მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე 3 დღით ადრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი გადამწყვეტი კვლავ არ აღმოჩნდა. ამერიკის ელჩის რეზიდენციიდან გამოსული პოლიტიკოსებისგან საზოგადოებამ ის გაიგო, რომ მოალაპარაკების მეხუთე რაუნდიც იქნება და ოპოზიცია მოთხოვნების შეცვლას არ აპირებს. ასევე მათ შესრულებას ხელისუფლებაც არ გეგმავს.
პოლიტიკური ტემპერატურა კი უმაღლეს ნიშნულზეა აწეული, რაც მოლაპარაკების წინ გაკეთებულ განცხადებებშიც კარგად ჩანდა. პარლამენტის შეკრების თარიღი დასახელებულია -11 დეკემბერი. ვინ შედის პარლამენტში: ერთად, ცალ-ცალკე თუ არავინ მმართველი პარტიის გარდა, კვლავ გაუგებარია. მანამდე კი გაირკვა, რას ითხოვს ოპოზიცია 4 პუნქტის სახით. მას უნდა, რომ მოხდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ე.წ. პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, მოხდეს საარჩევნო სისტემის რეფორმირება და ცეესკოს ადმინისტრაციის ცვლილება.
„პუფი“, „კეთროვანი“, „პოლიტიკური ბანკროტი“ - ეს იმ ეპითეტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც იმ ოპოზიციონერების მიმართ გაისმა, ვინც შესაძლოა, მოლაპარაკებების შედეგად, პარლამენტში შესვლა გადაწყვიტოს. ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერებმა კოლეგები მკაცრად გააფრთხილეს და საპარლამენტო საქმიანობის დაწყებამდე დაფიქრება ურჩიეს.
უსინდისობა უწოდა „მოქალაქის“ ლიდერმა დღის განმავლობაში ოპოზიციის ნაწილის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ მსგავსი განცხადებები მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლის მცდელობას ემსახურება.
ბინძურ თავდასხმად შეაფასა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში მის სავარაუდო შესვლასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარები. „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გუშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ წინასაარჩევნოდ პირობის დარღვევაც შეახსენა.
პარლამენტში სავარაუდო შესვლასთან დაკავშირებულ განცხადებებს - „კონცერტს“ უწოდებს ვახტანგ მეგრელიშვილი.
დაპირისპირებას ოპოზიციურ ფლანგზე მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ. „ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ პარტიების ნაწილი ოპოზიციურ სპექტრში ავტორიტარული მეთოდებით მოქმედებს, რაც დაუშვებელია და მოლაპარაკებების პროცესსაც აზიანებს. რა გავლენას მოახდენს პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა ოპოზიციურ ერთობაზე, ჯერჯერობით, უცნობია. მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს შეკრებამდე კი მხოლოდ ორი დღე რჩება.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პროგრესი არ არის. ამის შესახებ ვაშაძემ მოლაპარაკების მეოთხე რაუნდიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. ვაშაძის თქმით, ვიდრე არ მოხდება შეთანხმება, პარლამენტში შესვლა არ განიხილება.
„არის დამატებით საუბარი საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე, თვითმმართველობის საარჩევნო სისტემაზე, არის ფუნდამენტურ რეფორმებზე საუბარი. არ არის შეთანხმება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, არ არის შეთანხმება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. არც სხვა საკითხებზე არ არის შეთანხმება. შევთანხმდით იმაზე, რომ გავაგრძელებთ კიდევ მოლაპარაკებებს. სანამ კონკრეტული პოზიციები არ ჩამოყალიბდება საერთო ოპოზიციურ ფორმატში და სანამ შეთანხმება არ იქნება, არავის შესვლა არ განიხილება პარლამენტში და ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ გუნდთან დაკავშირებით ასეთი ბინძური კამპანია იყო დღეს“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად მისი დიდი სურვილის, დეტალებზე საუბარი კვლავ არ შეუძლია.
„ძალიან ცხარე კამათი იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რაღაც საკითხებზე შევთანხმდით, რაღაცაზე ვერა. ლამის ვეხვეწე ელჩებს, რომ მომცენ უფლება, რომ ვილაპარაკო დეტალებზე. ერთი სული მაქვს, რომ ხალხს მოვუყვე რაზე მიდის ლაპარაკი, რაზე ვარ მე პირადად თანახმა და რაზე არა, ელჩებმა დაჟინებით გვთხოვეს ლამის გვეხვეწნენ, არ თქვათ დეტალებიო. არანაირად არ შევდივარ პარლამენტში და ვინც მე ამას მაბრალებს, არის ტუტუცი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციას ნებისმიერ დროს შეუძლია დატოვოს ბოიკოტის რეჟიმი და პარლამენტში შევიდეს. კობახიძის თქმით, აქამდეც ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმს ინარჩუნებდა და უმრავლესობა მარტო იჯდა პარლამენტში.
„ნებისმიერ დროს, მაგალითად, მომავალ წელს მათ შეეძლებათ დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და შემოვიდნენ პარლამენტში. ისინი ისედაც იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში ერთი წელი, პარლამენტმა გაატარა ერთი წელი მათი ბოიკოტის რეჟიმში, მარტო იჯდა უმრავლეოსობა. იგივე გაგრძელდეს შეიძლება გარკვეული პარტიების მიერ, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღევანდელმა შეხვედრამ პოლიტიკური მხარეები კიდევ უფრო დააახლოვა შეთანხმებასთან და არის რეალური ალბათობა, მთავარ საკითხზე შეთანხმდნენ.
„დღეს ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც უფრო დაგვაახლოვა შეთანხმებასთან და არის რეალური ალბათობა, რომ შევძლოთ შეთანხმება ყველაზე მთავარ საკითხზე, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ სტაბილურობას - ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება. ამ საკითხზე პოზიციები იმდენად გვაქვს დაახლოებული, რომ შესაძლებელია, ეს გახდეს შეთანხმების მთავარი საკითხი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ძალიან კარგია, როდესაც ხელისუფლება საარჩევნო სიტემასთან დაკავშირებით დათმობაზე მიდის და ეს ოპოზიციისთვის ძალიან კარგი შეთავაზება უნდა იყოს. თუმცა ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამას კონსტიტუციაში ცვლილება სჭირდება. ხოლო ამისთვის დეპუტატების გარკვეული რაოდენობაა საჭირო, რასაც ოპოზიციის გარეშე ხელისუფლება კანონით ვერ მოაგროვებს. ამიტომაც ძაბირაძეს მიაჩნია, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაც ამ რეფორმის გარეშე როგორ უნდა მოხდეს გაუგებარია.
„ხელისუფლებისთვის დიალოგის ამ მიმართულებით წაყვანა ძალიან მომგებიანია. პირველ რიგში ის, რომ ამ რეფორმას კონსტიტუციაში ცვლილებები სჭირდება. ცვლილებას კი უმრავლესობის გარეშე ვერ მიიღებს. მხოლოდ „ოცნების“ 76 მანდატი საკმარისი არ იქნება, აქ უკვე ოპოზიციაც უნდა. ამიტომაც მოლაპარაკებას „ოცნება“ საკმაოდ სწორად აწარმოებს და მისი ნაბიჯები ლოგიკურია. მე თუ მკითხავენ, საარჩევნო სისტემა და მასთან დაკავშირებული პრობლემები ოპოზიციას უფრო უნდა აინტერესებდეს. მომავალ წელს თვითმმართველობის არჩევნებია და თუ რიგგარეშე არჩევნები სამომავლოდ დაინიშნა, ეს რეფორმა საჭიროა. თუმცა ძალიან ნაკლებ სავარუდოდ მიმაჩნია, რომ კონკრეტულად პარტიები შევიდნენ. თუმცა ველი, რომ ცალკეული დეპუტატები პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის მიერ ნახსენები ბერკეტი, რომლის მიხედვითაც დეპუტატებს დროს მისცემენ, რომ მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღონ, საკმაოდ გონივრულია. ძაბირაძე ვარაუდობს, რომ როდესაც პირველი სხდომა იქნება და ოპოზიციის დეპუტატები მანდატებზე უარის თქმის მიზნით განცხადებებს დაწერენ, ის პლენარულ სხოდმაზე უნდა გაიტანოს „ოცნებამ“ და პარლამენტის თავჯდომარემ ეს განცახდებები კენჭისყრით უნდა დაამტკიცოს. თუმცა ამას ხელისუფლება დიდი ალბათობით დროში გაწელავს და საგაზაფხულო სესიამდე ოპოზიციის დეპუტატებს მანდატებს არ ჩამოართმევს.
„ძალიან კარგი შანსი რჩება ოპოზიციასთვის, რომ ამ აჟიოტაჟმა და ემოციების ტალღამ გადაიაროს. მათ თებერვლამდე ექნებათ დრო, სანამ საგაზაფხულო სესია ჩაინიშნება, რომ თავიანთ გადაწყვეტილებას გადახედონ და პარალამენტში შევიდნენ. მე მაქვს მოლოდინი, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებებს შეცვლიან. ძალან კარგად ჩანს, რომ პატარა პარტიებში არის სურვილი, რომ პარლამენტში შევიდნენ. თუმცა ნაციონალები მათ საკუთარი თამაშით თამაშს აიძულებენ. იქ კი წაგებული ნაციოანლები არ იქნებიან. მათ 10%-იანი ბარიერიც კი აწყობთ. რაც უფრო მეტი ოპოზიციური ხმები გადანაწილდება მათზე, მით უფრო უკეთესია. ამიტომაც სულაც არ ადარდებთ 2024 წლისთვის რა სიტუაცია იქნება. პატარა პარტიები და მისი ლიდერები კი ქუჩაში დარჩენით გადაითელებიან და გაქრებიან. ამას უკვე ვხედავთ, რომ ძალიან კარგად ათვითცნობიერებენ და ეს დაპირისპირებაც ამიტომ გაჩნდა“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი კი for.ge-სთან აცახდებს, რომ თავიდანვე ჩანდა, „ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებზე არ წავიდოდა და ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ამხელა თამასა დააწესა. მისი აზრით, ხელისუფლებამ იმიტომ არ იწვალა, რომ ამხელა დათმობაზე წავიდეს. ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ ოპოზიცია ამ მოლაპარაკებებით ცდილობს, რომ ფასილიტატორებს აჩვენოს, რაღაცას ცდილობენ და დათმობაზე ხელისუფლება არ მიდის.
„მგონია, რომ პარლამენტში ოპოზიციის დიდი ნაწილი არ შევა და ადგილობრივი თვითმართველობის დროს სერიოზული ბრძოლა იქნება, რათა ოპოზიციამ ადგილობრივი არჩევნები მოიგოს. ხოლო თუ ისევ ხელისუფლებამ მოიგო, მაშინ მათი საქმე კიდევ უფრო გართულდება. ასეთ შემთხვევაში ოპოზიციას აღარ ექნება საშუალება, რომ რიგგარეშე არჩვენები მოითხოვოს. „ოცნებამ“ თუ დამაჯერებლად გაიმარჯვა, ისევ იმას იტყვის, რომ არ არსებობს იმის საფუძველი, პარლამენტის ლეგიტიმურობაში ვინმემ ეჭვი შეიტანოს. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ დეპუტატების ნაწილი პარლამენტში მაინც შევიდეს.
ამ შემთხვევაში პარტიებს არ ვგულისხმობ. ჩვენ ვიცით, რომ 2024 წელი პარტიების არჩევის წელია. ამიტომაც ახლა რომელი პარტიაც ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებას უღალატებს, ის პარლამენტში საერთოდ ვეღარ შევა და პოლიტიკური სივრციდან გაქრება. ახლა მათ არჩევანი აქვთ, რომ ან ერთად შევიდნენ ან ერთად არ შევიდნენ. ცალ-ცალკე „ოცნება“ მათ უბრალოდ გამოიყენებს. ამიტომაც ახლა ხელისუფლება ცდილობს, რომ რომელიმე მათგანი დათმობაზე წაიყვანოს და შეიტყუოს. ახლა ნერვების ბრძოლა მიდის და ვნახოთ, ვის უმტყუნებს. მე მაინც მგონია, რომ პარლამენტში მხოლოდ „ოცნება“ იქნება“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.