ელჩების შუამდგომლობით, ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, ორშაბათს, 14 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ For.ge-ს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განუცხადა. ამის ფონზე, ოპოზიციური სპექტრი დარწმუნებულია, რომ მხარეთა შორის მოსალოდნელი შეხვედრა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების გარეშე დასრულდება და შედეგად, მნიშვნელოვან რღვევას არ უნდა ველოდოთ. თუმცა, ამის მიუხედავად, ოპოზიციონერი ლიდერები მეხუთე რაუნდის გამართვის მოლოდინის რეჟიმში არიან.
ოპოზიციის მოთხოვნები კვლავ უცვლელია და როგორც ლიდერები აღნიშნავენ, „ქართულ ოცნებას“ არც ერთი წინადადება არ დაუკმაყოფილებია, რაც აჩენს ეჭვს, რომ არც მორიგი შეხვედრა მოიტანს რაიმე მნიშვნელოვანს ოპიზიციისთვის, თუმცა, ამასთან პოლიტიკოსები მოლაპარაკების მნიშვენლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია. მათივე თქმით, საჭიროა ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ერთგვარი ბოიკოტი გაგრძელდება, შესაბამისად, არც პარლამენტში შევლენ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის წარდგენა 11 დეკემბერს გაიმართა და საკანონდებლო ორგანომ ხმათა უმრავლესობით 150 დეპუტატის უფლებამოსილება სცნო, მათ შორის არიან 8 ოპოზიციური პარტიის დეპუტატები, რომლებიც აცხადებენ, რომ პარლამენტში არ შევლენ.
როგორც სერგი კაპანაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიცია თავს მოვალედ თვლის, არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა მონახოს, რომ ქვეყანაში „ტოტალიტარიზმი“ დასრულდეს.
„ველოდებით დადასტურებას, ვფიქრობ, ხვალ გაიართება მორიგი შეხვედრა. რაც ოპოზიციამ გააჟღერა, „ქართული ოცნების“ მხრიდან არ დაკმაყოფილებულა. ველოდებით, რომ ამ მოლაპარაკებებზე წამოვლენ. უნდა წამოვიდნენ ვადამდელ არჩევნებზე და ამიტომ შევდივართ ამ მოლაპარაკებებში.
ამ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს იქიდან გამომდინარე, რომ „ოცნებიდან“ არ არის არანაირი მზადყოფნა. მოლაპარაკებებში, სადაც შეიძლება, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვისაუბროთ, ისეთი რამ არის, რაზეც უარი არ უნდა თქვა, თორემ არც მე მგონია, რომ „ქართული ოცნება“ თავის პოზიციას შეიცვლის და რაციონალური გახდება, ასე არ იქნება.
უკვე დაადგნენ ტოტალიტარიზმის გზას, მაგრამ ჩვენი ვალია, ყველა ფორუმი და ფორმატი გამოვიყენოთ, რომ ქვეყანა გავაჩეროთ ამ გზაზე სიარულისგან. დიალოგს აზრი აქვს, რადგან რაღაც ეტაპზე მიზანი არის ხოლმე მიღწეული“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ For.ge-სთან.
არც „ნაციონალური მოძრაობა“ ელოდება კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რომ ხელისუფლება რაიმე დათმობაზე წავა, თუმცა, როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და ერთადერთი გამოსავალი სწორედ მოლაპარაკება რჩება.
„მეხუთე რაუნდზე ვერაფერს გეტყვით, დადასტურებულად არ ვიცით. რაც შეეხება იმას თუ რას ველოდებით, ოპოზიციასთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ამ მუქარის ფონზე, განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, რომ რამე შეიცვლება. ვნახოთ ამ ერთპარტიული პარლამენტის ფონზე, რა მოხდება, ახლა იწყება ყველაფერი.
ძალიან მძიმე ვითარებაა და პოლიტიკური კრიზისია. მოლაპარაკება ყოველთვის არის გარკვეულწილად ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ რაიმე კონტექსტით მოხდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება.
როდესაც ერთი ხელით გვემუქრებიან და მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ გვაშანტაჟებენ, წარმოუდგენლად მძიმე ფონზე აკეთებენ ამ განცხადებებს, არ ვიცი გააზრებული აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ რამდენად მძიმე ვითარებაშია დღეს სახელმწიფო“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ For.ge-სთან.
„ქართული ოცნების“ წევრის, ლადო კახაძის თქმით, ოპოზიციის მიზანი არა მოლაპარაკება და რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაა, არამედ ქვეყანაში არეულობის შექმნა, რაც მისივე განცხადებით, რუსეთის მიერ არის მართული და რამდენიმე ოპოზიციური პარტია შეგნებულად, ზოგი კი შეუგნებლად, კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს.
„მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით მზაობა არის, თუმცა, ზუსტი თარიღი არ ვიცი. ყველა ის არგუმენტი, რაც ოპოზიციას ჰქონდა წინა პლანზე წამოწეული, არ დასტურდება. ყველა ერთი და იგივე აზრზეა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, გამჭირვალე და თავისუფალი. იყო ხარვეზები, რაზეც მიგვითითებენ.
დემოკრატიის ისეთი რანგის ქვეყანაც კი, როგორიც აშშ-ია, დაწყებული მისით და დასრულებული ჩვენნაირი პატარა ქვეყნებით, მსგავსი ხარვეზები არსებობს, მაგრამ ამას საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. მცდელობა, რომ მოსახლეობას ჩაუნერგონ უნდობლობა ახლადარჩეული პარლამენტის შემადგენლობის მიმართ, ეს ყველაფერი ფუჭად ჩაიყარა ოპოზიციის მხრიდან.
ოპოზიციის მიზანი ვიცი და ისიც, საიდან იმართება. არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, ესაა რუსეთი, რომელსაც არ უნდა საქართველო ევროპაში. საქართველოს ყოველ ფეხის ნაბიჯზე დასდევს. ცდილობს, რომ დააზარალოს. სამწუხაროდ, ოპოზიცია რუსეთის ამ თამაშებს თამაშობს, ზოგიერთი უნებლედ, ზოგი კი მართულია.
ოპოზიცია ან თავს იტყუებს ან თავს იშტერებს, ან სარკე არ აქვს... მინდა, რომ ძლიერი ოპოზიცი გვყავდეს და არა მტერი. ოპოზიციამ თავად დაიზიანა თავი, ყველაფერი ტყუილზე ააგეს. ამას მართავს ძალა, - რუსეთის დავალებით ქვეყნის სტაბილურობის დანგრევა უნდა, მაგრამ ეს არ გამოვა.
გვაქვს ცალსახად გაცხადებული, რომ ადამიანის ყველა უფლება წინა პლანზეა წამოწეული, მაგრამ კონსტიტუციის ჩარჩოებში. როგორც კი კონსტიტუციას ფეხს გადააბიჯებს ვინმე, ნებისმიერი ქმედება ამის შემდეგ იქნება უმკაცრესად დასჯილი. ასევე ვფიქრობთ, საინფორმაციო ველის გასუფთავებას“ - განაცხადა ლადო კახაძემ For.ge-სთან.