„ამომრჩევლის უმეტესობამ მანდატი „ქართულ ოცნებას“ მისცა და მას არ აქვს უფლება, ეს მანდატი სხვა პარტიას გაუნაწილოს“

„ამომრჩევლის უმეტესობამ მანდატი „ქართულ ოცნებას“ მისცა და მას არ აქვს უფლება, ეს მანდატი სხვა პარტიას გაუნაწილოს“

ცალკეული პოლიტოლოგები კომპრომისს სთავაზობენ ხელისუფლებას. უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის ვანო მაჭავარიანის აზრით, საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვება იქნება, თუკი ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდება.

მისი აზრით, ხელისუფლებამ კონკრეტულად უნდა შესთავაზოს ოპოზიციას ქვეყნის რაიმე ფორმით მართვა და თანამშრომლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია გაუარესდება. მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ კომპრომისის შემთხვევაში, ივანიშვილი არ დაკარგავს ქვეყნის მართვის სადავეებს. პირიქით, ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციური პარტიები აიღებენ პასუხისმგებლობას და 2024 წელი საქართველოსთვის იქნება არა მხოლოდ კოვიდკრიზისიდან და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის, არამედ დასავლეთის ნაწილად რეალურად გახდომის შესაძლებლობა.

პოლიტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ დიდ პატივს სცემს ვანო მაჭავარიანს, მაგრამ პირადად მისთვის მრავალფეროვნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთგვაროვნება. ამდენად, არ ფიქრობს, რომ საჭიროა, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთთან შეთანხმდეს. ეს წარმოუდგენელია, პირიქით, უმჯობესია, არ შეთანხმდნენ, რადგან, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება პარლამენტი, რაც უფრო სხვადასხვა მოსაზრება და მეტი დებატი იქნება, მით უფრო კარგია სახელმწიფოსთვის.

„რამდენად აუცილებელია, ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდეს? შეთანხმება არის კენჭისყრა, კენჭისყრის დროს ხდება სხვადასხვა საკითხზე შეთანხმება, ან ვერშეთანხმება. თუ უმრავლესობით გადის ესა თუ ის კანონი, ე.ი. უმრავლესობა თანახმაა. ამიტომ, ვინაიდან ახლა პარლამენტში უმრავლესობა ექნება „ქართულ ოცნებას“, როგორც არ უნდა შეთანხმდეს, ან ვერ შეთანხმდეს ოპოზიციასთან, „ქართული ოცნება“ მაინც თავისას გაიტანს. მე მგონი, აჯობებს, პარლამენტში იყოს განსხვავებული მსჯელობა, განსხვავებული მოსაზრება. რაში სჭირდება კოალიციური მმართველობა „ქართულ ოცნებას“? 90 კაცი ჰყავს პარლამენტში, მთავრობას აკომპლექტებს, ბიუჯეტს ამტკიცებს, რატომ უნდა გაუნაწილოს ხელისუფლება სხვას, ეს რას მოუტანს?“ - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი განცვიფრებულია, რომელ კოალიციაზეა საუბარი, ან მინისტრების სავარძლები რატომ უნდა დაუთმოს „ოცნებამ“ ოპოზიციას? რის საფუძველზე? როცა მმართველ პარტიას მყარი უმრავლესობა აქვს მოპოვებული არჩევნებზე.

დავით ზარდიაშვილის აზრით, კოალიცია თავისთავად არის შედეგი ამომრჩეველთა ნებისა. მოქალაქეებმა, ამომრჩევლებმა უნდა გამოხატონ ეს ნება, როდესაც ისინი სხვადასხვა პარტიებს შორის ანაწილებენ მანდატებს, ეს უნდა იყოს დაკვეთა, რომ შეიქმნას კოალიციური მთავრობა და პარტიები საერთო მთავრობაზე შეთანხმდნენ, მაგრამ დღეს ეს მდგომარეობა არ გვაქვს. „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს მოსახლეობის 48%. ეს კი ძალიან დიდი შედეგია.

„ეს იგივე შედეგია, რაც „ოცნებას“ ჰქონდა წინა არჩევნებზე. უბრალოდ, ახლა საარჩევნო სისტემა შეიცვალა, თორემ იმავე საარჩევნო სისტემით რომ ჩატარებულიყო არჩევნები, „ქართულ ოცნებას“ ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლებოდა, ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებდა. 48%-იანი მხარდაჭერა საკმარისია პირველ ტურში თუ არა, მეორე ტურში მოიგოს არჩევნები და ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობა შექმნას. უბრალოდ, საარჩევნო სისტემა შეიცვალა, ეს არ გამოვიდა, მაგრამ „ოცნებას“ ჰყავს მყარი უმრავლესობა. როცა პარტიას არჩევნებში მოპოვებული აქვს მყარი უმრავლესობა, ამომრჩევლის ნების საპირისპირო იქნება, რომ მმართველი პარტია ოპოზიციას დათანხმდეს რაღაც კოალიციაზე. მე მივეცი მანდატი „ქართულ ოცნებას“ და მას არ აქვს უფლება, ეს მანდატი სხვა პარტიას მისცეს ჩემი გადაწყვეტილების საპირისპიროდ. რომ მდომოდა, სხვა პარტიას მივცემდი ხმას. ამიტომ კოალიციური მმართველობის წინადადების სერიოზულად განხილვა დღევანდელ პირობებში არ შეიძლება“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა for.ge- სთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, არ არის ასე, რომ თურმე კოალიციური მთავრობა იქნებოდა უკეთესი პერსპექტივა საქართველოსთვის. ცალსახად ამის მტკიცება შეუძლებელია, ჩვენ გვქონდა კოალიციური მთავრობის გამოცდილება 2012-16 წლებში, იმ პერიოდში „ქართული ოცნება“ კოალიცია იყო. თუმცა ვერავინ ვერ დაასაბუთებს, რომ მაშინდელი მთავრობა ან პარლამენტი უკეთესი იყო.

„იმდროინდელი მთავრობა და პარლამენტი რაღაცაში უკეთესი იყო, რაღაცაში უარესი, მაგრამ საამისოდ ამომრჩევლის ნება უნდა არსებობდეს. ამ არჩევნებზე ჩვენმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ კოალიციური მთავრობა არ გვინდა და ახლა თეორიულად შეიძლება ისიც ამტკიცო და ესეც“.

 

 

არაგველი641 ერთი კითხვა დამებადა: შეიძლება თუ არა პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა პარტიული სიის გარეშე, ყველა წევრმა დამოუკიდებლად და პარლამენტში შესვლის მერე ისევ თავიანთი პარტია წამოადგინონ?
3 წლის უკან
არაგველი641 ერთი კითხვა დამებადა: შეიძლება თუ არა პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა პარტიული სიის გარეშე, ყველა წევრმა დამოუკიდებლად და პარლამენტში შესვლის მერე ისევ თავიანთი პარტია წამოადგინონ?
3 წლის უკან