პარლამენტის მანდატებზე უარის თქმა, როგორც აღმოჩნდა ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია. აღნიშნულ საკითხზე ისინი უკვე ღიადაც კი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
რატომ გადაწყვიტა ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში შესვლა, იქნება თუ არა ეს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტი, ამ კითხვებზე ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე გვპასუხობს.
ოპოზიციაში დღითიდღე სიტუაცია იძაბება და მათი ნაწილი ალეკო ელისაშვილს დაუპირისპირდა. როგორ შეფასებდით ოპოზიციის სპექტრში მიმდინარე მოვლენებს იმის ფონზე, რომ ორ დღეში მე-10 მოწვევის პარამენტის პირველი სხდომა გაიმართება?
- პირველ რიგში, მოვლენები ცოტა სხვა მრივ უნდა დავინახოთ. ემოციებისა და მიკერძოების გარეშე ვთქვათ ყველაფერი - არჩევნების დასრულებისთანავე ოპოზიციონერებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს. პოლიტიკოსისთვის პარლამენტი პირველი ასპარეზია, სადაც მათ ძალიან ძლიერი ბერკეტები აქვთ. თუმცა, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების ამ კარიკატურული ლიდერების უაზრო განცხადებების გაკეთებამ, ფაქტობრივად, ვითარება ჩიხში შეიყვანა. ასეთი პოლიტიკური ლიდერები დროის შეგრძნებიდან გასულნი არიან. თუ ოპოზიცია სწორად ითამაშებს, ხელისუფლებას უზარმაზარი პრობლემა ექნება, ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. დემოკრატია შეთანხმებაა - მე უნდა ვაღიარო, რომ პარლამენტში 3-4 კაცით ვარ შემოსული, შენ ხარ 90-ით. თუ არავინ აღიარებს, გინდა 90-ით დაჯექით, გინდა 150-ვე შენი იყოს, შედეგი ნული იქნება. პოლიტიკური თვალსაზრისით, ხელისუფლება უბრალოდ არალეგიტიმური იქნება.
მაგრამ, ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ეს არჩევნები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა და არალეგიტიმური ხელისუფლება როგორ გვეყოლება?
- საელჩოებში დღევანდელი პოლიტიკოსების სირბილი ნიშნავს იმას, რომ ისინი ძირს ითხრიან და არ უფრთხილდებიან საკუთარ იმიჯს. ისინი არანაირ პოლიტიკოსებს არ წარმოადგენენ, რადგან საკუთარ სახელმწიფოში, კრიზისულ ვითარებაში გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ. ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, მე ვსაუბრობ იმ პოლიტიკურ სპეციფიკაზე, რომელიც არ შეიძლება წყდებოდეს საელჩოებში, მიუხედავად მათი კეთილი ნებისა. მათ გეოპოლიტიკური ინტერესები აქვთ. აქ ლამაზი თვალებისთვის არავინ არაფერს აკეთებს. გეოპოლიტიკური ინტერესები მოითხოვს, ამ მძიმე სიტუაციაში საქართველოში სტაბილურობა იყოს. იმის გამო, რომ საერთაშორისო მოთხოვნა ასეთია, პოლიტიკოსი არ შეიძლება წავიდეს რაიმე კომპრომისზე, რომელიც ქვეყანას ვნებს.
მაშინ, რისი ბრალია და რატომ ვერ ახერხებენ ქართველი პოლიტიკოსები, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მესამე ძალის ჩარევის გარეშე დასხდნენ?
- პოლიტიკური მოღვაწის პასუხისმგებლობა და პოლიტიკური პროფესიონალიზმი წყვეტს პრობლემას, როდესაც გამოუვალი სიტუაციაა. ევროპის მაგალითი რომ ავიღოთ - ევროპის ლიდერები წავიდნენ სამოქალაქო ომებზე. ევროპის ისტორია ისეთია - ხალხი ინტუიციით ხვდებოდა, რომ პროგრესის მხარეს უნდა დამდგარიყო. ევროპის ისტორია სამოქალაქო ომებისა, რომელიც სისხლისმღვრელი იყო, ყოველთვის პროგრესული ძალის გამარჯვებით სრულდებოდა. საქართველოს ორი სამოქალაქო ომის პრეცედენტი აქვს - ერთი ბაზალეთის და ერთიც 90-იანი წლების. პირველი რეგრესული ძალის გამარჯვებით დასრულდა, მეორეში ვისზე იყო გამარჯვება, კაცმა არ იცის - სამოქალაქო ომი საქართველოზე გამარჯვებით დასრულდა.
თქვენ თვლით, რომ ქართველ პოლიტიკოსებს პოლიტიკური განათლება არ აქვთ?
- პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებსაც აქვთ პროფესიონალიზმი და საკუთარი ქვეყნის წინაშე მომავალს ჭვრეტენ, ისინი მესამე პირის დაშვებას მოლაპარაკებებში არ დაუშვებენ, იმიტომ რომ შენზე დიდი პასუხისმგებლობა არ გააჩნია. როდესაც შენი ახირებულობის გამო ვერ ნახულობ გამოსავალს, რასაც ამ დღეებში მე ვუყურებ, არის პოლიტიკური ლიდერების უგვანი საქციელი. ამ დროს სახელმწიფო დგება საფრთხის წინაშე. ნუთუ ამ ხალხს შეუძლია კრიზისულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღება?! ჩვენ ვნახეთ, 2008 წელი, ტრაგიკული წელი, როდესაც ხელისუფლება არ არსებობდა. კრიტიკულ ვითარებაში ხელისუფლება პარალიზებული იყო, ვინ სად გარბოდა კაცმა არ იცის. თქვენ ხედავთ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც კრიზისულ სიტუაციაში შეძლებს ქვეყნის წარმართვას? მე ვერ ვხედავ. ქართველ პოლიტიკოსებს, პოლიტიკური პროფესიონალიზმი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკლიათ.
კლვავ ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებას რომ დავუბრუნდეთ. მმართველი გუნდის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნება და „ოცნების“ სასარგებლოდ 1%-იანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება და ის ჩამოშორდება პოლიტიკურ საქმიანობას. როგორ ფიქრობთ, საგამოძიებო კომისია ზუსტ შედეგს დადებს?
- თავად ვიცი, საპარლამენტო კომისიები რა პრინციპით მუშაობენ. თავად ვიყავი პარლამენტში და შეგნებულად წამოვედი. კობახიძე, როგორც პოლიტიკოსი, არანაირ ნდობას არ იმსახურებს. ის პოლიტიკოსი არაა, ის ავტორიტეტი არაა. მას არ შეუძლია კრიზისულ სიტუაციაში რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. მან უამრავი თვის განმავლობაში, არაერთი სისულელე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე მე მეუბნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დამნაშავეა. მე რა ვქნა?! მე დავიჭირო და გავასამართლო?! ან ხალხმა რა ქნას?! იმიტომ აგირჩია ხალხმა, რომ თუ ვინმე დასაჭერი იყო, დაეჭირათ. ხელისუფლებაში მყოფი საუბრობდეს პარლამენტარების მეორე ნაწილის დანაშაულზე, ეს არის ხელისუფლების უსუსურობა. თუ ხელისუფლებას დამნაშავის დაჭერა არ შეუძლია, რა გავაკეთოთ?!
თუმცა, ჩვენ ვნახეთ კოაბიტაცია...
- კოაბიტაცია გაცხადდა ძალიან ლაყე კოალიციის მხრიდან, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა სრულიად შეუსაბამო დროს, შეუსაბამო ხალხით. მათი პირველი განცხადება კოაბიტაციაზე იყო ქართველი ამომრჩევლის დასამარება. ამის შემდეგ, 8 წელია „ოცნება“ ითხრის ძირს. არჩევნებამდე არაერთხელ განვაცხადე და ახლაც ვიმეორებ, „ქართული ოცნება“ როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია არ არსებობს, რადგან პოლიტიკური ორგანიზაცია არ შეიძლება არსებობდეს პოლიტიკოსების გარეშე. ის დღენაკლულია, როგორც კი ერთი კაცი პოლიტიკაში არ იქნება, „ოცნება“ გაქრება. ამიტომ, როდესაც ამხელა პასუხისმგებლობას იღებ, უნდა გქონდეს იმის ძალა, რომ ქვეყანა კრიზისულ სიტუაციამდე არ მიიყვანო. დღევანდელი ვითარება შექმნილია ხელისუფლბაში მყოფი „ქართული ოცნების“ შეცდომების გამო. წლებია ვიმეორებ, რომ შეცდომებს უშვებენ და კრიზისამდე მივალთ. „ქართულმა ოცნების“ პირველი უდიდესი შეცდომა იყო 2016 წელს, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობას წაეპოტინა. რაში ჭირდებოდა?! ამიტომ ვიმეორებდი, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს და გადასვლა მოხდეს რბილად, ვიდრე „ოცნება“ ხალხში პატივისცემას იმსახურებდა. ადრე თუ გვიან უნდა წავიდეს. მის პოლიტიკურ ლიდერებს, ნულოვანი პოლიტიკური აზროვნება აქვთ. ამის გამო მივიღეთ კრიზისი. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ თუ ერთი წლის შემდეგ არჩევნები ჩატარდება. ეს სიტუაცია 4 წელი ვერ გაძლებს. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო. 2021 წელი, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად მძიმე წელი იქნება. ოპოზიციასაც კონსტრუქციული როლი აკისრია. თუ რაიმე ხელისუფლების სასარგებლოდ გაკეთდება, ეს იქნება ოპოზიციის ლიდერების სიბრიყვის გამო.
ამ ვითარებაში ოპოზიციის რღვევა ხელისუფლებისთვის არის მნიშვნელოვანი ბერკეტი?
- მთავარი საკითხი ასე დგას - რისთვის აწყობ ბოიკოტს, ან რისთვის შედიხარ?! ეს კითხვა ნებსმიერ პოლიტიკოსს დაუსვით და ვერ გეტყვით, რომ შევდივარ იმიტომ, რომ მივიღო ეს, ან არ შევდივარ იმიტომ, მივიღო ეს. რაც ხდება, ყველაფერი არის კულისებს მიღმა. ვინც ყველაზე სუსტია, ის პოლიტიკურ შეცდომებს დაუშვებს. არც ერთს არ ეტყობა, რომ პოლიტიკური პოტენციალი გააჩნია. ესეც ჩვენი ტრაგედიაა.