აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობის რეჟიმი გაუქმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
პრეზიდენტ ალიევის ინიციატივას მხარი პარლამენტმა გუშინ დაუჭირა, დღეიდან კი აზერბაიჯანი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.
საომარი მდგომარეობა აზერბაიჯანში 28 სექტემბერს ამოქმედდა, რაც მთიან ყარაბაღში ვითარების ესკალაციით იყო გამოწვეული.
10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.