„მრავალფეროვან პარლამენტს“ არ უნდა შესწირონ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები! ამათ მართლა თავისი ხომ არ გონიათ ეს ქვეყანა?!“

„მრავალფეროვან პარლამენტს“ არ უნდა შესწირონ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები! ამათ მართლა თავისი ხომ არ გონიათ ეს ქვეყანა?!“

მე–10 მოწვევის პარლამენტის სხდომის გახსნამდე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე გირაოთი გაათავისუფლა. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000–10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.

გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ ხუსკივაძეს და კობალაძეს ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 150–ე, 151–ე და 339–ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც იძულებას, მუქარასა და ქრთამის შეთავაზებას გულისხმობს. დაკავებულების გირაოთი განთავისუფლება საინტერესო სწორედ იმ ნაწილში არის, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების 4-პუქტიანი გეგმის ნაწილია ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გიორგი რურუა, ნატალია ილიჩოვა, ივერი მელაშვილი, აკაკი ხუსკივაძის და აკაკი კობალაძ განთავისუფლება და მათი საქმეების დახურვა.

ხელისუფლება პოლიტკური პატიმრების ნაწილში ოპოზიცისთან მოლაპარაკებაზე ღიად უარს აცხადებდა, მაგრამ მე–10 მოწვევის პარლამენტის სხდომის დაწყებამდე სასამართლოს მიერ ხუსკივაძის და კობალაძის გირაოთი განთავისულება ოპოზიციამ შეაფასა როგორც გამარჯვება.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ამ საკითხზე საუბარი არ სურთ. თავად ბრალდებულები აცხადებენ, რომ გაკვირვებული არიან სასამართლოს გადაწყვეტილებით, რადგან განთავისუფლებას არ ელოდნენ. ანალიტიკოსების შეფასებით, ხუსკივაძის და კობახიძის გირაოთი განთავისუფლება არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ოპოზციასთან დიალოგისთვის სავაჭრო საკითხად დაიტოვა დავითგარეჯის გასხვისების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის, მათ შორის გიორგი რურუას საქმე.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ უპერსპექტივოა, გამორიცხულია დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულების თუნდაც გირაოს გამოყენებით განთავისუფლება.

„ილიჩოვასა და მელაშვილთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინათაც იყო სასამართლო სხდომა. მაშინ სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საქმე. რაც შეეხება ხუსკივაძეს და კობახიძეს, მათ ბრალი აქვთ წაყენებული ქრთამის მიცემაში და ზეწოლაში. რა თქმა უნდა, ესეც სერიოზული საქმეა და სასამართლოს გადაწყვეტილებაა რამდენად მკაცრ ღონისძიებას გამოიტანს.

შეიძლება მოსამართლემ გაითვალისწინა ის რეზონანსი, რაც შეიძლება ამ საქმეს მოჰყვეს და აქედან გამომდინარე შედარებით რბილი ღონისძიება გამოიყენა, მაგრამ არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ეს შეიძლება შეეხოს დავითგაეჯის საქმეზე დაკავებულებს. არ ვფქირობ, რომ ამ ორის განთავისუფლება არის სავაჭრო თემა ოპოზიციასთან“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გამორიცხავს, რომ დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულების საქმე გახდეს სავაჭრო თემა. მისი თქმით, მმართველი გუნდი ამბობს, რომ საერთოდ არ განიხილება ე.წ. პოლიტპატიმრების თემა და მეორეც, ოპოზიციის ნაწილმა მშვენივრად იცის, რომ მმართველი პარტია არ ჩაერევა სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

„მაგალითად, კალაძე, რომელიც პარტიის გენერალური მდივანია, ვერ დაურეკავს მოსამართლეს და ვერ ეტყვის გამოუშვას ვიღაცა, ან გირაო შეუფარდოს ისე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ლიდერები ერეოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ჰგონიათ, რომ ახლაც იგივე ხდება.

 შესაძლოა, ილიჩოვა და მელაშვილი გირაოთი გამოუშვან, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა პოლიტიკისოების. გირაოთი გამოშვება არ ნიშნავს, რომ ბრალდება მოიხსნება და უკან არ შებრუნდება საპატიმროში. მაგრამ მე უფრო ველი, რომ უფრო მეტ ყოფილ და მოქმედ ჩინოსნებს დაიჭერენ დავითგარეჯის საქმესთან დაკავშირებით. უფრო მეტს ველი, რადგან გადაწყვეტილების მიმღებები უფრო ზემოთ იყვნენ – ეს იყო სასაზღვრო პოლიცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ამიტომ ბევრი ყოფილი და მოქმედი ჩინოსნის დაკავებას მოველი“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გია აბაშიძე.

„თუ პოლიტიკური ვაჭრობის თემად გადაიქცა, მაშინ რაღაზე ედავებიან დავითგარეჯის გაყიდვას „ნაციონალურ მოძრაობას?“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე, რომლის შეფასებით, ზნეობრივი თვალსაზრისით, ეს იგივე იქნება, რაც გარეჯას გაყიდვა.

„არავითარი მორალური განსხვავება ამ ორ საკითხს შორის არ არსებობს. თუ ილიჩოვას და მელაშვილს დანაშაული აქვთ ჩადენილი და პოლიტიკური მიზნებით აკეთებ ამის გადაფარვას, რომ პოლიტიკურ მიზანს მიაღწიო, მაშინ დავითგარეჯის გაყიდვას პოლიტიკურ მიზანი ჰქონდა და მაშინ ისიც გავამართლოთ! ამიტომ კითხვაც რომ გაჩნდა, ესეც არასწორია, არათუ ასეთი რამ მოხდეს. არ მგონია, რომ მსგავსი ზნეობისგან დაცლილი მოქმედება განახორციელოს ხელისუფლებამ, მით უმეტეს პოლიტიკურად წამგებიანი.

ილიჩოვას და მელაშვილის ციხეში ჯდომა არავის უხარია, მაგრამ აქ ლაპარაკია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ჩადენილ მოქმედებაზე, რომელშიც ეს ადამიანები არიან დადანაშაულებული თვითონ ხელისუფლების მიერ და ამაზე მთელს საზოგადოებას აქვს ინფორმაცია. რას ნიშნავს ვიღაცის პარლამენტში შესვლაზე და ხელისუფლებისთვის პლურალისტური პარლამენტის შექმნის სანაცვლოდ მოხდეს დავითგარეჯის საქმის გამოყენება?! ეს აბსურდი და უზნეობის მწვერვალია უკვე და არა მგონია, რომ ასე მოხდეს“, – აცხადებს სოსო მანჯავიძე.

თუმცა, მისი თქმით, პარლამენტის სხდომის დაწყების წინ კობალაძის და ხუსკივაძის გამოშვება, თუნდაც გირაოთი, ძალიან ცუდად ენიშნა ბევრს.

„გვახსოვს ჩვენ მსგავსი უკომპრომისო განცხადებები უგულავა და ოქრუაშვილის შემთხვევაში და შემდეგ რაც მოხდა. მე მგონია, რომ ასეთი რამე არ მოხდება, რადგან ეს იქნება უმძიმესი რამ. საერთოდ, ამ თემაზე დისკუსიის დაწყებაც არასწორია. ჩვენ ოპოზიციას იმაში ვადანაშაულებთ, რომ აშკარად ვაჭრობს და ცდილობს, პოლიტიკური პატიმრები გააჩინოს იქ, სადაც არ არიან. ამაზე დაყოლა და მით უმეტეს ამ საკითხში, ეს იქნება თვითდაზიანება ხელისუფლებისთვის და მორალური თვალსაზრისით იგივე, რაშიც ადანაშაულებდნენ ოპონენტებს.

ამიტომ, ძალიან ფრხილად იყვნენ ისინი, ვინც ამ გადაწყვეტილებას ღებულობს და ისინიც, ვინც ამ მოლაპარაკებებში ღებულობენ მონაწილეობას! ამ „მრავალფეროვან პარლამენტს“ არ უნდა შესწირონ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები! ბოლოსდაბოლოს ამათ მართლა თავისი ხომ არ გონიათ ეს ქვეყანა?! ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედონ და არა ერთი მუჭა ამ პოლიტიკური ავანტურისტების დიქტატით, რომლებიც მუდმივად აშანტაჟებენ ხელისუფლებას და ქვეყანას იმით, რომ დესტრუქციას მოაწყობენ“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძგანცხადებით, ოპოზიციურ ფრონტზე მიმდინარე პროცესები კარგავს სერიოზულობის განცდას, თუნდაც იმიტომ, რომ ორი ადამიანის გირაოთი განთავისუფლება შეფასდა, როგორც „დიდი გამარჯვება“.

„ამ ადამიანებს ბრალი არ მოეხსნათ, პატიმრობიდა კი არ განთავისუფლდნენ, არამედ გირაოთი არიან გამოშვებული და მეტი არაფერი. ასეთი იაფფასიანი ნაბიჯებიდან გამომდინარე, მეეჭვება, რომ რეალური იყოს ოპოზიცის მოთხოვნები, თუნდაც იმიტომ, რომ ოპოზიცია ეცდება, ეს ნაბიჯი გაასაღოს როგორც გამარჯვება.

რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ გამოიყენოს ამ ორი ადამიანის გირაოთი განთავისუფლება და უთხრან, რომ თქვენი ხათრით გამოვუშვითო და ამით სცადონ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდაზე, მაგრამ არ მგონია, რომ ამ თემას გაგრძელება ჰქონდეს და მით უმეტეს ეს შეეხოს დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულებს, რომლებიც უმძიმეს საქმეზე არიან ბრალდებულები“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.