„მათ იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მათ სჭირდებათ, რომ ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ - ეს არ და ვერ მოხდება“

„მათ იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მათ სჭირდებათ, რომ ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ - ეს არ და ვერ მოხდება“

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება, თუმცა მას ოპოზიცია არ დაესწრება. კანონის გათვალისწინებით პირველ სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი ხსნის. უხუცესი კი „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა, მაგრამ, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებს მანდატებზე, პირველ სესიას „ქართული ოცნების“ უხუცესი წარმომადგენელი ლადო კახაძე გახსნის. პირველივე სესიაზე მხოლოდ კომიტეტები დაკომპლექტდება, ხოლო მთავრობა შემდეგ სესიაზე. ცნობილია, რომ „ოცნების“ პირველი ნომერი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოს დატოვებს და მთავრობაში, პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადაინაცვლებს.

ვის წაიყვანს გახარია პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში, როგორ ემზადება „ოცნება“ პირველი სესიისთვის ოპოზიციის გარეშე, ამ თემაზე მმართველი გუნდის წევრს ბექა დავითულიანს ვესაუბრეთ.

როგორ ემზადება მმართველი გუნდი მე-10 მოწვევის პარლამეტის პირველი სესიის გახსნისთვის?

- პროცედურები დაცული იქნება, მმართველი გუნდი შეიკრიბება. სხდომას უხუცესი და პრეზიდენტი გახსნიან. შესაბამისად, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდება. დიდი სამზადისი ამას არ სჭირდება.

პარლამენტის უხუცესი ოპოზიციიდან ბუბა კიკაბიძე იყო, ახლა ვინ გახსნის?

- ჩვენი უხუცესი წევრი, ლადო კახაძე გახსნის პირველ სესიას.

ოპოზიციიდან, სავარაუდოდ, ალეკო ელისაშვილი შემოვა პარლამენტში. მმართველი გუნდის პოზიცია რა არის ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით?

- მმართველმა გუნდმა ძალიან ლოგიკური შეთავაზება გააკეთა. ოპოზიცია თავის მსჯელობას აგებს აპრიორი მცდარ ნარატივზე - ისინი ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამაზე აგებენ თავის ოპოზიციონერობის ლოგიკას. ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. თავიდანვე ვთავაზობდით - თუ თქვენ ამას ამტკიცებთ, გავხსნათ და თავიდან გადავთვალოთ ხმები, რომელზეც თავიდანვე თანახმანი არ იყვნენ. მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზეც შევთავაზეთ გავხსნათ, გადავთვალოთ და თუ ჩვენს სასარგებლოდ 1%-იანი ცდომილება მაინც იქნება, დავიწყოთ დანარჩენზე საუბარი. ისინი უარზე არიან. ეს აპრიორი ნიშნავს, რომ მათ ზუსტად იციან არჩევნები არ გაყალბებულა და ეს სჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ იმ სპეკულაციისთვის, რომ ხელისუფლება არჩევნების გზის გარეშე რაიმენაირად ხელში ჩაიგდონ. ეს არ და ვერ მოხდება.

რადგან ოპოზიცია პარლამენტში შემოსვლაზე უარს აცხადებს, არც საგამოძიებო კომისია შეიქმნება?

 - საგამოძიებო კომისიაზე ირაკლი კობახიძემ მკაფიოდ განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიას უმრავლესობა შექმნის, სადაც იქნებიან შესაბამისი ადამიანები ჩართულნი, რომელებიც ყველა შედეგს ნახავენ, რათა ოპოზიციის მხრიდან ეს სპეკულაციები დასრულდეს.

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვამდე მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი უნდა გამართულიყო და რატომ ჩაიშალა?

- ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ. ჩვენი შეთავაზება ძალიან ლოგიკური იყო - გადავთვალოთ, თუ რამეს ნახავთ, მერე გდავიდეთ დანარჩენზე. ასევე, ოპოზიციას ვთავაზობთ - შევცვალოთ საარჩევნო კოდექსი, შევცვალოთ პირობები. ოპოზიციას ეს ყველაფერი არ უნდა. ოპოზიცია ამბობს, არა გაყალბდა, ჩაშალეთ და დანიშნეთ ახალი არჩევნები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე თანახმა არ ვართ, რადგან ეს ტყუილია. და ეს არის უპატივისცემულობა ამომრჩევლის. ამის დასტური, რომ ეს ასე არ მომხდარა, არის საზოგადოებრივი განწყობა. რამენაირად ეს არჩევნები საზოგადოებრივ განწყობას რომ არ ასახავდეს, დღეს მათი მიტინგები 3-ათასაციანი კი არ იქნებოდა, არამედ 10 ათასზე მეტიანი იქნებოდა. შესაბამისად, მათ რევოლუციური სცენარი უნდათ, უნდათ არჩევნების წართმევა და არა არჩევნებში გამარჯვება. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, ეს არ გამოუვათ.

ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ პირველივე სესიაზე დაკომპლექტდება მთავრობა?

- პირველ სხდომაზე, სავარაუდოდ, მთავრობა არ დაკომპლექტდება. პირველ სხდომაზე მოხდება შესაბამისი კომიტეტების განაწილება.

ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იქნება. კულუარებში საუბარი არის, რომ თეა წულუკიანი კვლავ მთავრობაში გადაინაცვლებს. კიდევ ვის ვიხილავთ საკანონმდებლო ორგანოდან მთავრობაში?

- აღნიშნულ საკითხზე იქნება მსჯელობა, როდესაც მთავრობის დაკომპლექტება მოხდება.

თავად თქვენ დარჩებით პარლამენტში თუ გადაინაცვლებთ მთავრობაში?

- მე პარლამენტში დავრჩები.