„როცა 2008 წლის მოვლენების ანალიზს ვერ აკეთებ, ხვალ რომ ხელისუფლებაში მოხვალ, მე როგორ ვირწმუნო, რომ „ოცნებაზე“ უკეთესი იქნები, მით უმეტეს ადრე რაც იყავი, ვიცი“

„როცა 2008 წლის მოვლენების ანალიზს ვერ აკეთებ, ხვალ რომ ხელისუფლებაში მოხვალ, მე როგორ ვირწმუნო, რომ „ოცნებაზე“ უკეთესი იქნები, მით უმეტეს ადრე რაც იყავი, ვიცი“

ოპოზიცია დილემის წინაშეა და მათ შორის პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე აზრი საბოლოოდ ორად გაიყო. ნაწილი მათგანი ფიქრობს, რომ თუ კი მანდატებს დათმობენ, მაშინ ხელისუფლებასთან რაღაზე უნდა ილაპარაკონ გაურკვეველია. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ პირიქით, როცა მანდატებს დათმობენ ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან სავაჭრო თემა აღარ ექნება და მათი რიგგარეშე არჩევნებზე წამოყვანა უფრო გაადვილდება. თუმცა რის ფასად წამოვა ამ დათმობაზე „ოცნება“ ლოგიკას მოკლებულია.

უფრო რადიკალურად განწყობილი ოპოზიციური ფრთა ნაციონალები და ევროპელები ფიქრობენ, რომ ამ დათმობაზე ხელისუფლება გაზაფხულზე წამოვა, როცა ეკონომიკური კრიზისით და სოციალური პრობლემებით შეწუხებული ხალხის დიდი რაოდენობა ქუჩაში გამოვა. ოპოზიციის ნაწილმა for.ge-სთან დაადასტურა, რომ ამ ძალის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია ეს მიმართულებაა, რომელზეც ოპოზიციის დახურულ შეხვედრებზე საუბრობდნენ.

შეძლებს თუ არა ეს ძალა ოპოზიციის ნაწილის მართვას საბოლოოდ, ორშაბათს მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე გახდება ცნობილი ან კიდევ მომდევნო დღეებში, როცა საბოლოოდ გაირკვევა ვინ დაწერს განცახდებას ინდივიდუალურად მანდატებზე უარის სათქმელად.

პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად, ხვალ, ოპოზიცია პარტიული სიების ანულირების ხელშეკრულებას გააფორმებს. ღონისძიება რიყეზე გაიმართება, ამის შემდეგ არჩეულმა დეპუტატებმა მანდატებზე უარის შესახებ განცხადებებით პარლამენტს უნდა მიმართონ. წინასწარ არის ცნობილი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ყველას მოთხოვნას დააკმაყოფილებს. პარტიულ სიების ანულირებას გეგმავენ „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „ლეიბორისტული პარტიის“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ლელოს“ წევრები.

„ლელო საქართველოსთვის“ საკუთარ საპარლამენტო სიას პარლამენტიდან ხვალვე გამოიწვევს. მანდატებზე უარის შესახებ საბოლოო და ოფიციალური გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. მსგავსი გადაწყვეტილება ასევე პოლიტსაბჭოზე „სტრატეგია აღმაშენებელმაც“ მიიღო. თუმცა როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ეს არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები არ გაგრძელდება. ხაზარაძე ადასტურებს, რომ ხელისუფლებას თხოვნით მათ მიმართეს, რათა მოლაპარაკება ორშაბათისთვის გადატანილიყო. როგორც ჩანს, ოპოზიციის ნაწილს მაინც იმედი აქვს, რომ სანამ ცესკო მათ მოთხოვნებს იურიდიულად გააფორმებს, რასაც გარკვეული დრო სჭირდება, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება შედგება.

კონსტიტუციონალისტები for.ge-სთან ამბობენ, რომ ხვალ ფაქტობრივად, ოპოზიცია სამართლებრივად პარლამენტში შესულად ითვლება, რადგანაც მანდატებზე უარის თქმას დრო და პროცედურა სჭირდება. ამიტომ ახლა ყველაფერი დამოკიდებულია არა იმაზე, პარტიების სიებს ჩახსნიან თუ არა, არამედ იმაზე, ინდივიდუალურად განცახდებას რომელი დეპუტატი დაწერს და მანდატზე უარს იტყვის. ხვალ დაგეგმილი ოპოზიციის საჯარო ხელმოწერა აქტზე თუ დოკუმენტზე მხოლოდ სპექტაკლია, რომელიც საზოგადოების მოსაჩვენებლად კეთდება.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიცია წარმოდგენილი იქნება:

„ჩვენ გამოვთქვით გუშინდელ ბრიფინგზე, რომ გაგვეგრძელებინა მოლაპარაკებები და მოლაპარაკებებთან არ იყო კავშირში ის საკითხები, რომელიც ჩვენ წამოვწიეთ ბრიფინგზე, ჩვენ კვლავაც ვართ მზად, რომ წამოვწიოთ ის ინიციატივები, რომელიც იყო გაჟღერებული. რაც შეეხება ხვალინდელ სხდომას, ოპოზიციური პარტიების გადასაწყვეტია, მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას ხვალინდელ სხდომაში. ჩვენ მიჩვეული ვართ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტს, ხვალინდელ სხდომას რაც შეეხება, ვერ გეტყვით, ვინ მიიღებს და ვინ არა მონაწილეობას, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში წარმოდგენილი იქნებიან ოპოზიციური პარტიები, დაველოდოთ და ვნახავთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მხოლოდ იმ ოპოზიციურ ძალებთან ექნება მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი, რომლებიც თავის საპარლამენტო სიებს არ გაანულებენ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა:

„მე მგონია, რომ მოლაპარაკებები უნდა განვაგრძოთ იმ პოლიტიკურ პარტიებთან მხოლოდ, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. თუ მათ უკვე გაანულეს სიები და გაანულეს სადეპუტატო მანდატები და თუ ისინი პირდაპირ ახდენენ საკუთარი თავის გაიგივებას სააკაშვილთან, გვარამიასთან, ბოკერიასთან და უგულავასთან, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ადამიანებთან და პოლიტიკოსებთან ლაპარაკს, პირიქით ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთი პოლიტიკოსების ადგილი არაა არც პარლამენტში და არც პოლიტიკაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი for.ge-სთან აცხადებს, რომ ხვალ ადამიანები, რომლებიც მანდატებზე უარს საჯაროდ აქტზე ხელის მოწერით დააფიქსირებენ, ის ხალხია, რომლებსაც მანდატები უბრალოდ არ აქვთ.

მისი აზრით, ეს ხალხი საბოტაჟნიკები არიან, რომლებსაც მოლაპარაკება არ უნდათ და მის ჩაშლას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდნენ. მისი აზრით, ეს შეთანხმება თუ არ გადაარჩინეს, სხვა პერსპექტივა არაა.

„ახლა ელოდებიან, რომ გაზაფხულზე გაბრაზებული და მშიერი ხალხი ქუჩაში გამოვა და რევოლუციას მოაწყობს. ამ ელჩების მართლა მრცხვენია. რა აზრი აქვს მაშინ ამ მოლაპარაკებას? რაღაცა ხიდის ქვეშ შეიკრიბებიან და ხელს მოაწერენ რაღაცას. ესაა აბსურდი. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ და არავინ გვისმენს. თავად ნაციოანლებშიც არიან ადამიანები, რომლებსაც პარლამენტში შესვლა უნდათ.

რა თქმა უნდა, ხვალ იქ არ ვიქნებით და ხელსაც არაფერზე მოვაწერთ. თუ მანდატზე უარს ამბობენ, ეს იურდიული პროცედურაა და ხიდზე ხელს რას აწერენ ვერ გავიგე. არ მესმის სიმბოლურად მანდატზე უარს ვამბობ რა არის. ჩვენ ამ სპექტაკლში არ ვმონაწილეობთ. მაშინ ეს განცხადება უნდა ჩააბარონ და იურდიული მიმართულება მიეცეს. მოლაპარაკება თუ ჩიხში შევიდა, ვიღაცასთან ხიდზე და ბაღში სპექტაკლებს არ გავმართავთ. თუ მოლაპარაკების გადარჩენა გვინდა, სპექტაკლს თავი უნდა დავანებოთ. ჩვენი ამოცანაა, რომ მოლაპარაკება გადარჩეს. ეს პერფორმანსი ჩვენთვის თავიდანვე მიუღებელი იყო და ასეთ იდეებს ევროპელები იგონებენ. თუ მანდატებზე უარს ამბობენ, მოლაპარაკებაზე სადღა მიდიან, ამ ელჩებს შეურაცხყოფას რატომ აყენებენ?!“, - აცხადებს იოსლეიანი for.ge-სთან.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი for.ge-სთან ასევე ადასტურებს, რომ ოპოზიციის დაგეგმილ ღონიძიებაზე - მანდატებზე უარი საჯაროდ თქვან, დიდი ალბათობით არ შეუერთდება. მისი აზრითაც, ეს ყველაფერი ერთი დიდი სპექტაკლის ნაწილია, რომელშიც მიღება ამ პანდემიის ფონზე სასურველად არ მიაჩნია.

„ჩვენ არ გვისაუბრია ვიზუალურ მხარეზე, რას ვიზამთ, მაგრამ უბრალოდ, პროცედურულად ხელს მოვაწერთ თუ არა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. იქნებ მოვასწროთ და საქმეზე დავილაპარაკოთ. ფაქტობრივად, მოლაპარაკებები გაჩერდა და ამიტომ გამოდის, რომ არავის აინტერესებს როგორ დასრუდლება. ჩვენ ზუსტად ამას ვამბობდით. თუ არ იქნება შეთანხმება, მაშინ ოპიზიცია რას აკეთებს? ესენი ამბობენ, მოდით, ჯერ ვნახოთ და მერე ვიფიქროთო. მოხდა 1 თვის დახარჯვა ამ მოლაპარაკებაში და არაფერი მივიღეთ. მაშინ ამ მოლაპარაკების მიზანი რა არის?

ვიზუალურად „გირჩი“ როგორ მივიღებთ მონაწილეობას არ გადაგვიწყვეტია. არ მომწონს ასეთ სპექტაკლებში მონაწილეობის მიღება, როცა ქვეყანაში შავი ჭირია გავრცელებული. ჩვენ ფიზიკურად მივყვებით ადამიანების ინფორმირებას. ახლა ჩვენ ვართ მძიმე სიტუაციაში, რომელსაც სპექტაკლი არ უხდება. რა არის მადატების დახევის შემდეგ ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ჩემთვის გაუგებარია. ამბობენ, მოდი, ჯერ ვნახოთ და სამოქმედო გეგმა მერე განვიხილოთო“, - ამბობს მეგრელიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი for.ge-სთან გაკვირვვებას გამოთქვამს და ვერ ხედავს ლოგიკას, თუკი პოლიტიკოსები დეპუტატის მანდატზე უარს იტყვიან, მაშინ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე დაჯდნენ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკების გაგრძელება ყველა მხრივ ხელს აძლევს. მისი თქმით, „ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ეს ფორმატი შეინარჩუნოს, ხოლო ოპოზიციამ გადაწყვეტილება, ზოგადად, იმის მიხედვით უნდა მიიღოს, თუ შემდეგ რას აპირებს. მისი აზრით, ეს ასე მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არაა თუკი ოპოზიციას გაწერილი გეგმა და სტრატეგია არა აქვს. მათი განცხადებებიდან გამომიდნარე კი, ჩანს, რომ არანაირი გეგმა არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ გაზაფხულზე იქნება და გაბრაზებული ხალხი გარეთ გამოვიდეს. თუმცა, ეს პარალამენტში შესვლა-არშესავლასთან რა კავშირშია ანალიტიკოსი ვერ ხვდება.

„კარგი და ვინც ამბობს, რომ მანდატებს დავხევთო, მოლაპარაკებაზე რომ მიდიან, იქიდან რაღას ელიან? თუ არ მიდიან მოლაპარაკებაზე, მაშინ რა გეგმა აქვთ? რიგგარეშე არჩევნებს ხელისუფლება რატომ დანიშნავს ამიხსნის ვინმე? ოპოზიცია როცა ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნებს ველით და იმიტომ დანიშნავს, რომ ესენი პარლამენტში არ შედიან, მართლა ძალიან დიდი აბსურდია. ამას რომ პოლიტიკოსი ლაპარაკობს, ცოტა გააზრება ხომ საჭიროა? ასეთი გულუბრყვილოები არიან მართლა? გავიგე, რომ იმედი აქვთ გაზაფხულზე ხალხი გამოვა გარეთ და რაღაცა მოძრაობა იქნება, მაგრამ რომ არ გამოვიდეს,

რას აკეთებენ, ქვეყანას ატრიალებენ? რევოლუცია უნდათ? ხალხი თუ არ აყვა, რა რევოლუცის აწყობენ? სახელმწიფო გადატრიალება იქნება? რა გეგმა აქვთ, ვინმემ გაიგო? ეს პარალამენტთან მიბმული როგორ არის? თუ პარლამენტში შევლენ, მაშინ ხალხი არ გამოვა ქუჩაში? არ ჯობია, თუ ეს მოლოდინი გაქვს, პარლამენტში იყო ძლიერი ოპოზიცია და ხელისუფლება იქიდან დაასუსტო? რომელი უფრო მომგებიანია ქვეყნისთვის? ასეთ ვითარებაში დასავლეთის სიმპათიები საით წავიდა? ოპოზიცია ცდილობს, რომ მხოლოდ ერთ თემაზე ჩაიციკლოს და იმის იქით ვეღარაფერს ფიქრობენ“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისვე თქმით, ახლა „ოცნება“ დასავლეთს აჩვენებს, რომ ოპოზიცია დესტუქციული ძალაა, რომელსაც კრიზისიის მოგვარება კანონის ფარგლებში არ უნდა. ამით კი საუბარი უკვე იმაზე წავა არა ხელისუფლება როგორი ცუდია, არამედ ოპოზიცია როგორი დესტრუქციული და რადიკალურია. ძაბირაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ორ და სამ თვეზე გათვლასაც ვერ აკეთებს და ყველა რაუნდი ხელისფლებამ მოუგო.

„როცა წინ 2008 წლის მოვლენები გაქვს და იცი, მაშინ რაც მოხდა, ამის ანალიზსაც რომ ვერ აკეთებ, ხვალ რომ ხელისუფლებაში მოხვალ, მე როგორ ვირწმუნო, რომ „ოცნებაზე“ უკეთესი იქნები?! სიტყვაზე უნდა გენდო? მით უმეტეს ადრე რაც იყავი ვიცი. „ოცნებას“ შეიძლება ისიც აწყობდეს, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდეს. ამას რატომ გამორიცხავენ? აქ სულ სხვადასხვა ინტერესებია.

„ოცნება“ აჩვენებს ყველას, რომ ის ოპოზიციას ელაპარაკება. მთავრობა მისია, პარლამენტი მისია. ახლა ჰაერივით მხოლოდ ისღა სჭირდება, რომ დასავლეთს დაუმტკიცოს ოპოზიცია როგორი დესტრუქციულია. ამას კი დაწყებული პირველი მოლაპარაკებიდან, გასული წლის 8 მარტს ვგულისხმობ, მოლაპარაკების ყველა რაუნდი ხელისუფლებამ ოპოზიციას მოუგო. ხომ ხედავთ დასავლეთი როგორ განცახდებებს აკეთებს. ხელისუფლება ახერხებს, რომ ოპოზიიცის რადიკალურობა დაამტკიცოს. ამის საშუალებას თავად აძლევენ. მაშინაც დასავლეთი ეხვეწებოდათ, რომ მოდით, მოლაპარაკებაზეო. რა საჯაროდ აწერენ ხელს, რას სპექტაკლებს დგამენ. ხვალე ყველა ოპოზიციური დეპუტატი პარლამენტის წევრი იქნება. ეს განცახდებები იდივიდუალურად უნდა დაიწეროს. სიების ჩახსნას რა აზრი აქვს, კონკრეტულმა დეპუტატებმა თუ უარი არ თქვეს და ეს ცესკომ არ დააკმაყოფილა და შემდეგ პარალმენტმა. რა სცენებს აწყობენ“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.