რა ხასიათისა და რაობის მქონე შეიძლება იყოს თავად სულიერ-ინტელექტუალური პროდუქტი – ცივილიზაციათა დიალოგის ახალი მოდელი, რომლის შექმნის სტრატეგიული ამოცანაც, ჩვენის აზრით, დგას ქართველი ერის წინაშე?
რა სპეციფიკისაა მოთხოვნილება საერთაშორისო საზოგადოებაში ხსენებულ პროდუქტზე და რამდენად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ამ პროდუქტის მოხმარება მისთვის?
შევეცდებით, განვრცობილად გავცეთ ამ კითხვებზე პასუხი.
ფაქტია, რომ მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეებში მსოფლიო ცივილიზაცია შევიდა ახალ – გლობალიზაციის ეპოქაში, რის გამოც თანამედროვე კაცობრიობა და მასში შემავალი ნებისმიერი ერის ეთნო–კულტურული თვითმყოფადობა დადგა ერთიან მსოფლიო სივრცეში უნიფიცირების საფრთხის წინაშე.
მსოფლიოში მცხოვრები ნებისმიერი ეთნოსი და ერი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა თითოეულ მათგანს სურვილი და მისწრაფება, თავისდაუნებურად ჩავარდა ახალ, მანამდე არნახულ პირობებში.
ახალმა პირობებმა ისეთი ხასიათის პრობლემები წარმოშვეს ყოველი მათგანის წინაშე, რომელთა მოგვარების გარეშეც თითოეულ მათგანს ელის დიდი უსიამოვნებები, დაკავშირებული მათი არსებობის შეწყვეტასთან.
ჩვენი ნაშრომის ამ მონაკვეთის მიზანია შევეხოთ იმ ეპოქალური ხასიათის პრობლემებს, რომელთა წინაშეც დააყენა გლობალიზაციის პროცესმა მსოფლიოში მცხოვრები თითოეული ეროვნული საზოგადოების ეთნო–კულტურული თვითმყოფადობა და უკეთ შევიმეცნოთ ეს პრობლემები ერთი მიზნით, რათა შევძლოთ რამენაირად გადავლახოთ ისინი.
ამასთან ისიც უნდა ვიგულისხმოთ, რომ გლობალიზაციის ეპოქა მთელს დედამიწაზე დადგა არა ერთი დღითა და არა ერთი წლით, არამედ სამუდამოდ.
ამიტომ გადაწყვეტილებანი, მისაღებნი კაცობრიობის მიერ მის წინაშე წარმოშობილი პრობლემების გადასაწყვეტად, არ უნდა იყოს დროებითი ხასიათისა, არამედ უნდა შეიცავდეს თავის თავში ისეთ ფუნდამენტალურ მარცვალს, რომელიც საყრდენად წაადგებოდა გლობალიზაციის ეპოქაში მცხოვრები ეროვნული საზოგადოებების თანაცხოვრებასა და ერთმანეთთან ურთიერთობას.
გლობალიზაციის მიერ მსოფლიო ცივილიზაციის წინაშე დასმული ეპოქალური ამოცანა
თითოეული ერისა და ეთნოსისათვის მისი არსებობის საზრისი საკუთარი ეთნო–კულტურული თვითმყოფადობის არსებობაში მდგომარეობს. ქართველობა ანუ იდეა ქართველად ყოფნობისა არის საზრისი ქართველი ერის არსებობისა, რუსობა ანუ იდეა რუსად ყოფნობისა არის საზრისი რუსი ერის არსებობისა, ინგლისელობა ანუ იდეა ინგლისელად ყოფნობისა არის საზრისი ინგლისელი ერის არსებობისა და ასე შემდეგ, რის გამოც ყოველი ერის ისტორია ტრადიციულად წარმოადგენს ამ ერის მიერ თავის თავად ყოფნობის იდეის ცხოვრებაში ხორცშესხმისა და შენარჩუნებისათვის ბრძოლისა და ისტორიის განმავლობაში ამ თვალსაზრისით თვითდამკვიდრების ერთიან გაუთავებელ პროცესს.
სულიერი ღირებულებებიც, რომლებზედაც არის აგებული ნებისმიერი ერის ეროვნული სულიერება, შესაბამისად, დაკავშირებულია ეროვნული თვითმყოფადობის ხელშეუხებლობასთან.
თითოეული ერის ეთნო–კულტურული თვითმყოფადობის არსებობისათვის მისი თავის თავად ყოფნობის იდეა ანუ თავისთავადობა წარმოადგენს როგორც მთლიანად მისი, ისე მისი თითოეული წევრის ცხოვრების საზრისს – სხვანაირად არ არის მიჩვეული აზროვნებას არც ერთი ერი, რომლისგანაც შედგება თანამედროვე კაცობრიობა. კაცობრიობის შემადგენელი თითოეული ეროვნული საზოგადოების სულიერი მდგომარეობა მისი არსებობის თვალსაზრისით სრულებით არ არის მისადაგებული სხვა მდგომარეობას, განსხვავებულს იმ მდგომარეობისაგან, რომელიც გულისხმობს მის არსებობას.
სხვა მდგომარეობა მისთვის არ არსებობს ერთი უბრალო მიზეზის გამო – სხვა მდგომარეობა ნიშნავს მის არყოფნობას, ანუ მის სიკვდილს.
ეს არის მისი, ეროვნული საზოგადოების სულიერ–ფიზიკური სხეულის, ანუ ამ ეროვნული საზოგადოების კულტურის არსებობის კლასიკური, ტრადციული მდგომარეობა.
ხოლო გლობალიზაციის ეპოქამ თითოეული ერის ეთნო–კულტურული თვითმყოფადობა ჩააყენა ახალ პირბებში – შესთავაზა თითოეულ მათგანს უარი თქვას თავისი თავის მსგავსებაზე, ანუ თავის თავად ყოფნობის იდეაზე, რის გარეშეც არც ერთ მათგანს არ წარმოუდგენია ცხოვრება, რის გარეშეც თითოეული მათგანისათვის დგება სულიერი სიკვდილისა და ეთნო–კულტურული ასიმილირების მომენტი.
გლობალიზაციის მსოფლიო პროცესის მიერ შექმნილი მდგომარეობის ყველაზე დიდი ტრაგედია მდგომარეობს იმაში, რომ მსოფლიოში მცხოვრები ერების ეთნო–კულტურულ თვითმყოფადობათა ერთიან მსოფლიო სივრცეში ერთობლივი უნიფიცირების პროცესმა ამ ბოლო ოცი წლის განმავლობაში დაიწყო განვითარება საშინელი სისწრფით.
ხოლო ტრადიციული გაგებით ეს თითოეული ერის ეთნო–კულტურული თვითმყოფადობის, როგორც თავისი თავის მსგავსი საზოგადოებრივი ერთეულის სიკვდილის თანაფარდი მოვლენაა.
ისმება კითხვა – რა ქნას თითოეულმა ერმა და ეთნოსმა, ჩამოყალიბებულმა მრავალი ათასწლეულების განმავლობაში – როგორ დახვდეს გლობალიზაციის აღნიშნულ პროცესებს – შეეგუოს თავის თავად ყოფნობის მდგომარეობის დასრულებას თუ რამენაირად შეეწინააღმდეგოს მას?
პასუხი ცალსახაა – არც ერთი ერი და ეთნოსი, თავისი ეთნო–კულტურული თვითმყოფადობის მიხედვით გამომხატველი თავისი თავისა, მანამდე ვერ შეეგუება თავის თავად ყოფნობის იდეის დაკარგვას, სანამ იგი არსებობს, რამეთუ მას გარდა თავისი თავად ყოფნობის მდგომარეობისა, სხვა გამოცდილება არა აქვს და არც შეიძლება, რომ ჰქონდეს, რამეთუ სხვა მდგომარეობა, განსხვავებული თავის თავად ყოფნობის მდგომარეობისაგან, მისთვის, უბრალოდ, არ არსებობს.
პირიქით, სწორედ ამის გამო თითოეულ ერს ეთნო–კულტურული თვითმყოფადობის თვალსაზრისით გააჩნია თვითგადარჩენის ინსტინქტი, რაც განაპირობებს თავის თავად ყოფნობის იდეის ანუ თავისი თავის მოვლა–პატრონობის იდეის წარმოშობას და ნებას, რომელიც ამ იდეის ხორცშესხმას უზრუნველყოფს.
პირდაპირ რომ ვთქვათ, გლობალიზაციის ეპოქის ახალი პირობები ქმნიან ტენდენციას თითოეულ ეროვნულ საზოგადოებაში აღძრას უდიდესი მისწრაფება თავისი ეთნო–კულტურული თვითმყოფადობის არმოშლისა და შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.
შესაბამისად, ამოცანაც, დასმული ახალი, გლობალიზაციის ეპოქის მიერ, თითოეული ეროვნული საზოგადოების მიერ თავისი ეთნო–კულტურული თვითმყოფადობის როგორმე შენარჩუნებაში მდგომარეობს.
იმისათვის, რათა შევძლოთ გავაგრძელოთ მსჯელობა ესოდენ მნიშვნელოვანი ამოცანის წარმატებით გადაჭრის შესახებ, ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, გავერკვეთ, თუ რას წარმოადგენს გლობალიზაციის პროცესი ჩვენთვის საინტერესო კონტექსტში.
გლობალიზაციის იდეოლოგიის ცნების განსაზღვრებისათვის
იმისათვის, რათა გავერკვეთ, თუ რა სიბრტყეში არის გადასაჭრელი ეპოქალური ამოცანა, წამოჭრილი მსოფლიო გლობალიზაციის მიერ კაცობრიობის წინაშე, ამისათვის საჭიროა მოვახდინოთ თავად გლობალიზაციის პროცესის გარკვეული დიფერენციაცია.
მსოფლიო გლობალიზაცია წარმოადგენს მსოფლიო ცივილიზაციის ინფორმაციულ და კომუნიკაციურ შესაძლებლობათა განვითარების ტექნიკურ პროდუქტს, რომელმაც საფუძველი დაუდო მსოფლიოს ფინანსური, ეკონომიკური, სავაჭრო სფეროთა გლობალიზაციის პროცესსაც.
მაგრამ, ამავე დროს, კვალდაკვალ ტექნიკური შინაარსისა გლობალიზაციის პროცესს აქვს თვისება გავლენა მოახდინოს, აგრეთვე, ადამიანური ცხოვრების წესზე, მის წარმოდგენებზე სინამდვილი შესახებ, საზოგადოებაში მისი როლის, ადგილისა და დანიშნულების შესახებ, ადამიანის ცხოვრების საზრისის შესახებ და სხვა.
ანუ გლობალიზაციის პროცესი ჩვენ შეგვიძლია დავყოთ ორ – ტექნიკურ და ჰუმანიტარულ შემადგენელ ნაწილებად.
ცალკე განსაზღვრების საგანია გლობალიზაციის ტექნიკური შემადგენელი და ცალკე განსაზღვრების საგანია გლობალიზაციის ჰუმანიტარული შემადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, უთუოდ, ერთი და იგივე პროცესის გამომხატველები არიან.
ჩვენ ჩვენს ნაშრომში არ შევეხებით ტექნიკურ შემადგენელს, რამეთუ იგი არ წარმოადგენს ჩვენი კვლევის მიზანს.
ჩვენი ყურადღების ობიექტია გლობალიზაციის ადამიანური ანუ ჰუმანიტარული შემადგენელი ერთი მიზნით – როგორ არის შესაძლებელი, რომ გლობალიზაციის მსოფლიო პროცესმა კი არ შთანთქას ნებისმიერი ერის ეთნო–კულტურული თვითმყოფადობა, არამედ მისცეს თითოეულ მათგანს თავისი ინდივიდუალური სახის მიხედვით ცხოვრებისა და განვითარების საშუალება, რაც იქნებოდა კიდეც გლობალიზაციის ეპოქის მიერ მსოფლიო კაცობრიობის წინაშე დასმული ეპოქალური ამოცანის წარმატებით გადაჭრაც.
გლობალიზაციის ჰუმანიტარული შემადგენელის თეორიული კონცეფციის აღსანიშნავად ჩვენ შემოგვაქვს ტერმინი – გლობალიზაციის იდეოლოგია. ანუ გლობალიზაციის იდეოლოგია არის გლობალიზაციის პროცესის ჰუმანიტარული შემადგენელის თეორიული კონცეფციის აღმნიშვნელი ცნება.
იმდენად, რამდენადაც მსოფლიო გლობალიზაციის პროცესი ერთნაირად ემუქრება მსოფლიოში მცხოვრები თითოეული ერის ეთნო–კულტურულ თვითმყოფადობას ერთიან მსოფლიო სივრცეში უნიფიცირებით, ამდენად უფლებაც გლობალიზაციის პროცესთან თავის პიროვნულ დამოკიდებულებაზე ასევე თანასწორად გააჩნია თითოეულ მათგანს.
უფრო მეტიც – გლობალიზაციის ეპოქაში ცხოვრებისა და განვითარების უფლება არის მსოფლიოში მცხოვრები ნებისმიერი ეთნოსისა და ერის წმინდა უფლება, რაც გვკარნახობს ვიფიქროთ გლობალიზაციის იდეოლოგიის ისეთი მოდელის შექმნის შესახებ, რომელიც მისცემდა თითოეულ ეთნოსსა და ეროვნებას, მცხოვრებს თანამედროვე მსოფლიოში, თავისთვის დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით თავისი საზოგადოებრივი ცხოვრების განგრძობისა და განვითარების საშუალებას.
ამდენად, ჩვენ ამ ნაშრომში, ერთის მხრივ, ვაყენებთ საკითხს გლობალიზაციის იდეოლოგიის შექმნის შესახებ, რომელიც უეჭველად არის საერთაშორისო საზოგადოებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ნომერ პირველი პრობლემა, ხოლო, მეორეს მხრივ, გლობალიზაციის იდეოლოგიის გარკვეულ მოდელს, რომლის შესახებაც ნაშრომის შემდგომ განვრცობაში გვექნება საუბარი.
გლობალიზაციის ფესვების და უფესვობის იდეოლოგია
თუ წარმოვიდგენთ, რომ ნებისმიერი ერის ეთნო–კულტურული თვითმყოფადობა წარმოადგენს მრავალათასწლიანი ისტორიული ჩამოყალიბების ნაყოფს და თითოეულ მათგანს სული უდგას იმ მარადიული ფესვებიდან მიღებული სულიერი საკვების საშუალებით, რომლებიც შექმნეს მათმა შორეულმა წინაპრებმა, მაშინ პირობითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ეროვნულობის არსის განმსაზღვრელი ეროვნული იდეოლოგია, ანუ სულიერი ღირებულებების ის სისტემა, რომელშიც ის გაიაზრებს თავის თავს, თავისი ხასიათით წარმოადგენს ფესვების იდეოლოგიას.
ანუ თითოეული ერის ეთნო–კულტურული თვითმყოფადობა სულიერად იკვებება ფესვების იმ იდეოლოგიით, რომელიც მისთვის არის დამახასიათებელი.
ამგვარი გაგებით, ეროვნული იდეოლოგია შეუძლებელია რომ არ იყოს ფესვების იდეოლოგია, მიმცემი ერისათვის ეროვნული თვითშეგნების არსებობის შესაძლებლობისა, რამეთუ ცნება „ეროვნულის“ არსი გულისხმობს გარკვეული ფესვებიდან ამოზრდილ ინდივიდუალურ ეროვნულ სულიერ–საზოგადოებრივ არსს.
აქსიომა: ნებისმიერი ერთი ეროვნული საზოგადოებათაგანის არსებობა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ფესვების იდეოლოგიის არსებობის შემთხვევაში.
როდესაც ლაპარაკია გლობალიზაციის იდეოლოგიის შექმნის შესახებ და, აგრეთვე, გლობალიზაციის ეპოქაში ყოველი ერის ცხოვრებისა და თავისუფალი განვითარების წმინდათ წმინდა უფლებაზე, ბუნებრივია, ეს იქნება შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუ კი თავად გლობალიზაციის იდეოლოგია, განმაპირობებელი სხვა და სხვა ერთა და კონფესიათა შორისი ურთიერთობებისა, იქნება ისეთი ხასიათისა, რომ ბუნებრივად შეესაბამოს თითოეული ერის ეთნო–კულტურული თვითმყოფადობის ნებისმიერ ინდივიდუალობას. ანუ იგულისხმება, რომ თავად გლობალიზაციის იდეოლოგია, როგორც სულიერ ღირებულებათა სისტემა, თავისი შინაარსით ფესვების იდეოლოგიის ხასიათისა უნდა იყოს.
ცივილიზაციათა დიალოგის ახალი მოდელი - ფესვების იდეოლოგიის ღირებულებითი სისტემატიზაცია
ბუნებრივია, მსოფლიო ცივილიზაციის სულიერი კრიზისის დაძლევა მდგომარეობს სხვადასხვა ერთა და კონფესიათა შორისი ურთიერთობების ისეთი მოდელის შექმნაში, რომელიც, როგორც კონცეპტუალური საფუძველი, მოახერხებდა შეექმნა მსოფლიოში მცხოვრები ნებისმიერი ეთნო–კულტურული თვითმყოფადობების შენარჩუნების შინაარსობრივი და სულიერი საფუძველი.
სწორედ ამ ფუნქციის შესრულებას გულისხმობდა ჩვენი პატრიარქი, როდესაც ცივილიზაციათა დიალოგის ახალი მოდელის შესახებ საუბრობდა.
გამოდის, რომ ცივილიზაციათა დიალოგის ახალი მოდელი მოწოდებულია წარმოადგენდეს გლობალიზაციის იდეოლოგიის იმ ვარიანტს, რომელიც დანიშნულებაც არის დაარეგულიროს სხვა და სხვა ერთა და კონფესიათა შორისი ურთიერთობები ისე, რომ თითოეული მათგანის ეთნოკულტურული თვითმყოფადობები გლობალიზაციის ეპოქაში იყოს ერთიან გლობალურ მსოფლიო სივრცეში უნიფიცირების საფრთხისაგან დაცული.
და ბოლოს, დასკვნა, რომლის დასაბუთებაც ამ თავში ჩვენ გვევალებოდა:
შექმნა ცივილიზაციათა დიალოგის გარკვეული მოდელისა, როგორც სულიერ-ინტელექტუალური ხასიათის პროდუქტისა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებრიობის ნებისმიერ წევრს მისცემდა საშუალებას გლობალიზაციის ეპოქაში შეენარჩუნებინა თავისი ეთნოკულტურული თვითმყობადობა, წარმოადგენს თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მოთხოვნას.
ცივილიზაციათა დიალოგის ახალი მოდელის შექმნის პრინციპების შესახებ
არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება გარემოებას იმის შესახებ, თუ როგორ და რა პრინციპებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი ცივილიზაციათა დიალოგის ახალი მოდელის შექმნა, რომელიც ღირებულებითი თვალსაზრისით იქნებოდა ფესვების იდეოლოგიის ხასიათისა?
ეროვნული საზოგადოება არის ისტორიულად ჩამოყალიბებული ეთნო–კულტურული ერთეული, რომელიც თავის თავში გულისხმობს მისი, როგორც საზოგადოების გარკვეული ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციულური მოწყობისათვის საჭირო სულიერ ღირებულებათა ერთიანი სისტემის არსებობას, რომელიც არის საყოველთაოსა და აუცილებელის მნიშვნელობის მქონე ამ საზოგადოების თითოეული წევრისათვის.
რომ არა საზოგადოების ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური მოწყობისათვის საჭირო აღნიშნული სისტემა სულიერი ღირებულებებისა, რომელიც სულიერად და შინაარსობრივად განმსჭვალავს ეროვნულ საზოგადოებას, არ იარსებებდა არც თავად ეროვნული საზოგადოება, როგორც ერთი სულიერ–საზოგადოებრივი მთლიანობა და, შესაბამისად, არ იარსებებდა არც სახელმწიფოებრიობა, როგორც ხსენებული ეროვნული საზოგადოებისათვის სრულფასოვნების ხარისხის მიმნიჭებელი ფორმატი.
მოძღვრებას ეროვნული საზოგადოების მენტალობაში სულიერი ღირებულებათა სისტემის არსებობის შესახებ ეწოდება ეროვნული იდეოლოგია.
ანუ თუ არსებობს ეროვნული საზოგადოება, უნდა ვივარაუდოთ, რომ მის სულიერ წყობაში იგულისხმება არსებობა ეროვნული იდეოლოგიისა, როგორც საზოგადოების ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური მოწყობისათვის აუცილებელი სულიერ ღირებულებათა სისტემისა.
(აქვე მინდა განვმარტო, რომ არამართლებულად მიგვაჩნია უარყოფა ისეთი საჭირო და შეუცვლელი ტერმინისა, როგორიც არის «იდეოლოგია». ჩემის აზრით, საბჭოთა კომუნისტური რეჟიმის მიერ მისი მკვეთრად უარყოფით კონტექსტში გამოყენება უარყოფითად ახასიათებს თავად კომუნისტურ რეჟიმს და არანაირად ცნებას «იდეოლოგია», რომლის გარეშეც, ელემენტარულად, ბუნებაში ადამიანური შემადგენელის არსებობა ყოვლად შეუძლებელი იქნებოდა.)
ეროვნული იდეოლოგია არის სულიერ ღირებულებათა ის სისტემა, რომელიც როგორც სულიერი ხერხემალი აუცილებლად არსებობს ნებისმიერ ეროვნულ საზოგადოებაში, როგორც ფაქტი.
ანუ თუ არსებობს ეროვნული საზოგადოება, როგორც ფაქტი, უნდა ვიგულისხმოთ, რომ არსებობს მასში ეროვნული იდეოლოგია, როგორც ფაქტი.
ეროვნული იდეოლოგიის არსებობის გამო არსებობს თავად ეროვნული საზოგადოება, როგორც გარკვეული ეთნო–კულტურული თვითმყოფადობის მქონე ორგანიზმი.
ეროვნული იდეოლოგია წარმოადგენს ერთადერთ ზნეობრივ, სამართლებრივსა და სოციალურ საფუძველს, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების ნებისმიერი ფორმით არსებობას.
ეროვნული იდეოლოგიის გარეშე არ არსებობს საზოგადოების ნებისმიერი ფორმით არსებობის საფუძველი, რის გამოც საზოგადოება განიცდის დაშლასა და ასიმილირებას.
ამის გამო ეროვნული იდეოლოგიის არსებობას აქვს საზოგადოებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა.
იმისათვის, რათა მარად არსებობდეს ქართველი ერი, საჭიროა მარად არსებობდეს ქართული ეროვნული იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც აქვს ერს მოწყობილი თავისი სულიერი და საზოგადოებრივი ცხოვრება.
ეროვნული თვითშეგნება
მაგრამ ყოველ ეროვნულ საზოგადოებას აქვს თავისი თავის შესახებ წარმოდგენათა და შეხედულებათა სისტემა, რომელსაც ეწოდება ეროვნული თვითშეგნება. ეროვნული თვითშეგნება იმით არის დაკავშირებული ეროვნულ იდეოლოგიასთან, რომ იგი აგებულია იმ სულიერ ღირებულებათა სისტემაზე, რის არსებობასაც ადგილი აქვს მის სულიერ სხეულში.
ყოველ ერს აქვს ეროვნული თვითშეგნება, რაც ფრიად ინდივიდუალურია, რომელიც აგებულია საბაზო სულიერ ღირებულებებზე, რაც არის ზოგადი მნიშვნელობისა მთელი კაცობრიობისათვის.
თუ მოძღვრებას სულიერ ღირებულებათა სისტემის შესახებ ეწოდება ეროვნული იდეოლოგია, ეროვნული საზოგადოების წარმოდგენათა და შეხედულებათა სისტემას თავისი თავის შესახებ ეწოდება ეროვნული თვითშეგნება.
ეროვნული იდეოლოგიის, ანუ სულიერი ღირებულებათა ზოგადი სისტემატიზაციის გარეშე არ არსებობს ეროვნული თვითშეგნება, როგორ საზოგადოების შეგნებაში თავისი თავის შესახებ წარმოდგენა, ხოლო ეროვნული თვითშეგნების გარეშე არ არსებობს ეროვნული საზოგადოება.
ეროვნული იდეოლოგია არის ზოგადი ღირებულებითი საფუძველი, დიდი ალბათობით ამსახველი ზოგადსაკაცობრიო საბაზი სულიერ ღირებულებათა სისტემისა, რომელთა საფუძველზედაც არსებობს თანამედროვე კაცობრიობა, ხოლო ეროვნული თვითშეგნება არის ფრიად ინდივიდუალური არსი, რომელიც აბსოლუტურად ასახავს ეროვნული საზოგადოების ინდივიდუალურ სახეს.
ეროვნული საზოგადოების ინდივიდუალური სახე წარმოადგენს ფაქტობრივ მოცემულობას, ამსახველს მისი ეროვნული თვითშეგნებისა, რომელიც უშუალოდ არის დაშენებული სულიერ ღირებულებათა იმ ზოგად სისტემაზე, რომელსაც ეროვნული იდეოლოგია ეწოდება და რომელიც ასე უახლოვდება და დანარჩენი სხვა ეროვნული საზოგადოებების კუთვნილ ეროვნულ იდეოლოგიებთან ერთად ქმნის ზოგადსაკაცობრიო სულიერ ღირებულებათა სისტემას, როგორც ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაციის ერთიან ღირებულებით საფუძველს.
თვალსაჩინოა, რომ ამ აბზაცში წარმოდგენილი ლოგიკის გორგალი ერთი წვერით უერთდება კონკრეტული ეროვნული საზოგადოების ინდივიდუალურ სახეს, ხოლო მეორე ბოლოთი უკავშირდება ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაციის ზოგად ღირებულებით არსს.
ჩვენის აზრით, ეს დასკვნა ჩვენი მიზნის მიღწევის გზაზე იძენს საეტაპო მნიშვნელობას, რამეთუ გვაძლევს საშუალებას გადავჭრათ შემდეგი უმნიშვნელოვანესი ამოცანა:
რომელიმე კონკრეტული ეროვნული საზოგადოების ინდივიდუალური სახის ანალიზიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბოთ ცივილიზაციათა დიალოგის ჩვენთვის სასურველი მოდელი, როგორც სხვა და სხვა ერთა და კონფესიათა შორისი ურთიერთობის უნივერსალური კონცეპტუალური საფუძველი.
P.S. შემდგომ თავში ჩვენ შევეცდებით დავასაბუთოთ, რომ თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოების მასშტაბით ერთადერთ ეროვნულ საზოგადოებას, რომლის ინდივიდუალური სახეც იძლევა ცივილიზაციათა დიალოგის საერთაშორისო საზოგადოებისათვის სასურველი მოდელის ჩამოყალიბების საშუალებას, წარმოადგენს თანამედროვე ქართული საზოგადოება.