„სულმიყიდული“ პარტიები და „იუდას“ ძებნას გადაყოლილი ოპოზიცია

„სულმიყიდული“ პარტიები და „იუდას“ ძებნას გადაყოლილი ოპოზიცია

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. ამის ფონზე, ოპოზიციის ერთგვარი ბოიკოტი გრძელდება და პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ სიებს მოხსნიან და საკანონდებლო ორგანოში არ შევლენ. თუმცა, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მისამართით გვესმის ამა თუ იმ ოპოზიციონერის შედარებით ლოიალური განცხადებები და ვხედავთ, შეცვლილ დამოკიდებულებას, რაც რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

რამდენიმე პოლიტიკოსი ღიად ალაპარაკდა პარლამენტში შესვლაზე. შესაბამისად, ოპოზიციაში დაწყებული განხეთქილება, ახლა უფრო მეტად გახდა საჯარო. გვესმის ურთიერთბრალდებები და ვხედავთ ერთმანეთის მისამართით ხელის გაშვერას, თუ ვინ არის „იუდა“ და ვინ ვის „მიყიდა სული.“ ოპოზიციურ სპექტრში გარკვეული ნაწილი თითქოს სხვა დანარჩენს, ამ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპული საქართველოს“ გამოეყო და ღირებულბების გადაფასება დაიწყო - რა იქნება უკეთესი, როგორც მათთვის, ასევე ქვეყნისთვისაც.

„იუდად“ გამოცხადებული ალეკო ელისაშვილი აქტუალობას კვლავ ინარჩუნებს და ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ არცთუ ისე ძვირად, თუმცა, მოძრაობა „მოქალაქეებისთვის“ ლიდერმა „ქართულ ოცნებას“ „სული უკვე მიყიდა“ და საკანონდებლო ორგანოში შესვლაზეც სწორედ ამიტომ ალაპარაკდა. ალეკო ელისაშვილმა თავის მხრივ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები გიგი უგულავა და გიგა ბოკერია „რადიკალურ ფრთად“ მონათლა და განაცხადა, რომ ისინი საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში ვერ ხვდებიან და შესაბამისად, არსებული მდგომარეობა ხელს აძლევთ, ისინი ცდილობენ „ყველაფერი აურიონ.“

„იმ დროს როცა ჩვენ პირში წყალი გვაქვს ჩაგუბებული, ელჩების ხათრით, ისინი გვეუბნებიან, რომ პროცესს ნუ დააზიანებთ, გარეთ ნუ გაიტანთ მოლაპარაკების დეტალებს. ეს ძალიან მარტივია. იქ თანამდებობებს და ფულს კი არ ვიყოფთ. მე რომ სიტყვას ვაძლევ, ამ სიტყვის ერთგული ვარ, განსხვავებით სხვა პარტიებისგან. ბოკერიას პარტია დადის იმ შეხვედრებზე მარტო იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები და აურიოს ყველაფერი. საბოტაჟით არიან დაკავებულები. იცით რატომ? იმიტომ რომ პარლამენტში ვერ მოხვდნენ ბოკერია და უგულავა. თავი მოეჭრათ ერთს ზუგდიდში მეორეს ფოთში“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში არ შედის და საარჩევნო სიას აუქმებს. როგორც პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ერთობლივი იყო გადაწყვეტილება სიის გაუქმებასთან დაკავშირებით. ვაშაძის თქმით, ასევე აპირებენ მოლაპარაკებებში მონაწილეობას.

„ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ხვალ დავწერთ განცხადებებს, ჩავხსნით ჩვენს სიებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ბოიკოტს. მეორე მხრივ ყველანაირად მოწადინებული ვართ, რომ შეთანხმება შედგეს. ვაპირებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, ვაპირებთ ამ პროცესში თავიდან ბოლომდე მივიღოთ მონაწილეობა. სიტუაცია ძალიან მძიმეა, და ის რომ ხვალ ერთპარტიული პარლამენტი იქნება, ეს არის არა გამარჯვება ვინმესი, არამედ პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს არის უზარმაზარი პრობლემა და მარცხი ქართული დემოკრატიის“, - თქვა გიორგი ვაშაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ელისაშვილი ერთადერთი ოპოზიციონერი არ არის, რომელმაც შეიძლება პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღოს. საკანონდებლო ორგანოში შესაძლოა ვიხილოთ მისივე თანაპარტიელი ლევან იოსელიანი, რამდენიმე „გირჩელი“ - იაგო ხვიჩია, სანდრო რექვიაშვილი და ვახტანგ მეგრელიშვილი. ასევე „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ამასთან, ელჩების შუამდგომლობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი, მეხუთე რაუნდი 10 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, მათი შეხვედრა გადაიდო. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია და ვიხილავთ თუ არა მე-10 მოწვევის პარლამენტში, ამ ინფორმაციის გადამოწმებას For.ge პოლიტიკოსებთან შეეცადა.

ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს გიორგი ვაშაძემ, ალეკო ელისაშვილმა და იაგო ხვიჩიამ.

თუმცა, როგორც „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა For.ge-სთან განაცხდა, არც ერთი ოპოზიციონერი პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ყოველგვარი მოლაპარაკების შანსი თავად ხელისუფლებამ გააქრო. შესაბამისად, მისი თქმით, 11 დეკემბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნება“ იქნება.

„კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ, სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი. თუ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ რაიმე სასწაული არ ჩაიდინა და არ გაანეიტრალა გუშინდელი განცხადებით დარჩენილი ემოცია, მგონია, რომ ამ მოლაპარაკებიდან არაფერი გამოვა და „ოცნება“ მარტო შევა პარლამენტში.

თუ იმ მხარეს არ აქვს მოლაპარაკების არანაირი იმედი, მაშინ გამოდის, რომ ეს მოლაპარაკებები ტყუილად მიმდინარეობს. გვქონდა იმედი, რომ ყველა შევიდოდა პარლამენტში, თუ მოლაპარაკებები დასრულდებოდა წარმატებით, მაგრამ რაღაც მომენტში სიტუაცია შეიცვალა „ქართული ოცნების“ განცხადების გამო. ეს მოლაპარაკება, ფაქტობრივად, დაასრულა „ქართულმა ოცნებამ,“ გუშინ თავისი განცხადებით და არ მგონია, რომ ალეკო ელისაშვილის თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსის დამოკიდებულება ისეთი სტაბილური იყოს, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდეს რა ხდება მის გარშემო.

ეს მოხდა ალბათ იმ პოლიტიკოსების ირგვლივაც, რომლებიც იმედს უფრო მეტს ამყარებდნენ ამ მოლაპარაკების კარგად დასრულებაზე, ვიდრე პირიქით. სინამდვილეში ყველა დაზარალდა. მივიღეთ ის სიტუაცია, რაშიც ვიყავით 31 ოქტომბრის მერე, როდესაც არანაირი მოლაპარაკებები არ იყო და არანაირი იმედის ნაპერწკალი არ ჩანდა. ახლა მივიღეთ ის, რაც შესაძლოა ბევრ ადამიანს გაუხარდეს. „ქართული ოცნება“ არის მარტო და ვნახოთ, როგორ დაგვენგრევა თავზე ქვეყანა, ამას ველოდებით ყველა“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა For.ge-სთან.

აქვე გეტყვით, თუ რა განცხადებაზეა საუბარი: 9 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რეგისტრაცია გაუუქმდება, რაც პარლამენტის პირველივე სხდომებზე იქნება ინიცირებული.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ნუკრი ქანთარია For.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილმა უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება და შევიდეს პარლამენტში, რომ საქმის კეთება სწორედ საკანონდებლო ორგანოდან გააგრძელონ.

„ნაწილი მართლაც ტყვეობაშია. ლოგიკაც ეს არის, რომ მათ პარლამენტში მეტი რამის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე ქუჩიდან „ჭყიპინი.“ თუ ნაწილს მაინც ეყოფა ამის გამბედაობა, კარგი იქნება. დანარჩენები ხელის შეშლის მეტს ვერაფერს გააკეთებენ, მათ ისედაც ხელის შეშლის მეტი არაფერი გაუკეთებიან 8 წელიწადი.

არის კიდევ ნაწილი, რომელსაც რაღაც იდეები აქვს და აყოლილია ამ ფრთას. ახლა ცოტა შეიცვალეს პოზიცია და ვნახოთ, რა მოხდება. თუ თავს ჭკუას დაატანენ, წესით, უკვე იქ (პარლამენტში) უნდა იყვნენ. თუ ბოკერიას აყვნენ, ის პროცენტული რაოდენობაც გაუქრებათ და პერსპექტივაც აღარ ექნებათ. უნდა აწონ-დაწონონ სიტუაცია, რომელია უკეთესი საერთო საქმისთვის და მათთვისაც.

ახალი პარტიები შედარებით ლოგიკასთან უფრო ახლოს არიან. სურთ, რომ პარლამენტში შევიდნენ, რაღაც გააკეთონ, თუმცა, ახლა ბოკერია-უგულავასთან არიან, რომლებიც სიის მიხედვით, არც ერთი შედის პარლამენტში. მათ არ აწყობთ და ცდილობენ, რომ მათი გავლენა უფრო მეტად მოახვიონ სხვებს. თავიდან ესენიც აყვნენ და ახლა გამოფხიზლების პროცესია, არ ვიცი რა იქნება“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ For.ge-სთან.