დიდი პოლიტიკური ქარიშხალი და ვნებათაღელვა ოპოზიციაში - პოლიტიკური ტემპერატურა 11 დეკემბრის მოახლოვებასთან ერთად კიდევ უფრო ზემოთ იწევს. პარასკევს მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომის დღეს გაირკვევა ოპოზიციიდან ვინ იქნება პირველი „მერცხალი“ და სხდომას ვინ დაესწრება.
ოპოზიციაში დაპირისპირება მას შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა, რაც ალეკო ელისაშვილის შეცვლილი პოზიციის შესახებ ცნობილი უკვე ღიად გახდა.
„მოქალაქეების“ ლიდერმა „ფეისბუქ-ლაივში“ განაცხადა, რომ თუ ხელში „გაწიკწიკებულ საარჩევნო წესებს“ დაიჭერს, ელჩების შეხვედრიდან თავაწეული გამოვა და პარლამენტშიც შევა.
ოპოზიციის სხვა ლიდერები კი ამბობენ, რომ ვინც არ უნდა შევიდეს მეათე მოწვევის პარლამენტში, ეს იქნება „ქართულ ოცნებაში“ შესვლა.
სავარაუდოდ, პატარა პარტიებს და მათ ლიდერებს „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპელები იმით აშანტაჟებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს სააკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ასე რომ, მათ გარეშე ხელისუფლებას ამ ცვლილებებზე მუშაობა გაუჭირდება.
ელისაშვილმა განაცხადა, რომ გიგი უგულავა და გიგა ბოკერია შეხვედრებზე მხოლოდ საბოტაჟის მოწყობით არიან დაკავებულები. ელისაშვილსა და ბაქრაძეს შორის, მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე ამის გამო სიტყვიერი დაპირისპირებაც კი მოხდა.
როგორც ჩანს, ნაციონალები და ევროპელები ფსონს რევოლუციაზე დებენ და პანდემიის იმედად ეკონიმიკის ჩამოშლას ელოდებიან, რაც მათი აზრით, ხალხს ქუჩაში გამოიყვანს, ხოლო აქედან პოლიტიკურ გადატრიალებამდე ერთი ნაბიჯია.
ხალხში რევოლუციური განწყობის არსებობით მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში მერაბიშვილ-ადეიშვილი არწმუნებენ. რაც შეეხება ბოკერია-უგულავას, ისინი ისედაც წაუგებელ თამაშს თამაშობენ, ვინაიდან პარლამენტში ისედაც ვერ მოხვდნენ და თუ მათი რეიტინგით ვიმსჯელებთ, არც მომავალში აქვთ პერსპექტივა.
ალბათ ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე დაპირისპირება თავად „ნაციონალებშიც“ ღრმავდება. გავრცელებული ინფორმაციით, ამის გამო შესაძლოა გრიგოლ ვაშაძემ პარტიაც კი დატოვოს. ის ახლა მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს და საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. მსგავსი პოზიცია აქვს სალომე სამადაშვილსაც. ამიტომაც ოპოზიციის ერთიანობა რეალურია თუ არა 11 დეკემბერს გამოჩნდება.
ამის პარალელურად, როგორც ირკვევა, საარჩევნო სისტემა ასევე, მნიშვნელოვანია პარტია „გირჩისთვის“. ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია ამბობენ, რომ თუ „ქართული ოცნება“ წამოვა დათმობებზე, კერძოდ, სრულად პროპორციულ არჩევნებზე და ბუნებრივ ბარიერზე, რისთვისაც საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო, მაშინ ისინი დაიწყებენ კონსულტაციებს სხვა ლიდერებთანაც, რათა ისინიც შევიდნენ პარლამენტში და კენჭი უყარონ ამ საკითხებს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კი განაცხადა, რომ ის მოლაპარაკებების ჩაშლის მომხრე არ არის და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს.
პროპორციული სიების განულებასთან დაკავშირებით, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ის და მისი პარტია დამოუკიდებლად მიიღებს: „ ჩვენ ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ დამოუკიდებლად, არ ვაპირებ არავის განრიგზე აწყობას“.
რაც შეეხება მეხუთე რაუნდს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ბოლო მოლაპარაკება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე, სავარაუდოდ, 10 დეკემბერს ჩატარდება.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი არჩევნების შემსწავლელი კომისიის შესახებ ინიციატივა გააჟღერა და თქვა, რომ გადაცდომის დაფიქსირების შემთხვევაში პოლიტიკას ჩამოშორდება.
„საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, მოვიწვევთ დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს. კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას, მათ შორის, უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით. თუ დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ - და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გადახრა 0.1%-იც კი არ იქნება - „ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევენებს. გარდა ამისა, როგორც „ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას“, - ამბობს კობახიძე.
კობახიძის განცხადებით, პარტიამ მიიღო გადაწყვეტიელბა საპარლამენტო მანდატები ყველა იმ დეპუტატს შეუწყვიტოს, რომლებიც ამის თობაზე პარლამენტს განცხადებით მიმართავს. მისივე თქმით, დაფინანსებას ვერ მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან.
„ჩვენს პარტიაში დღეს შედგა თათბირი პარტიის ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას“.
კობახიძემ, დღევანდელ ბირფინგზე ასევე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს, რის გამოც პარალმენტში დაინიცირდება კანონპროექტი „ენმ“-ს საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე.
„მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს. ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება. მიუხედავად ამ გარემოებისა, სამწუხაროდ, ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა ვერ მოახერხეს საარჩევნო პროცესებში სააკაშვილის მონაწილეობის პრევენცია, თუმცა, ამისათვის უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც თავადაც უამრავი სირთულის წინაშე დგანან, ჩვენ ვერ გავაკრიტიკებთ. საკითხის მოგვარება და კონსტიტუციის აღსრულების უზრუნველყოფა, პირველ რიგში, ჩვენი ვალია. ამისათვის ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს“, - თქვა კობახიძემ.
ამის შემდეგ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის ლიდერების შევედრა ჩაინიშნა. შეხვედრას ალეკო ელსიაშვილის და „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა. სხდომიდან ჟურნალისტებს საკამოდ ხმამაღალი საუბარი და კამათი ესმოდათ. დაპირისპირება ნიკა მელიასა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს შორის მოხდა.
სხდომიდან გამოსულმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი, რომელიც პარლამენტში შევა, ის ოპოზიციონერი აღარ იქნება და ამ გადაწყვეტილებით, პირდაპირ „ქართული ოცნების“ წევრი ხდება.
„ზეგ ყველანი დავრწმუნდებით ვინ რჩება ოპოზიცაში და ვინ გადადის „ქართულ ოცნებაში“ - ამბობს მელია.
მისივე თქმით, არ აქვს სურვილი რომელიმე კოლეგამ ეს გადაწყვეტილება მიიღოს:
„ის არ იქნება ოპოზიციონერი, მეტიც, ის „ქართული ოცნების“ სრულფასოვან წევრადაც არ ივარგებს და როგორც უკვე ვთქვი, იქნება უბრალოდ გახუნებული პუფი. თვითგანადგურების რეჟიმზე იმედია არ გადაიყვანენ საკუთარ თავს. არანაირი არგუმენტი არ მიიღება იმის გასამართლებლად, რომ პარლამენტში ვინმე შევიდეს“, - ამბობს ნიკა მელია.
ირაკლი კობახიძის შეთავაზებებთან დაკავშირებით კი ოპოზიცია საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს, ამის შესახებ „ლელოს“ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ველოდებით დიპლომატებისგან შეხმიანებას, შეხვედრა როდის გაიმართება. დღეს ძალიან დაამძიმა ფონი ბატონი კობახიძის განცხადებამ ამ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ხანგრძლივი მსჯელობა გვქონდა. იყო მის განცხადებაში რაღაც შემოთავაზებები გადათვლებთან და სხვადასხვა პროცედურასთან დაკავშირებით. ყველა პროცედურა დღეს ვნახეთ, ხვალ გვექნება პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებებს მივიღებთ და გაგაცნობთ როგორ და რანაირად მივიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას. სავარაუდოდ, იმ პროცესს შევუერთდებით, რაც არის, თუმცა, თუ განსხვავებული პოზიცია გვექნება, ამასაც გაცნობებთ აუცილებლად. ამ შემოთავაზებაზე საერთოდ რომ გვემსჯელა, იმდენი სხვა საკითხი იყო ამ განცხადებაში წამოწეული, რომ ვერ მივედით ამ შემოთავაზებამდე, ეს არის მთავარი პრობლემა“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
„ერთადერთი ლეგიტიმური გზა სამწუხაროდ დარჩა ბოიკოტი“ - ეს განცხადება კი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "ლელოს" ოფისიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
„ბოიკოტის მიღმა ალტერნატივას „ქართული ოცნება“ არ ტოვებს“, - განაცხადა უგულავამ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ კობახიძის განცხადება იმით იყო განპირობებული, რომ ოპოზიციამ ფაქტობრივად, გაახმოვანა რა უნოდა. ამიტომაც „ოცნებამაც“ საზოგადოებას გააგებინა ხელისუფლებას რა შეთავაზება აქვს. მისი თქმით, ბუნებრივია, რომ მოლაპარაკების დროს მხარეები თამასას დაბლა წევენ, რათა შემდეგ უკან დასახევი ჰქონდეთ. საყვარელიძე ამბობს, რომ ბუნებრივია, ხელისუფლება არ იტყოდა, რომ რიგგარეშე არჩვენებზე თანახმაა. ამიტომაც 1%-იან ბარიერთან და კომისიის შექმნასთან დაკავშირებით რაც ითქვა, ესეც ხელისუფლების მხრიდან დიდი კომპრომისია. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას ამის გაკეთებასაც არაფერი აიძულებს.
„გამოიყენებს ამას ოპოზიცია, მასზეა, არ გამოიყენებენ და იქნებიან, როგორც არიან. მე ვერ ვიტყვი, რომ კობახიძის განცხადება შანტაჟია. უბრალოდ, უფრო მეტი სიხისტე იგრძნობოდა ვიდრე აქამდე. ოპოზიცია ფიქრობს, რომ არ უნდა იმუშაონ და ფული მაინც უნდა გადაუხადონ. ანუ ხალხმა ისინი დაასაქმა, მაგრამ მუშაობა არ უნდათ, სამაგიეროდ ხალხის ფულის აღება უნდათ. ეს არაა დაშინება, ეს უფრო მკაცრი პოზიციაა. საკონსტიტუციო ცვლილების ზღვრამდე თუ მივიდა სიტუაცია, რა თქმა უნდა, ნაციონალები ეცდებიან, რომ ეს შანტაჟის ბერკეტად გამოიყენონ. ანუ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვიცით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ამიტომაც ნაციონალების შესვლა საჭირო იქნება, თუკი ცვლილებების მიღება გვინდა. ამიტომაც, როგორც ჩანს, პატარა პარტიების შანტაჟის ბერკეტად ამას იყენებენ. თუმცა კანონების დონეზე შესაძლებელია ესა თუ ის ხაზი გატარდეს და ამაზეც გვერდის ავლა მოხდეს. როგორც ჩანს, ნაციონალებს და ევროპელებს იმედი აქვთ, რომ გაზაფხულზე პანდემია რომ გადაუვლის ხალხს, ქუჩაში გამოიყვანენ და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად რიგგარეშეს დანიშნავენ, ან რევოლუციური სცენარისკენ წავლენ. თუმცა ვერც ამას შეძლებენ, რადგანაც ხალხი ქუჩაში არ გამოვა. რევოლუციური დუღილი ხალხში არაა. ხოლო, რაც შეეხება ელისაშვილის განცხადებას და მის ირგვლივ დაწყებულ ბულინგს, ასეთ ზეწოლას ნებისმიერმა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა გაუძლოს. თუ ვერ გაუძლებს, მაშინ პოლიტიკოსი და ლიდერი არაა. ყველა ლიდერს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს“,-ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი for.ge-სთან აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებებმა დროებითი ზავი დაარღვია და ფაქტობრივად ოპოზიციას მუქარანარევი შეტყობინებები გაუგზავნა. მისი აზრით, ამით სრულიად შექმნა იმის საფუძველი, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე არ შევიდეს. ხუხაშვილს მიაჩნია, რომ თუკი ოპოზიცია ამას გამოიყენებს, შეუძლია, რომ ხელისუფლების ეს მწავავე განცხადებები მასვე ცუდად შემოუბრუნოს. თუმცა ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ სავარაუდოდ, ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ რიგი პარტიებისა ამ დაშინებას წამოეგება.
„არ ვიცი ირკალი კობახიძის განცხადება რას ემსახურება და რა იყო „ოცნების“ გათვლა, რომ ასეთი რადიკალური ყოფილიყო მოალაპარაკების წინა დღეს, მაგრამ ფაქტია, რომ ამით გაჩნდა საფუძველი, ოპოზიცია მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე არ შევიდეს. რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივად ძალიან კარგი შეთავაზებაა საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, მაგრამ ამას ხომ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ამიტომაც ნაციონალების გარეშე ამ ცვლილებების მიღება გაჭირდება. რაც შეეხება ელისაშვილის განცახდებას, პოლიტიკოსის მხრიდან მიზეზის ნახვა ძალიან მარტივია. ამიტომაც ერთადერთი აქტივი, რაც ახლა ოპოზიციას ხელთ აქვს, ერთიანობაა. თუ ეს დაირღვა სხვადასხვა მიზეზით, მაშინ ხელისუფლებას ძალიან მარტივი ბერკეტი ეძლევა, რომ შესულები შიგნით „მოგუდოს“ ხოლო გარეთ დარჩენილები გარეთ „მოგუდოს“. ასე რომ, აქტივს გაფრთხილება სჭირდება, თუ უნდათ, რომ რეალური შედეგი მიიღონ, როგორც სახელმწიფოებრივად, ასევე პოლიტიკური ინტერესებისთვის. ამიტომაც ახლა ყველაფერი ოპოზიციაზეა დამოკიდებული“,-ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.