„ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, ქუჩას არავინ ართმევს“

„ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, ქუჩას არავინ ართმევს“

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა რამდენიმე დღეში გაიხსნება. რაც უფრო ახლოვდება ეს დღე, მით უფრო მატულობს ოპოზიციური სპექტრში დაპირისპირებაც. კულუარებში აქტუალურად მიდის საუბარი, რომ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შესვლას და მანდატებზე უარის თქმას არ აპირებს.

პარლამენტში შესასვლელად „გამზადებულ“ ოპოზიციას უკვე ღიად უპირისპირდება თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარლამენტში შესასვლელად 5-6 ოპოზიციონერი ემზადება და ბიძინა ივანიშვილის კალთაში თბილად მოკალათებას აპირებენ.

„კარგად მოემზადეთ, მომდევნო კვირიდან მძიმე სამუშაო გვექნება, პარლამენტში შემსვლელი 5-6 „ოპოზიციონერის“ კეთილების დისერტაციაზე. თურმე ციხეში იმისთვის ვიჯექით, რომ ესენი ბიძინას კალთაში თბილად ჩამჯდარიყვნენ“, - წერს სოციალურ ქსელში ოქრუაშვილი.

რა ხდება ოპოზიციაში? რა შედეგით დასრულდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი და გვეყოლება თუ არა სრულფასოვანი პარლამენტი, for.ge-ის ამ კითხვებს, ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე პასუხობს.

თავდაცვის ყოფლმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის კალთაში თბილად მოკალათებას აპირებენ. რატომ გაუნაწყენდა ოქრუაშვილი ოპოზიციას, ვისთან ერთადაც საპარლამენტო არჩევნებში იბრძოდა?

- ზუსტად ვერ გეტყვთ, მაგრამ ასეთი განცხადების გაკეთებას თავისთავად მიზეზი აქვს. ფაქტი ერთია, რომ ოქრუაშვილმა 1%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და საბურთალოზე მეორე ტურშიც ვერ გადავიდა. როგორც ჩანს, განაწყენებული კაცის პოზიციაა, ან მას რაიმე ინფორმაცია აქვს.

ოპოზიციიდან მართლაც გამოჟონა ინფორმაციამ, რომ მათი ნაწილი პარლამენტში შესვლას აპირებს. როგორ ფიქრობთ, რატომ შეიცვალეს პოზიცია?

- პროცესებს უნდა დაველოდოთ. ჯერჯერობით ყველა თავს იკლავს და იძახის, რომ პარლამენტში არ შედის. მე რომ მკითხო, ეს მცდარი ნაბიჯია, მაგრამ მე არ ვწყვეტ. იმ თავიდან ვაბობდი, რომ პარლამენტის გარეთ დარჩენა არასწორია, რადგან ჩვენ ბოიკოტის რეჟიმი ორჯერ გვქონდა - ერთი იყო „ეროვნული მოძრაობის“ დროს, როდესაც არჩევნებს საერთოდ ბოიკოტი გამოუცხადეს, მეორე კი 2008 წელს. ასეთი მცდელობა კი, წარუმატებელი გამოდგა და მესამედ რატომ იქნება წარმატებული, არ ვიცი. ახლა არ ვიცი რა ხდება, რის სანაცვლოდ შედიან-არ შედიან, ალბათ, იტყვიან. ისე კი, პარლამენტში უნდა შევიდნენ და იქიდან იბრძოლონ. ქუჩას არავინ ართმევთ. თან, ჩვენი მეგობარ ამერიკა თუ ევროპა მოუწოდებს, რომ პარლამენტში გადაწყვიტონ საპრობლემო საკითხები. ეს კიდევ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.

ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლის სურვილი, დაფინანსების დაკარგვის შიშსაც ხომ არ უკავშირდება?

- დაფინანსებასთან არაფერ შუაშია, რადგან ჯერჯერობით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონი არაა მიღებული. დღესდღეობით რა კანონიც არის, ისინი დაფინანსებას ღებულობენ და არავინ დაკარგავს. კანონში შესწორებას თუ შეიტანენ, ამაზე მერე ვისაუბროთ.

ფაქტია, რომ ოპოზიციის რღვევის პროცესი მიმდინარეობს...

- აბა რა ფაქტია, შეგიძლიათ მითხრათ?

თუნდაც, ის რომ „გირჩი“ დაიშალა, ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს პარლამენტში შესვლა სურს. გიგა ბოკერიამ კი განაცხადა, რომ ოპოზიციიდან თუ ვინმე პარლამენტში შევა, დაზარალდება. თქვენი აზრით ოპოზიციის ასეთი „დაპირისპირება“ განაპირობებს იმას, რომ ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციაზე კონტროლი დაკარგა?

- სააკაშვილს ჰყავს ოპოზიციაში პარტია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია და რომელმაც უფრო მეტი მანდატი აიღო, ვიდრე დანარჩენმა ოპოზიციამ ჯამში. და როგორ დაკარგა გავლენა?! ჯერჯერობით ოპოზიციაში დაპირისპირების ფაქტი არაა. ეს განცხადებები რომ კეთდება, თითქოს ვიღაც შევა და ვიღაც არა, ეს არის გარკვეულწილად ზეწოლა და კეთდება უფრო პრევენციის მიზნით. შესაძლოა, მართლაც აქვთ ინფორმაცია, რომ ვიღაცა შევა. ისინი ხომ შიგნით ერთმანეთში მსჯელობენ კიდეც და მე, კიდევ ამ მსჯელობაში მონაწილეობას არ ვღებულობ.

ის, რაც „გირჩში“ ხდება, ეს შიდა პარტიული საკითხია. მეც ვვარაუდობ, რომ მათი დაპირისპირება პარლამენტში შესვალა-არშესვლას უკავშირდება.

მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი გაიმართა. თქვენი აზრით რა შედეგებით დასრუდება ეს შეხვედრები?

- მათ განცხადებებს თუ დავუჯერებთ, როგორც ხელისუფლებისას, ისე ოპოზიციის, ძირითად საკითხებზე - რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე და პარლამენტში შესვლაზე, ორივე მხარე თავის პოზიციაზე რჩება. საერთო ენა შეიძლება იქნას გამონახული. ყოველ შემთხვევაში რაც გამოჟონა ინფორმაციამ, შეიძლება საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევიდეს. ეს შეხვედრები გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ამას თუ „ქართული ოცნება“ საჭიროდ ჩათვლის. არ ველოდი, რომ მეოთხე რაუნდზე კარდინალური გადაწყვეტილებები იქნებოდა მიღებული.

ანუ, შეგიძლიათ დარწმუნებით თქვათ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომა ოპოზიციის გარეშე გაიხსნება?

- სხდომა, რომ გაიმართება ამაში დარწმუნებული ვარ. ოპოზიცია პირველ სხდომაზე არ შევა, მაგრამ პარლამენტის დატოვების პროცესი მყისიერი არ იქნება. ეს პროცესი გაგრძელდება.