მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე გაიხსნა. გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად, უმრავლესობის წევრები იმედს იტოვებენ, რომ ოპოზიცია საკუთარ ამბიციებს გვერდზე გადადებს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს. გრძნობს თუ არა უხერხულობას სახელისუფლებო გუნდი დღევანდელ დღეს, ამ კითხვაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ამ კითხვის ადრესატი ოპოზიციაა, რომელიც ქვეყნის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე უარს აცხადებს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა უამრავი მძიმე გამოწვევების წინაშე დგას.
გია ვოლსკი: რა თქმა უნდა, ეს არის დისკომფორტი, როდესაც პოლიტიკური პარტიები აცხადებენ უარს ემსახუნოთ თავის ქვეყანას. ასე რომ, დისკომფორტზე კითხვა ოპოზიციას უნდა დაუსვათ. ოპოზიცია პარლამენტში წარმოდგენილია 60 ადგილით, ეს საკმაოდ სერიოზული რესურსია მუშაობისთვის. ერთადერთი, რა შეფასებაც შეიძლება მათ ქმედებას მიეცეს, ეს არის მავნებლობის და დესტაბილიზაციის სურვილი, რაც სამწუხაროდ არახალია. ქვეყანა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, არის როგორც საშინაო, ისე საგარეო ასპექტები: უსაფრთხოება, ეკონომიკა, კოვიდი, და ამ ფონზე, სამწუხაროდ, ოპოზიციამ გადაწყვიტა საბოტაჟი მოუწყოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ამომრჩეველს. ასე რომ, ცხრა პოლიტიკური პარტიაა პარლამენტში და უმჯობესია მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ და იმუშაონ, ვიდრე ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები აკეთონ.
ახალი მინისტრთა კაბინეტი როგორი იქნება, რა გადაწყვეტილებებია ამ ეტაპზე მიღებული?
- მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე წინასწარი განცხადებები არ მიგვაჩნია სწორად. მიდის ამ საკითხზე მსჯელობა და ვფიქრობ, იქნება ის ხარისხიანი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც უნდა დაუპირისპირდეს იმ გამოწვევებს, რომელიც დგას საქართველოს წინაშე.
ამ შემადგენლობით, რამდენად შეძლებს პარლამენტი სრულფასოვნად მუშაობას?
- 150 წევრია სულ პარლამენტში და დღეს არის 90 წევრი შეკრებილი - ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობით არიან განწყობილი არა მარტო თავისი ამომრჩევლის, არამედ ოპოზიციური სუბიექტების ამომრჩევლების მიმართ. დიდი პრობლემები ემუქრება საქართველოს, თუკი არ შეიქმნა ისეთი ბიუჯეტი, რომელიც სტრატეგიულ მიმართულებებს უზრუნველყოფს. მათ შორის კოვიდთან ბრძოლა, სოციალური პაკეტის, ინფრასტრუქტურული პროექტები და უამრავი სხვა საკითხია გადასაწყვეტი. აქ არიან ის ადამიანები, ვინც პასუხისმგებლობას განიცდიან ქვეყნისა და ხალხის წინაშე. დანარჩენი, ვინც ამ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს, მე ვფიქრობ, პასუხს აგებს ისტორიის წინაშე და ეს პასუხისმგებლობა იქნება საკმაოდ სერიოზული.
მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე, ოპოზიციასთან რაიმე დათმობები და ახალი წინადადებები თუ გექნებათ?
- მოლაპარაკებები აუცილებელი და საჭიროა იმისათვის, რომ რაღაც იმედი მაინც არსებობდეს, რომ ოპოზიციაც ისევე გაითვალისწინებს ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას, როგორც უმრავლესობა. გარდა ამისა, პასუხისმგებლობებზე საუბრისას, უნდა გვახსოვდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა - პასუხისმგებლობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. პრაქტიკულად, არც ერთი სტრუქტურა და ქვეყანა არ დარჩენილა, რომელმაც ეს არჩევნები არ აღიარა ლეგიტიმურად. მაგრამ, არის კიდევ ერთი მომენტი, რომ ისინი ითვალისწინებენ კიდევ ერთ ასპექტს, ეს არის ის ურთულესი სიტუაცია, რაც მსოფლიოშია და რეგიონშია შექმნილი. საქართველო ჩვენი პარტნიორებისათვის არის დასაყრდენი პლატფორმა, რომლის შერყევასაც ცდილობენ ჩვენი ოპონენტები. ოპოზიცია თავისი ქმედებით ვის წისქვილზე ასხამს წყალს თქვენ განსაჯეთ.
საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ოპოზიციაში. ხომ არ ფიქრობთ, რომ თავად ოპოზიციის შიგნითაც პროცესები ჩიხშია შესული?
- ჩიხური სიტუაცია ქვეყანას არ უნდა შეუქმნა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იფიქრებენ მომავალზე, ხალხზე, უსაფრთხოებაზე, კოვიდზე, ეკონომიკაზე, სამხედრო თანამშრომლობაზე ნატოსთან, ევროკავშირთან ურთიერთობის თემებზე და ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით ამ ადამიანებს ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა აქვთ. აქედან გამომდინარე, მე იმედს ვიტოვებ, რომ თუნდაც პიროვნული ძალიან მძიმე ურთიერთობებისა, ისინი გადაწყვეტენ და ჩაებმებიან ქვეყნის სამსახურში. საბოლოოდ, ძალიან ნათელი სურათი შეიქმნა საზოგადოებისთვის და ჩვენი პარტნიორებისათვის. ოპოზიცია თანხმობას არ აცხადებს უბნების გახსნაზე, ვიდეო თვალის გახსნაზე, ასევე თანხმობას არ აცხადებენ იმაზე, რომ ეგზიტპოლები და პარალელური დათვლები ზუსტად ემთხვევა იმ ციფრებს, რაც დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობას განაპირობებს. სწორედ ეს ბადებს ეჭვს, რომ მათი მიზანი არის ქვეყნის დესტაბილიზაცია, როდესაც საკმაოდ რთული საერთაშორისო პროცესები მიმდინარეობს. მე არ ვიცი ამას რა დავარქვა, მაგრამ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მავნებლობა, სადაც მთავარ როლს ასრულებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უნდა ჩატარდეს, როგორი მოლოდინები გაქვთ?
- ჟენევის პლატფორმას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რაც სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ დღის წესრიგიდან მოსახსნელად გაიმეტა, კონკრეტულად კი, ეს არის საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საკითხებზე მსჯელობა. ოკუპაციის შემდეგაც კი მის ხელისუფლებას ჰქონდა გალის რაიონში, ზოგადად აფხაზეთში სამშვიდობო მისიის შენარჩუნების რესურსი და 2009 წლის ივლისში, მათი უპასუხისმგებლობით თუ მოღალატეობრივი შეცდომებით, დაუშვეს ის, რომ გაეროს მისია გაეცალა საქართველოს, მას შემდეგ რაც ეუთო გავიდა საქართველოდან. პრაქტიკულად, რომ არა ჟენევის ფორმატი, საკმაოდ რთული იქნებოდა საქართველოს საკითხის შენარჩუნება, ოკუპაციის საკითხის შენარჩუნება საერთაშორისო პლატფორმაზე. რთული იმ გაგებით, რომ არ იარსებებდა ეს ფორმატი, სადაც მხარეებს ექნებოდათ ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ წინა ხელისუფლების მავნებლობა უფრო ფართო მასშტაბების არის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.