შეიძლება გახდეს თუ არა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების საფუძველი პლებისციტის ჩატარება, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, უნდათ თუ არა ვადამდელი არჩევნების ჩატარება?
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სამართლებრივად აბსურდულად გამოიყურება, თუკი ხელისუფლება პლებისციტს დათანხმდება, რადგან რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი არ შეიძლება პლებისციტით გადაწყდეს. პლებისციტის შედეგად რომ მიიღონ გადაწყვეტილება, დიახ, გვინდა რიგგარეშე არჩევნებიო, ესეც არაკონსტიტუციური იქნება, ანუ კონსტიტუციასთან მოვა წინააღმდეგობაში და ასეთი პლებისციტები, როგორც წესი, არ ტარდება.
„ამ მხრივ გამონაკლისს ვერ დაუშვებენ, ეს არაკონსტიტუციური იქნება. მაშინ კონსტიტუციური ნორმა უნდა შეიცვალოს და ახალი საფუძველი უნდა გაჩნდეს რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად, კონსტიტუციის ხელახალ მიღებას კი სხვა მექანიზმები სჭირდება, გაცილებით რთული პროცედურაა და ეს პლებისციტით არ გადაწყდება. საერთოდ, რიგგარეშე არჩევნების საფუძველს კონსტიტუცია განსაზღვრავს, კონსტიტუციაში ეს საკითხი არის ცალსახად, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობას ვერ აკომპლექტებს, როდესაც მმართველობის კრიზისი გვაქვს, სამთავრობო კრიზისი გვაქვს და პარლამენტს არ შეუძლია ამ პრობლემის გადაწყვეტა. ასეთ დროს მთავრობას უნდობლობას უცხადებს და ახალ მთავრობას აყალიბებს. ამ შემთხვევაში, უნდა ეს ვინმეს თუ არა, აუცილებლად კონსტიტუციური ძალით ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები. თუ ეს საფუძველი არ არსებობს, მთავრობას აქვს პარლამენტის ნდობა და მმართველობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს, მაშინ ვინც არ უნდა მოინდომოს, არ და ვერ ჩატარდება ვერავითარი რიგგარეშე არჩევნები“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
მანვე განმარტა, ვინაიდან ასეთი ოპოზიცია გვყავს და ამ ოპოზიციას კიდევ ერთხელ სჭირდება ხალხის ნების გამოხატვა არჩევნებთან დაკავშირებით, მაშინ რაღაც ფორმით (და არა ამ შეკითხვით, „გინდათ თუ არა რიგგარეშე არჩევნები“) შეიძლება ირიბად დადასტურდეს ხალხის ნება. მაგალითად, შეიძლება ასეთი საპლებისციტო შეკითხვა დაისვას, „ეთანხმებით თუ არა დაფინანსების შეწყვეტას იმ პარტიებისთვის, რომლებმაც უარი თქვეს მანდატებზე?“
ამ შემთხვევაში, თუ ხალხის უმრავლესობამ დადებითად უპასუხა და დაეთანხმა შეკითხვას, რომ ამ პარტიებს უნდა შეუწყდეთ დაფინანსება, ეს უკვე ირიბი აღიარება იქნება, რომ ელექტორატის უმეტესობა ოპოზიციას არ თანაუგრძნობს. ამდენად, ეს უკვე არჩევნების შედეგების თავიდან გამოხატვა იქნება.
„მთავარია, რომ ამ ოპოზიციას რაღაცნაირად დაშოშმინება სჭირდება და შეიძლება პლებისციტზე უფრო კატეგორიული კითხვაც კი დაისვას არა მარტო დაფინანსების თაობაზე, არამედ ხალხს ვკითხოთ, ეთანხმებიან თუ არა ისინი, რეგისტრაცია შეუჩერდეთ ისეთ პარტიებს, რომლებიც საკუთარ მანდატებზე უარს ამბობენ, რაც მიიღეს წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში, ეს იქნება საკრებულო, თუ პარლამენტი? ამით ასეთ პარტიებს არათუ დაფინანსებაზე ეტყვიან უარს, არამედ გააუქმებენ მათი პარტიების რეგისტრაციასაც, რადგან პარტიის დანიშნულება არის მანდატის მოპოვება, რათა ამით პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობდეს. თუკი პარტია თავისი საქმიანობის ძირითად სფეროზე უარს ამბობს, რასაკვირველია, ის პარტიაც აღარ არის და მას რეგისტრაცია რაში სჭირდება? შეიძლება კიდევ უფრო კატეგორიული იყოს ხელისუფლება მათ მიმართ და ა.შ. საბოლოო ჯამში, ვინც დარჩება პოლიტიკაში, ის აუცილებლად გონს უნდა მოეგოს. ხოლო, ვინც თავს გაიგიჟებს, ის პოლიტიკიდან გავა“,- მიაჩნია დავით ზარდიაშვილს.
ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე პლებისციტის თემას ანეკდოტის ჟანრად განიხილავს. For.ge- სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან უამრავი დათმობა უნახავს, მათ შორის, პოლიტპატიმრებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით და დათმობა გასაკვირი არ არის, მაგრამ პლებისციტზე საუბარი უცნაურია.
„ოპოზიციის ენაზე პლებისციტი რას ნიშნავს? რომ ხელახლა გაიხსნას საარჩევნო უბნები, ხალხი მივიდეს არჩევნებზე ერთადერთ კითხვაზე საპასუხოდ, „გინდათ თუ არა ხელახალი არჩევნები?“ თუ იმ კითხვაზე საპასუხოდ, „გაყალბდა თუ არა არჩევნები?“
პლებისციტის თემის წამოწევით თუკი ოპოზიციას სახის შენარჩუნება სურს, რომელ სახის შენარჩუნებაზეა საუბარი, როდესაც ოპოზიციას სახე საერთოდ არ აქვს? გინდაც პლებისციტი ჩაატარონ, გინდაც რეფერენდუმი, სახე მათ არ აქვთ. მათ რომ ჰგონიათ, ხმები მიიღეს, სინამდვილეში, ეს ხმები მიიღეს უკმაყოფილო ადამიანების ხარჯზე. ბუნებრივია, უკმაყოფილება არსებობს, ჩვენთან კი არა, გაცილებით ძლიერ ქვეყნებშიც არსებობს უკმაყოფილება, მით უმეტეს, ჩვენთან, რაც აიხსნება ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური, არასწორი საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე. პოლიტიკური ბრძოლა სჭირდება ამას, რომ ამ ყველაფრის კორექტირება მოხდეს“, - აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.