პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. შესაბამისი დადგენილება 87 ხმით მიიღეს. ყველა ის პირი, ვინც ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულად გამოაცხადა, პარლამენტის სრულფასოვანი წევრია. მე–10 მოწვევის პარლამენტის შეკრების პარალელურად, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახელესთან შეკრებილმა 5–მა ოპოზიციურმა პარტიამ სამი დოკუმენტი გააფორმა.
პირველი დოკუმენტი არის მთლიანად ოპოზიციური სპექტრის განცხადება, რომ არჩევნები გაყალბებულია და ისინი არ აღიარებენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, ამავე დოკუმენტში წარმოდგენილია ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებიც, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. მეორე დოკუმენტი წარმოადგენს იმ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს, ვინც არჩევნების შედეგების მიხედვით, მოიპოვეს მანდატები, თუმცა უარს აცხადებენ ამ მანდატებსა და პარლამენტში შესვლაზე.
მესამე დოკუმენტი კი წარმოადგენს პარტიულ განაცხადს, რომლითაც ისინი მიმართავენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს თამარ ჟვანიას „სიების ჩახსნასთან“ დაკავშირებით. მემორანდუმს ხელი მოაწერეს პარტიებმა: „ლელო საქართველოსთვის“, „ლეიბორისტული პარტია“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ოპოზიციის მიერ
მომზადებული დოკუმენტების ხელმისმოწერის პროცესს არ ესწრებიან პარტიები: „გირჩი“, „რესპუბლიკური პარტია“ და „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, მათგან „გირჩი“ და „რესპუბლიკური პარტია“ აცხადებს, რომ პარლამენტში არ შედიან და დეპუტატის მანდატზე უარს ამბობენ, უბრალოდ ამის დამადასტურებლად ცერემონიებში მონაწილეობის საჭიროებას ვერ ხედავდნენ.
ამ ეტაპზე მე–10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს „გირჩი“. იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოიყენებენ აშშ–ის და ევეროკავშირის ელჩების დახმარებას და წარუმატებლად დაასრულებენ მოლაპარაკებას, ყველა დეპუტატი უარს იტყვის დეპუტატის მანდატებზე.
„ჩვენ, არჩევნების დასრულების დღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ პარლამენტში შესვლას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ის ნამდვილად იქნება პარლამენტი, რაც ნიშნავს იმასაც, რომ იქ არის განსხვავებული აზრი და შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
„გირჩი“ უარს ამბობს არასრულფასოვან პარლამენტში შესვლაზე და იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოვიყენებთ ბოლო შანსს – ელჩების დახმარებას და წარუმატებლად დავასრულებთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, „გირჩის“ ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე“, – აღნიშნულია „გირჩის“ განცხადებაში.
ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებს „რესპუბლიკური პარტია“, თუმცა ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია, რომლებმაც მანდატი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებისგან მიიღეს, უარის თქმას მხოლოდ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გეგმავენ. სამნიძე–კორძაიას გულწრფელობის არ სჯერა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას, რომლის განცხადებით „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მეტი განმარტება უნდა გააკეთოს, კერძოდ, თუ მოლაპარაკებები 3–4 თვე გაგრძელდება, 4 თვის განმავლობაში ისინი დეპუტატები იქნებიან?
„მათ გადაწყვიტეს, რომ მოახდინონ დამოუკიდებელი პოზიციონირება, ბლოკმა, რომლის წევრებიც გახლავან „ძალა ერთობაშია–გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ განსხვავებული პოზიცია მიიღო, მათ საზოგადოებასთან კომუნიკაციის ასეთი არხი აირჩიეს, რაც ნორმალურია და მათი სუვენერული უფლებაა. დამატებით უნდა გააკეთონ განმარტება, კერძოდ, ის რომ თუ მოლაპარაკებები გრძელდება 3–4 თვე, 4 თვის განმავლობაში ისინი დეპუტატები იქნებიან?“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ხათუნა სამნიძის განცხადებით, პარლამენტში არ შედიან, მაგრამ თვლის, რომ ღონისძიებები ზედმეტია.
„ჩვენ ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობს არ ვიღებთ. ამ განცხადებით იურიდიულ–სამართლებრივი პროცესი არ დაწყებულა, მათ იგივე გააკეთეს, რაც გავაკეთეთ რამდენიმე დღის წინ. მე ჩავთვალე, რომ ეს დღეს კიდევ ერთხელ საჭირო არაა. ჩვენი დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი პარტნიორების გვერდით ვდგავართ. ჩვენ მოვიპოვეთ მანდატი ბლოკით საარჩევნო პროცესებში ჩართვის შემდეგ. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენი ორი მანდატი ძირითადად არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისგან, ამის გათვალისწინებით, თუ პარლამენტში არაა ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა–ძალა ერთობაშია“ იქ არ არის „რესპუბლიკური პარტია“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც მოლაპარაკების პროცესს გამოეთიშა, მიაჩნია, რომ სირცხვილია, როდესაც ერთი ხელით მანდატებს ხევენ და მეორე ხელით მოლაპარაკებაზე მიდიან. მისივე თქმით, ამ ვითარებაში სასაცილოა, რომ მანდატებს ხევენ ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ.
„ძალიან სასაცილოა, რომ ნინო ბურჯანაძე, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, რომლებსაც მანდატები არ აქვთ, მივიდნენ და მანდატები დავხიოთო ამბობენ. ეს რა უბედურებაა?! მოლაპარაკებაზე რაზეა საუბარი იცით?! – თუ „ქართული ოცნება“ ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ხელი უნდა მოვაწეროთ შეთანხმებას და შეთანხმებას თუ ხელს მოვაწერთ, პარლამენტში უნდა შევიდეთ ყველა, ისინიც, ვინც დღეს მანდატებს ხევენ და უხერხული არ არის? სირცხვილი არ არის, რომ ერთი ხელით მანდატებს ხევდე და მეორე ხელით მოლაპარაკებაზე მიდიოდე, რომ რაღაცას ხელი მოაწერო? რა თქმა უნდა, იმ პარლამენტში არ შევიდოდი, მე არ მითქვამს პარლამენტში შესვლა მინდა და არიქა გავრბივარ–თქო, მე ვთქვი, რომ არის რაღაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის.
ჩვენ ხმამაღლა გავბედეთ და მკაფიოდ ვთქვით, რომ ის მოლაპარაკება არის გადასარჩენი. იმ მოლაპარაკებაზე კი არ ვერთობით და დომინოს სათამაშოდ კი არ დადივართ, არამედ დავაახლოვეთ პოზიციები, წამოვიყვანეთ კომპრომისზე „ქართული ოცნება“ და ძალიან მაგარი ამბავია, რომ ისინი ამ კომპრომისზე მოდიან. მოღალატეობრივი საქციელი კი არ არის პარლამენტში შესვლა, ხალხის სამსახურია პარლამენტში ყოფნა,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ამასთან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლელომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ პროპორციული სიების ანულირებასთან დაკავშირებით ცესკო–ში განცხადებები შეიტანეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, თუ ახლა მიმართავდნენ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, შემდგომ გაიხსნებოდა სია და პროპორციულ სიაში რიგითობის მიხედვით 36 დეპუტატს ექნებოდა საშუალება, რომ მათი უფლებამოსილება ცნობილიყო პარლამენტის მხრიდან.
„ახლა, როდესაც ჩავხსნით ამ სიას, ამ ადამიანებს არ ექნებათ პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი. დარჩება მარტო ის 36 დეპუტატი, ვისი უფლებამოსილებაც ძალით ცნეს. შემდეგ ეს დეპუტატები მიმართავენ ხელახალი განცხადებით, რომ მათი უფლებამოსილება შეწყდეს და საბოლოოდ გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი.
ცესკო–ს თავმჯდომარემ დაახლოებით სამი სამუშაო დღის ვადაში უნდა გამოსცეს განკარგულება, თუ არ გამოსცემს ამ განკარგულებას, სია ავტომატურად ჩახსნილი იქნება და დაახლოებით 17 დეკემბერს ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რომ უფლებამოსილება შეწყვეტილი იქნეს. პარლამენტს აქვს დაახლოებით 2–3 კვირიანი ვადა, რომ ეს განცხადებები განიხილოს და გადაწყვეტილებები მიიღოს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე მოუწოდებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ნუ თამაშობენ, დროზე შემოიტანონ უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებები.
„ამ საკითხს განიხილავს საქართველოს პარლამენტი, ალბათ, უახლოეს დღეებში დაინიცირდება შესაბამისი კანონპროექტი და, ალბათ, ეს კანონპროექტი იქნება უკვე დეკემბრის დღის წესრიგში. გამომდინარე იქედან, რომ უკვე ირთვება ის პროცედურები, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო დაფინანსების გაცემას, მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი უკვე დეკემბერში იყოს მიღებული. ჩვენ ვთქვით, როდესაც შემოვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, კონკრეტული დეპუტატების მხრიდან განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ეს განცხადებები დაკმაყოფილდება და ასევე, მოვუწოდებ მათ, ნუ გაახანგრძლივებენ უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადების შემოტანას, დროზე შემოიტანონ ეს განცხადება ნაციონალებმა საქართველოს პარლამენტში. ნუ თამაშობენ, დროზე შემოიტანონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანალიტიკოსებს უჭირთ იმის ახსნა, რა თამაში დაიწყომ ოპოზიციამ, რომელიც აწყობს პერფორმანსს - არ შედის პარლამენტში, აფორმებს მემორანდუმს, მაგრამ უარს არ ამბობს მანდატებზე. მაგრამ, ამავე დროს, არ გადიან მოლაპარაკების პროცესიდან. დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება პოლიტიკური ექსტრემიზმის გზა, რასაც ოპოზიცია ადგას.
„იძახიან, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, მიაღწევენ რიგგარეშე არჩევნებს. ბუნებრივია, რომ რიგგარეშე არჩევნების არანაირი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ მათ უნდათ, რომ ხელოვნურად დაძაბონ ვითარება ქვეყანაში, ცდილობენ შექმნან პოლიტიკური კრიზისი, რომ მერე ამას მოჰყვეს რიგგარეშე არჩევნები, რაც ცხადია, უპერსპექტივო გზაა.
ეს ე.წ. მემორანდუმი არის მორიგი შანტაჟი, მორიგი მუქარა – როგორც ჩვენ გვინდა, თუ ისე არ გაკეთდება, შეგიქმნით სერიოზულ პრობლემებს. ამას ჰქვია ექსტრემიზმი, მათ არ აინტერესებთ არავინ, არც კონსტიტუცია, არც ქვეყანა და არც არაფერი, გარდა საკუთარი თავისა. რა თქმა უნდა, ეს არის ჩიხი, უპერსპექტივო გზა. საბოლოო ჯამში, კარგად გამოჩნდა ირაკლი კობახიძის განცხადებაში, რომ თუ ისინი ამ კონსტიტუციურ ჩარჩოებში არ დარჩებიან, ექსტრემიზმის გზას გააგრძელებენ, რა თქმა უნდა, პარლამენტში ვერ შევლენ“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ამ პროცესებში არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ელისაშვილის მსგავსად სხვებმაც შეიცვალონ პოზიცია. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ამჟამად ისინი ემოციის ფონზე მოქმედებენ, მაგრამ, როგორც წესი, ემოციები იცვლება.
„რას თამაშობს ოპოზიცია? – მე უკვე ამის განცდაც არ მაქვს, რომ თამაშობს. დაკარგული აქვთ ლოგიკის გრძნობა, რადგან რეალობის გრძნობა არ აქვთ. ამ ხელმოწერების ფონზე მიდიან მოლაპარაკებებზე ელჩებთან და, მაშინ იქ რაღა უნდათ? ერთდერთი შეიძლება ის იგულისხმონ, რომ ამ მოლაპარაკებებზე ისღა უნდათ, რომ დაითანხმონ პოზიცია და ფასილიტატორები რიგგარეშე არჩევნებზე, მაგრამ თავისთავად ესეც ნაკლებად რეალურია. მით უმეტეს ასეთი შეურიგებელი დაპირისპირების ფონზე, როცა ერთი მხარე რჩება შეურიგებელი - ამ შემთხვევაში ოპოზიცია.
მეორე მხარესაც არ გაუჩნდება არანაირი დათმობის სურვილი და შეძლებისდაგვარად ბოლომდე მიიყვანს თავის ხაზს. ასე მიდიან იძულებაზე. ამ შემთხვევაში ოპოზიციას არაფერი არ აქვს, რომ ხალხი გამოიყვანოს ქუჩაში, ესეც აღარ შეუძლია. ახლა, როგორც ჩანს, ელოდებიან ეკონომიკურ კრიზისს, მაგრამ იმასაც არ აკვირდებიან, რომ ეკონომიკური კრიზისი არც თუ ისე რეალურია, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა დასავლეთი დაინტერესებულია, რომ არ იყოს ეს კრიზისი და მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად განვითრდეს მოვლენები საქართველოში“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ოპოზიცია ორად გაიყო. ერთი ნაწილი, რომელმაც ხელი მოაწერა უფრო პერფორმანსს, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით, მანდატები რჩებათ.
„ძალიან კარგია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე გაჩნდა მეორე ნაწილი, რომელმაც თქვა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და არ აპირებენ პერფომასში მონაწილეობის მიღებას. გასაგებია მათი პოზიცია, იმის მიუხედავად, ვეთანხმები თუ არა მათ პოზიციას. სრულიად გაუგებარია პარტიათა იმ ნაწილის გადაწყვეტილება, რომლებიც მოსაწავლეთა ახალგაზრდობის სასახლეში შეიკრიბნენ და დემონსტრაციულად დახიეს მანდატები და რაღაცა პერფორმანსი მოაწყვეს.
თუ ისინი პარლამენტში არც ერთ შემთხვევაში შესვლას არ აპირებენ, მაშინ რა აზრი აქვს მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომას? ჩემი აზრით, ასეთი ქმედებები ხელს უწყობს სიტუაციის დაძაბვას, ვიდრე იმის სურვილს, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს და ჰქონდეს რეალური გამოსავლის მოძებნის შანსი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.