიცია მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარს აცხადებს და მეხუთე რაუნდის ჩაშლის მიზეზად ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ასახელებს…

- ირაკლი კობახიძეს რას აბრალებენ, ირაკლი არ უშვებს პარლამენტში? თავად დაბნეულები არიან, არ იციან რას მოეკიდონ. ახლა კი, ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა პარლამენტში არშემოსვლის მიზეზი?! სახლობანას ხომ არ ვთამაშობთ არა?!

თქვენ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უხელმძღვანელებთ. ოპოზიცია მანდატებზე უარს აცხადებს და თუ შემოვიდა აღნიშნულ საკითხზე უკვე განცხადებები?

- მანდატებზე უარი ჯერ არავის უთქვია. მანდატებზე უარის თქმა მოხდება მას შემდეგ, როდესაც თითოეული დეპუტატი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოიტანს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე პირად განცხადებას. ჯერჯერობით არავის შემოუტანია.

მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება როდის მოხდება და თუ არის დაახლოებით ცნობილი, ვინ იქნება მთავრობაში გიორგი გახარიას გარდა?

- მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით, მომავალ კვირას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა შემოვა და შემდეგ, ყველა პროცედურა გაიმართება. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა როგორი იქნება, ამას თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მოგვახსენებს.

როდესაც გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის განხილვა იქნება პარლამენტში, როგორ ფიქრობთ, მაშინ ხომ არ შემოვა ოპოზიცია, რათა ხელი შეუშალონ მთავრობის დაკომპლექტებას?

- ამ დროს თუ ოპოზიცია პარლამენტში შემოვა, ძალიან კარგი იქნება. მათ მომავალ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან რაც კითხვები ექნებათ, შეეძლებათ საპარლამენტო ტრიბუნიდან გააჟღერონ. მაგრამ, რაც შეეხება ხელის შეშლას, ხელს ვერ შეუშლიან, იმიტომ, რომ პარლამენტი არ არის ხელის შეშლის ადგილი. პარლამენტი არის დისკუსიის, კამათის და შემდგომ კენჭისყრაზე საკითხის გატანისა და გადაწყვეტის ადგილი.

თქვენ გუბერნატორი ბრძანდებოდით და როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო კომფორტულია თქვენთვის გუბერნატორობა  თუ პარლამენტარობა?

- სადაც ადამიანი გულით მუშაობს, იქ ყველა სირთულეს ადვილად სძლევს.