„თუკი ჯაფარიძე მკვეთრად დაუპირისპირდება ნაცმოძრაობას, შემდეგ, უკვე ბიოგრაფიის ეს ნაწილი მას ხელს აღარ შეუშლის“

„თუკი ჯაფარიძე მკვეთრად დაუპირისპირდება ნაცმოძრაობას, შემდეგ, უკვე ბიოგრაფიის ეს ნაწილი მას ხელს აღარ შეუშლის“

რამდენიმე დღეა, „გირჩი“ და ის ფაქტი, რომ პარტია იშლება, აქტუალობას არ კარგავს. რეალურად, ლიდერებს შორის რა მოხდა და საიდან დაიწყო კონფლიქტი, უცნობია. შიდა სამზარეულოში არსებული დეტალები მხოლოდ პარტიის შიგნით იციან და „გირჩელები“ მიზეზებზე ღიად საუბარს გაურბიან. პარტიაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკება ან შერიგება შეუძლებელია და პრაქტიკულად, შეიძლება მოვისაზროთ, რომ „გირჩიდან“ ზურაბ ჯაფარიძის სახით, „გირჩი 2“ იკრებს ძალას.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს, თუმცა, ამის მიზეზი არ განუმარტავს. ზურაბ ჯაფარიძე ყველაფრის ნულიდან დაწყებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ამისთვის მზად არის.

„2008 წელს, ოპოზიცია რომ დაიშალა, მაშინ ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თქვა, ოპოზიცია კი არ დაიშალა, გაიშალაო. ჩათვალეთ, რომ „გირჩი“ კი არ დაიშალა, გაიშალა. ბევრი „გირჩი“ იქნება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი თვლის, რომ პარტიისთვის და ერთი კონკრეტული პერსონისთვის ყველაფრის ნულიდან დაწყება მარტივი არ არის. მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ შანსი იმისა ზურაბ ჯაფარიძე და მისი ახალი გუნდი მესამე პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდეს, არსებობს, თუმცა, მნიშვნელოვანია ზურაბ ჯაფარიძე საჯაროდ და მკვეთრად დაუპირსპირდეს „ნაციონალურ მოძრაობას,“ რადგან ის პერიოდი, როდესაც ჯაფარიძე სწორედ ამ პარტიის წევრი იყო, „გირჩელის“ პოლიტიკურ კარიერაში შავ ლაქად მოჩანს, რაც აუცილებლად უნდა ჩამოირეცხოს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ზურაბ ჯაფარიძეს მესამე პოლიტიკური ძალის ფორმირების შესაძლებლობა აქვს, თუმცა, ამისათვის მისი მხრიდან გარკვეული ნაბიჯები უნდა იქნეს გადადგმული. მისივე თქმით, თავის დროზე, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ასევე ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გუნდის წევრი იყო, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი „ვარდების რევოლუციით“ დასრულდა.

„ზურაბ ჯაფარიძე ძალიან მობილურია. თავის დროზე იყო ბეჯითი ნაციონალი, შემდეგ, როდესაც დაიწყო გაყოფები, გამოეყო და ჩამოყალიბდა ისეთი ჯგუფით, რომლის პროგნოზი ძნელია ქართულ სინამდვილეში და გააკეთა ზუსტი გათვლა - ახალგაზრდებზე და მისი შეთავაზებული წინადადებებით მიიზიდა. ისეთი ალღო აქვს, ადვილად არ გაქრება.

შემდეგ როგორ გზას აირჩევს, ამის თქმა ძნელია, არც ისე პროგნოზირებადი პიროვნებაა. რა თქმა უნდა, ჯაფარიძეს უფრო მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე სხვა „გირჩელებს“. ჯაფარიძე იქნება თუ სხვა, ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ნულიდან დაიწყებს, ალბათ, იმას გაუწევს ანგარიშს, რომ დღეისთვის, პოლიტიკური სპექტრისთვის, უაღრესად ნეგატიური დამოკიდებულება არსებობს, მათ შორის იმათი მხრიდანაც, ვინც არ ეკუთვნის ფანატიკურ მომხრეს, მაგრამ შუა პოზიცია უკავია, არც ხელისუფლებას ემხრობა და ძალიან კრიტიკულნი არიან დღევანდელი ოპოზიციის მიმართ, როგორც იმ ნაბიჯების ავტორის მიმართ, ვინც არაპროდუქტიული და არალოგიკური ნაბიჯები გადადგა. ეს თვისებები ბევრისთვის მიუღებელია.

ნებისმიერი ახალი პარტიის მოსურნემ შესაძლოა ისევ დაიწყოს მესამე პოლიტიკური ძალის აგებაზე ფიქრი, ოღონდ ამ შეცდომების გათვალისწინებით, რომელიც დაუშვეს დღეს არსებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა. ჯაფარიძეს ცოტა ძნელად გამოუვა მესამე ძალა, რადგან მას თავისი „ნაციონალურობა“ მოსდევს, მაგრამ გამორიცხული არაფერია. გავიხსენოთ, რომ სააკაშვილი და ჟვანია შევარდნაძის დროს მისი გუნდის წევრებად მოიაზრებოდნენ, მაგრამ, როდესაც მკვეთრი ნაბიჯი გადადგეს და შევარდნაძეს დაუპირისპირდნენ, შემდეგ მოსახლეობამ გამოყო.

თუკი ჯაფარიძე მკვეთრად დაუპირისპირდება „ნაციონალურ მოძრაობას“, შემდეგ უკვე ბიოგრაფიის ეს ნაწილი მას ხელს აღარ შეუშლის“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ მესამე პოლიტიკური ძალის ფორმირების შესაძლებლობა ზურაბ ჯაფარიძეს მაშინაც ჰქონდა, როდესაც „გირჩის“ ლიდერად ითვლებოდა, თუმცა, ამ მიზნის მიღწევა არცთუ ისეთი მარტივია.

„ზურა ჯაფარიძე საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია, განათლებული და ძლიერი ფიგურაა. შეიძლება მისი გარკვეული ლოზუნგები, მაგალითად, მარიხუანას ლეგალიზაციაზე, თითქოს არასერიოზულად აღიქმებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ მან გარკვეულ ბაზრის სეგმენტზე გააკეთა აქცენტი და შესაბამისი ხმები მოიპოვა.

ბუნებრივია, მას დამოუკიდებლად გაუჭირდება მოქმედება, მაგრამ ალბათ, ბევრს იმუშავებს. მას მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე დანარჩენ მის ყოფილ თანაპარტიელებს. ცოტა რთულია მესამე პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდეს. „გირჩიც“ ვერ ჩამოყალიბდა მესამე პოლიტიკურ ძალად, თუმცა, გარკვეული ხმები აიღო. დღეს მეტ-ნაკლებად სერიოზულ ძალას წარმოადგენს. მესამე ძალად გადაქცევა ზურა ჯაფარიძეს დამოუკიდებლად გაუჭირდება, ძლიერი გუნდის და ფინანსების გარეშე.

„ლელო“ რომ ავიღოთ, ისიც ვერ გადაიქცა მესამე ძალა. ალბათ, დამოუკიდებლად შექმნის პარტიას, თუმცა, შემდეგომ შეიძლება ეს პარტია შევიდეს კოალიციაში. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გუნდის წევრები ვინ ეყოლება. ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

Aburjga Tasmanieli ქართველი ერი საბოლოოდ დასირდა!
3 წლის უკან
ლაზი გირჩი რას იზამს მაგას მომავალი გვიჩვენებს, მაგრან ლელო ვერასოდეს ვერანაირ ძალად ვერ ჩამოყალიბდაბა ორი მიზეზის გამო. 1. მათ არ აქვთ არანაირი იდეოლიგიური პლატფორმა, გარდა საკუთარი ტყავის დაცვისა და 2. ვინც ფინანსები უნდა გაიღოს, ამას ვერასოდეს გააკეთებს, რადგან იმავე ფინანსების ტყვეა. გამოცდილი პოლიტიკოსები, დეპუტატობის ხიბლით მიეტმასნენ და მალე გაიქანქლებიან. ნაცვვლიშვილის მსგავსი და კიდევ უფრო სუსტი ახალგაზრდების მიერ სერიოზული ძალის შექმნა უბრალოდ უტოპიაა.
3 წლის უკან