გამომდინარე იქიდან, რომ მედიამხარდაჭერა მისია და, ისიცაა, რომ არც თავადაა ჯაბანი, ბ-ნი უგულავა, ფიგაროსავით, აქაცაა – იქაცაა, ანუ, ყველაფერს ასწრებს: მოსახლეობას თითქოს მერის ამპლუაში ხვდება, რა თქმა უნდა, პრობლემების მოგვარების მოტივით, მაგრამ, ამის პარალელურად, წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლსაც ამზადებს (რომლის პათოსიც, დაახლოებით ასეთი იქნება: გიგი უგულავს მიღწევები).
მას შემდეგ, რაც ბ-ნმა უგულავამ თბილისელების შენიშვნებით დედაქალაქის ბიუჯეტი „შეადგინა“, მათ დასასაქმებლადაც მოიცალა.
ამ მიზნით კი მერიასა და მისადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებებში კომპიუტერზე მუშაობისა და ინგლისურის შემსწავლელი უფასო კურსების გახსნასაც დაგვპირდა.
ბ-ნმა მერმა აღნიშნა, რომ ასაკის გამო მოქალაქეებს სამსახურში აღარ იღებენო (ო, ეს გულქვა დამქირავებლები!) და მერე რა, რომ ხუთიოდე წლის წინათ ნაცხელისუფლებამ 35 წელს ზემოთ მყოფი თითქმის ყველა დასაქმებული სახელმწიფო დაწესებულებებიდან გამოაპანღურა (იგულისხმება, რომ ქვეყანაში მასობრივი ამნეზიაა).
მეორე მხრივ, შესაძლოა, ამნეზია არაფერ შუაში იყოს და, რაკი ჩვენი ჩინოვნიკები ჩვენს თვალწინვე დაგვიწვერულვაშდნენ (ანუ 35-ს თავადაც გადააკაკუნეს), აზრიც შეეცვალათ (აბა, საკუთარ თავებს ხომ არ გამოაცლიან სკამებს?!).
მერისავე ინიციატივით, თბილისელებს ადვოკატებიც უფასოდ მოემსახურებიან (არ ენანებათ საბიუჯეტო სახსრები და, თუ გინდა, მოკალი!).
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ არჩევნები მაისშია, თბილისელებს საქმე მოსწრებაზე აქვთ, რადგან სკამგანაღდებული ჩინოვნიკები, ტრადიციულად, კარაპეტებივით ძუნწდებიან.
წინასაარჩევნო აქტივობის ჟამს, გასულ კვირას, ბ-ნმა უგულავამ ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლებიც გადასცა და განათლების მნიშვნელობაზეც ესაუბრა, ამის პარალელურად დარბაზში გამოკრულ პლაკატზე ყელყელაობდა წარწერა: „დაჯილდოვება“ (ამ სიტყვის მართებული ფორმაა: „დაჯილდოება“) და, თუ ამ ფაქტით ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ, ოქროსა და ვერცხლის მედლების შემოღებას ქართული ენის ცოდნის ამაღლებაზე, ვერც ზემოთ და ვერც ქვემოთ, იოტისოდენადაც ვერ უმოქმედია.