„ვაი ჩვენ და ვუი ამ ხელისუფლებას, რადგან უგუნურებსა და გიჟებს დასაშოშმანებლად კოჭი უნდა გავუგოროთ“

„ვაი ჩვენ და ვუი ამ ხელისუფლებას, რადგან უგუნურებსა და გიჟებს დასაშოშმანებლად კოჭი უნდა გავუგოროთ“

მხარეებს შორის მოთხოვნების მესამე და მეოთხე საკითხზე, გარკვეულწილად, დაახლოება მოხდა – ამ შედეგით დასრულდა მეოთხე რაუნდი. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების სამი რაუნდი ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიცია არის ერთიანი იმაში, რომ თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, ოპოზიციური პარტიები გააგრძელებენ ბოიკოტს. რაც შეეხება მესამე და მეოთხე საკითხს, რომელზეც გარკვეულწილად ოპოზიციასა და პოზიციას შორის დაახლოება მოხდა – ეს საკითხებია საარჩევნო სისტემა და საარჩევნო ადმინისტრირების რეფორმირება.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ადასტურებს, რომ მხარეებს შორის, მათი მოთხოვნები ნამდვილად განსხვავებულია, ამიტომ იყვნენ და არიან ფრთხილი მოლოდინებთან დაკავშირებით.

„ყველას რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს და ვნახავთ, როგორ შეგვიძლია მხარეები დამატებით მანძილზე გავატაროთ. ამის იმედი გვაქვს, თუმცა როგორც აღვნიშნე, ეს იქნება რთული და მოითხოვს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას, შესაძლოა, გამომგონებლობასაც, იმისათვის, რომ საჭირო შედეგამდე მივიდეთ. მზად ვარ იმდენი მოლაპარაკებათა რაუნდისთვის, რამდენიც საჭირო იქნება, ვიდრე ვხედავთ, რომ პროგრესი არის და ვიდრე ვიგრძნობთ, რომ მივიწევთ წინ. ამისათვის მზად ვარ, თუმცა ნაადრევია იმის თქმა, თუ რა გველის ხვალ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

რაც შეეხება 4 პუქტიან გეგმას, რომელიც მხარეებს შორის მოლაპარაკების საგანია, ამაზე მხარეები დეტალურად არ საუბრობენ და მათგან მხოლოდ დასახელდა ძირითადი პუნქტები:

  1. პოლიტიკური პატიმრები
  2. საპარლამენტო არჩევნები
  3. საარჩევნო სისტემა
  4. საარჩევნო ადმინისტრაცია

პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ლიდერის განცხადებით, ოპოზიცია საუბრობს გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებზე, ვიდრე თამარ ჟვანიას გადადგომა თუ არგადადგომაა. ბადრი ჯაფარიძის თქმით, მეოთხე რაუნდი ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. განსხვავებები რჩება, მაგრამ საერთო ჯამში იყო სასარგებლო შეხვედრა, თუმცა ჯაფარიძემ მოლაპარაკებების შინაარსზე არ ისაუბრება, რადგან ასეთია შეთანხმება.

„ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში მხარეები ოთხ ძირითად საკითხზე ვსაუბრობთ მათ შორისაა: ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. პირველ ორ საკითხზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პოზიციები განსხვავებულია. მესამე და მეოთხე საკითხზე გარკვეულწილად დავახლოვდით. ჩვენ ვერ მივიღებთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. შესაბამისად, როცა რეფორმაზე ვლაპარაკობთ, მთავარია, როგორი კონსტრუქცია ექნება ცესკო–ს შემდგომი არჩევნებისთვის და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხია“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ძალიან ცხარე კამათი იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რაღაც საკითხებზე შეთანხება შედგა, რაღაცებზე – ვერა. რა საკითხზე მოხდა შეთანხმება, ელისაშვილი ამბობს, რომ მხარეები ამ დეტალებზე ისევ ვერ ისაუბრებენ.

„ლამის ვეხვეწე ელჩებს, რომ მომცენ უფლება, ვილაპარაკო დეტალებზე, რომ ხალხმა გაიგოს რაზე ვლაპარაკობ. ერთი სულ მაქვს ხალხს მოვუყვე, რაზე მიდის ლაპარაკი, რაზე ვარ თანახმა და რაზე არა. „ქარული ოცნება“ რას ითხოვს და იხვეწება, არ მაინტერესებს. ელჩებმა დაჟინებით გვთხოვეს, ლამის გვეხვეწნენ, არ მოყვეთ დეტალებიო. რა თქმა უნდა, ძალიან მალე უნდა შევხვდეთ და გაგრძელდეს ეს ყველაფერი. უსინდისო ვიყო, ერთი სული მაქვს დეტალებზე ვილაპარაკო და ყველას გავცე პასუხი, აქ რაზე ვლაპარაკობთ და რისთვის ვართ მზად. სადღაც წინ წავიწიეთ, სადღაც ისევ გაჩერებულები ვართ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების საკითხზე პოზიციები ფუნდამენტურად განსხვავდება და როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქარაძე აცხადებს, შეთანხმების რესურსი არ ჩანს.

„მოლაპარაკებაზე არის 4 ძირითადი საკითხი, რაც ოპოზიციისთვის არის მნიშვნელოვანი, პირველი არის რიგგარეშე არჩევნები, მეორე პოლიტპატიმრები, მესამე საარჩევნო სისტემის შესაძლო ცვლილებები და მეოთხე საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც განაპირობებს საარჩევნო გარემოს შეცვლას. პირველ ორ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ფუნდამენტური სხვაობა პოზიციებს შორის და შეთანხმების რესურსი არ ჩანს.

ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ ამის გარეშე არ განვიხილავთ კრიზისის მოგვარებას და პარლამენტში შესვლას. მესამე საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კომპრომისები იყო, რაც შეეხება მეოთხე საკითხს, აქ არსებობს საკითხები, უფრო მეტად ტექნიკური, სადაც შეთანხმება შესაძლებელია“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პროგრესი არ არის. ვაშაძის თქმით, ვიდრე არ მოხდება შეთანხმება, პარლამენტში შესვლა არ განიხილება. მისი თქმით, არის დამატებით საუბარი საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე, თვითმართველობის საარჩევნო სისტემაზე.

„საუბარი არის ფუნდამენტურ რეფორმებზე. არ არის შეთანხმება რიგგარეშე არევნებთან დაკავშირებით, არ არის შეთანხმება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. არც სხვა საკითხებზე არ არის შეთანხმება. შევთანხმდით იმაზე, რომ გავაგრძელებთ კიდევ მოლაპარაკებებს. სანამ კონკრეტული პოზიციები არ ჩამოყალიბდება საერთო ოპოზიციურ ფორმატში და სანამ შეთანხმება არ იქნება, არავის შესვლა არ განიხილება პარლამენტში და ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ გუნდთან დაკავშირებით ასეთი ბინძური კამპანია იყო დღეს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

მმართველ გუნდში იმედი აქვთ, რომ შეთანხმება მოხდება მთავარ საკითხზე – ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება. „ქართული ოცნების“ წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მეოთხე რაუნდმა პოლიტიკური მხარეები კიდევ უფრო დააახლოვა შეთანხმებასთან და არის რეალური ალბათობა, მთავარ საკითხზე შეთანხმდნენ.

„არის რეალური ალბათობა, რომ შევძლოთ შეთანხმება ყველაზე მთავარ საკითხზე, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ სტაბილურობას – ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება. ამ საკითხზე პოზიციები იმდენად გვაქვს დაახლოებული, რომ შესაძლებელია, ეს გახდეს შეთანხმების მთავარი საკითხი. 11 დეკემბერს გაიმართება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა და თუ რა შემადგენლობით – ეს დამოკიდებულია პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებაზე, რომელიც უნდა დაეფუძნოს დიალოგის შედეგებს. დიალოგი ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი პოზიციების დასაახლოვებლად, ამიტომ უნდა დაველოდოთ დიალოგის დასრულებას, ჩვენ დაგვრჩა კიდევ ორი დღე ამისათვის“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

რაც შეეხება 4-პუნქტიან მოთხოვნებს, ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, პირველი ორი საკითხი – ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ანტიკონსტიტუციურია. „ანტიკონსტიტუციური“ ნიშნავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც სამართლის უზენაესობის პრინციპი მოქმედებს, მსგავსი მოთხოვნის შესრულება იმთავითვე წარმოუდგენელია, რადგან კონსტიტუციურობის ელემენტარულ პრინციპებს ეწინააღმდეგება და თუკი ისინი ხელისუფლებაზე ზეწოლის შედეგად მაინც დაკმაყოფილდა, ეს ნიშნავს, ქვეყანამ ფაქტობრივად კონსტიტუციასა და სამართალზე უნდა თქვას უარი.

„არაკონსტიტუციური ნიშნავს, რომ მოქმედი კონსტიტუციის პირობებში ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელია, თუმცა, შესაძლებელია კონსტიტუციის ისე შეცვლა, რომ მათი გათვალისწინება მოხდეს, რასაც საკონსტიტუციო პროცესი დასჭირდება. კონსტიტუციის ცვლილება, დღეს მოქმედი კონსტიტუციით შესაძლებელია, თუ: ა) ცვლილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეოთხედი; ბ) ცვლილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედი და მომდევნო მოწვევის პარლამენტი ასევე სრული შემადგენლობის ორი მესამედით ამ ცვლილებას უცვლელად მიიღებს ერთი მოსმენის შემდეგ“, – წერს ზარდიაშვილი.

მისი შეფასებით, „ანტიკანონიერი“ ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ მოთხოვნის გათვალისწინება საერთოდ წარმოუდგენელია, რადგან კანონი ვერასგზით ისე ვერ შეიცვლება, რომ რომელიმე სამ პრივილეგირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას ექსკლუზიურად ჰქონდეს უფლება საარჩევნო კომისიის წევრების ნომინირებისა.

„ანტიკონსტიტუციური და ანტიკანონიერი მოთხოვნების დაყენება იმთავითვე უგუნურობაა და ოპოზიციის არაადექვატურობაზე ნათლად მეტყველებს. ხოლო იმ მოთხოვნის, რაც არაკონსტიტუციურია, მაგრამ კონსტიტუციური პროცესით მაინც შესაძლებელია, რომ დაკმაყოფილდეს, გარდაუვლად აუცილებელი პირობა იმთავითვე ოპოზიციური დეპუტაციის პარლამენტში შესვლაა.

დასკვნა მარტივია: ოპოზიციის არადექვატურობა მათივე წერილობითი დოკუმენტით საყოველთაოდ და მკაფიოდ არის მთელი მსოფლიოს (ე.ი. მათ შორის, ჩვენი მეგობარი ფასილიტატორი ელჩების) წინაშე მანიფესტირებული, ოღონდ შეფასების საკითხია, რას დავარქმევთ, რადგან ორი ვარიანტია: ა) „უგუნურების მანიფესტი“ ბ) ან უფრო მკვეთრად – „სიგიჟის მანიფესტი“.

ვაი ჩვენ და ვუი ამ ხელისუფლებას, რადგან სხვა გზა არა გვაქვს – უგუნურებსა და თუნდაც გიჟებსაც კი დასაშოშმანებლად რაღაცა კოჭი მაინც უნდა გავუგოროთ. საკითხავია, ასეთი კოჭი ბუნებაში თუ არსებობს საერთოდ და თუკი არსებობს, როგორ, ანდა სად ვიპოვოთ?! ვინმეს თუ გაქვთ რაიმე მოსაზრება ამ „ჯადოსნური კოჭის“ და მისი პოვნის შესახებ? სიამოვნებით მოგისმენდით“, – წერს დავით ზარდიაშვილი.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის განმარტებით, საარჩევნო სისტემის რეფორმირება მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა, მისი განხორციელება არა მარტო „ქართული ოცნების“ მზაობაზე, არამედ იმაზე იქნება დამოკიდებული, ოპოზიციის რა ნაწილი შევა პარლამენტში.

„საკონსტიტუციო შესწორებას, ის რომ ახლავე იქნას მიღებული, რათა შემდგომი არჩევნებისთვის იმუშაოს, 113 ხმა სჭირდება. თუ ამ წინადადებაზე დავუშვათ უარი თქვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ეს წინადადება ვერ გავა. ამიტომ „ქართული ოცნება“ დიდი სიამოვნებით დათანმდება ამას, თუ გარანტირებული ექნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ შევა. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ იმიტომ ვსაუბრობ, რომ ყველა რომ შევიდეს ოპოზიცია, თუ ის უარს იტყვის, რამდენადაც ვიცი, მაინც არ რჩება საკმარისი ხმები საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. ამიტომ ამ შეთანხმებას თუ მიაღწიეს, ეს შესაძლოა, დარჩეს ფარატინა ქაღალდად.

ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი შეთავაზებების პაკეტი არ ითვალისწინებს ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას, როგორიცაა ამომრჩევლის მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ სისტემურ ცვლილებებზე მაინც არ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ლაპარაკი უნდა იყოს სისტემურ რეფორმაზე. ეს ყველაფერი რასაც ამბობენ, არის დამატებითი ნაწილი, ეს მოსყიდვას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ვერ უშველის, რაც პრობლემაა და თვითონ ოპოზიცია ამბობს ამას“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.