„თუკი პლებისციტზეა საუბარი, პირველ რიგში, ეს არის ოპოზიციის სახის გადასარჩენად“

„თუკი პლებისციტზეა საუბარი, პირველ რიგში, ეს არის ოპოზიციის სახის გადასარჩენად“

„თუ პარლამენტში შესვლა იქნება, ყველა ოპოზიციური პარტია უნდა შევიდეს, ხოლო, თუკი „ნაცმოძრაობა“ გარეთ რჩება და პარლამენტში სხვები შედიან, მაშინ ის სხვები შემდეგი არჩევნებისთვის გაიფუჭებენ სახელს, რადგან მათ მოღალატეებად მონათლავენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი აატა ზაქარეიშვილი.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ერთ-ერთ შესაძლებლობად განიხილება პლებისციტის ჩატარება იმის გასარკვევად, მოსახლეობას სურს თუ არა ვადამდელი არჩევნები, რასაც შესაძლოა, ელჩებიც სთავაზობდნენ მხარეებს. პლებისციტი საქმის გართულება უფროა, თუ გაიოლება?

- ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის სახის გადარჩენა, რომ ისინი პარლამენტში შევიდნენ რაღაც მიზეზის გამო, რათა დამცირებულად და შეურაცხყოფილად არ იგრძნონ თავი და მათ არ წამოაძახონ, ამდენ ხანს რას აკეთებდით, შემოსულიყავით თავის დროზეო. ახლა პლებისციტით თავს ინუგეშებენ ოპოზიციონრები, ვითომ პლებისციტს მიაღწიეს. თუკი პლებისციტის ჩატარება სიმართლეა, მაშინ, ალბათ, პლებისციტს დაამთხვევენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც ერთი წლის თავზე ჩატარდება. მაშინ არ დასჭირდება „ქართულ ოცნებას“ ორჯერ ფულის დახარჯვა, ბარემ ერთ დღეს ჩაატარებენ პლებისციტსაც და, მე მგონი, პლებისციტზე დადგება შედეგი, რომ არ გვჭირდება ვადამდელი არჩევნები. ეს კი იქნება კრახი ოპოზიციისთვის და ამით კიდევ უფრო გაძლიერდება „ქართული ოცნება“ შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც, ალბათ, 2024 წელს ჩატარდება. ამდენად, თუკი პლებისციტზეა საუბარი, პირველ რიგში, ეს არის ოპოზიციის სახის გადასარჩენად.

ოპოზიცია ამბობს, რომ სახელმწიფოებრივი გეგმა წარუდგინა ხელისუფლებას ელჩების მეშვეობით. რა უნდა იყოს ეს ე.წ. სახელმწიფოებრივი გეგმა, თუკი არაფრის დათმობას არ აპირებენ? სახელმწიფოებრივი გეგმა ურთიერთკომპრომისს არ უნდა ითვალისწინებდეს?

- იმედია, ეს გეგმა გამოქვეყნდება. წესით, სახელმწიფოებრივი გეგმა ჩამოყალიბებული უნდა ყოფილიყო ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამაში, როცა ისინი არჩევნებში მონაწილეობდნენ.

შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ სჭირდებოდეს ოპოზიციიდან ათი კაცის გადაბირება მიზნის მისაღწევად და ამას, სავარაუდოდ, ელჩების გზით მოაგვარებს. არის კი ამის მზაობა ოპოზიციაში, რომ დათანხმდნენ „ოცნების“ შეთავაზებებს, მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებენ, თითქოს პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით უკომპრომისონი არიან?

- ოპოზიცია ერთიანია პარტიულად, თორემ შეიძლება მათ შორის იყოს ვიღაც, რომელიც შესაძლოა, გადაბირებულ იქნას. არაერთხელ და ორჯერ გვინახავს, თავის დროზე როგორ გადაუყვანია „ნაციონალურ მოძრაობას“ „მოქალაქეთა კავშირის“ ხალხი თავის მხარეს, შემდეგ უკვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ როგორ გადაიყვანა „ნაცმოძრაობის“ ხალხი თავის მხარეს. ასე რომ, თითოეული ადამიანის გადაყვანა შეიძლება ნებისმიერი პარტიიდან. ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად პარტია გადადის „ქართული ოცნების“ მხარეს, ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიაში არსებული ზოგიერთი ადამიანი გადადის ხელისუფლების მხარეს, ან პირიქითაც ხდება ხოლმე, ამაში არანაირი ტრაგედია არ არის, სახელგანთქმული ბრიტანელი პოლიტიკოსი უინსტონ ჩერჩილი პირდაპირ დარბაზში გადავიდა ერთი პარტიიდან მეორეში, ადგა დარბაზში, თქვა, რომ მე აღარ მინდა ამ პარტიაში და გადავიდა მეორე პარტიაში. ადამიანების გადასვლა პარტიიდან პარტიაში ტრაგედია არ არის, ეს მოსულა და ნორმალურიც კია. ეს მათი უფლებაა და ვერავინ ვერ აუკრძალავს, მაგრამ რომელიმე ოპოზიციური პარტია რომ გადავიდეს „ქართული ოცნების“ მხარეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის თვითმკვლელობას სჩადის შემდეგი არჩევნებისთვის, რადგან ძალიან ძვირად დაუჯენს საკუთარი ამომრჩეველი მას ასეთ ღალატს.

არის ეჭვები, რომ ძალიანაც უნდათ პარლამენტში შესვლა ცალკეულ ოპოზიციონრებს, განსაკუთრებით, ბიზნესმენებს, რომლებსაც ფული აქვთ გადახდილი სიაში მოსახვედრად.

- დიახ, წესით, ბევრს უნდა უნდოდეს პარლამენტში შესვლა, ბევრი მათგანი იმიტომ იხდის ფულს, რომ სწორედ პარლამენტში მოხვდეს. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის უმრავლესობას მიაჩნია, რომ პარლამენტში ყოფნა სჯობს, ვიდრე პარლამენტს გარეთ, მაგრამ, ვინაიდან ხმების უმრავლესობა ოპოზიციაში აიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ნაცმოძრაობა“ მათ კი არ აშანტაჟებს, არამედ დღის წესრიგს უდგენს. „ნაცმოძრაობამ“ 27% აიღო, დანარჩენებმა 4%-იც კი ვერ გადალახეს. ასე რომ, „ნაცმოძრაობა“ ასეთ რეალობას ქმნის, ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, თქვენ შედით, კი ბატონო. მე ვერ ვიტან „ნაცმოძრაობას“, ჩემთვის მიუღებელია ეს პარტია, თუმცა ნებისმიერი პარტია, რომელიც „ნაცმოძრაობის“ გარდა შევა პარლამენტში, თავის თავს იღუპავს მომავალი არჩევნებისთვის, ანუ, თუ შესვლა იქნება, ყველა უნდა შევიდეს. თუ „ნაცმოძრაობა“ გარეთ რჩება და პარლამენტში სხვები შედიან, ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგი არჩევნებისთვის გაიფუჭებენ სახელს. მაშინ მოუწევს „ქართულ ოცნებას“ 5%-იანი ბარიერი გააუქმოს შემდეგ არჩევნებზე, რომ ეს ხალხი ისევ შეიყვანოს უკან შემდეგ არჩევნებზე და გადაარჩინოს. თუ დღეს 4%-იანი პარტიები შევლენ პარლამენტში, ხოლო „ნაცმოძრაობა“ არ შევა, მაშინ „ნაცმოძრაობა“ მომდევნო არჩევნებზე მაინც შევა, რადგან უკმაყოფილო ხალხი ყოველთვის იქნება და „ქართული ოცნება“ ვერ გაუმკლავდება ამ გამოწვევას, რაც ახლაა - პანდემია, ეკონომიკური პრობლემები, ამიტომ გარეთ დარჩენილი „ნაცმოძრაობა“ უფრო მოაგროვებს ხმებს და უფრო თამამად შევა პარლამენტში. სამაგიეროდ, თუ 5%-იანი ბარიერი დარჩა, ვინც ახლა შევა პარლამენტში, მათი მომავალი ძალიან საეჭვო და დრამატული იქნება.

ისე, ნაცებსაც ხომ უნდა აწყობდეთ პარლამენტში შესვლა, რადგან ოთხი წლის განმავლობაში მილიონებს დაკარგავენ დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში?

- თუ იქ არიან ადამიანები, რომელთაც პარტიული ინტერესები აქვთ, იდეოლოგია აწუხებთ და სახელმწიფოზე ზრუნვა, მათ შეიძლება თქვან, ფული არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს საქართველოს მომავალი. თუმცა მე ყოველთვის მომხრე ვიყავი, ოპოზიციონრები შესულიყვნენ პარლამენტში, მაგრამ აქამდე საქმის გაწელვა არ ღირდა, თავიდანვე უნდა შესულიყვნენ, რადგან ნებისმიერი გონივრული ნაბიჯი გაიძულებს, რომ, რაკი პარლამენტში მოხვდი, იქ უნდა იბრძოლო და არა ქუჩაში. პარლამენტს ორმაგი ლეგიტიმაცია გააჩნია - ერთია სამართლებრივი, რაშიც ისინი მართლები არიან, მეორეა პოლიტიკური, ანუ პარლამენტი არის ერთადერთი ადგილი, სადაც პოლიტიკური საკითხები წყდება. კი, ქუჩაშიც წყდება პოლიტიკური საკითხები, მაგრამ ქუჩას პარლამენტი სჯობს, ამიტომაა, რომ დასავლეთი ხშირად მეტ-ნაკლებად საეჭვო შედეგებს ყოველთვის აღიარებს, როგორც დადებითს, რადგან სჯობს, პარლამენტში იყოს ბრძოლა, ვიდრე გარეთ. ამიტომ ვერ დავაბრალებთ ხოლმე დასავლეთს, როცა ისინი თვალს ხუჭავენ რაღაცებზე. მათ ჩათვალეს, რომ საქართველო არაა დემოკრატიული, როგორც დედამიწის ზურგზე მცხოვრები 80% არ ცხოვრობს დემოკრატიაში. მხოლოდ 20% ცხოვრობს დემოკრატიაში. მთელი აფრიკა, აზია, ლათინური ამერიკა ცხოვრობს არადემოკრატიაში. დასავლეთს კარგად ესმის, რომ დემოკრატია არ არის ქართველების მთავარი ღირებულება, ეს შეიძლება ჰოლანდიელების, ბრიტანელების, გერმანელების, ფრანგების მთავარი ღირებულება იყოს. ამიტომ დასავლეთი ძალიან მკაცრად არ უყურებს, საქართველოში როგორ ფორმირდება მთავრობა, მთავარია, რომ მთავრობა არსებობს, ვისთანაც შეიძლება საკითხების გადაწყვეტა. საქართველოს ლეგიტიმურობა სულ სხვა არის, ვიდრე გერმანიის ლეგიტიმურობა. უნდა გვესმოდეს კარგად, როგორ უყურებს ამას დასავლეთი. თუკი ოპოზიციის ნაწილი შევა პარლამენტში, მათ მოღალატეებად მონათლავენ, ამიტომ უნდა შევიდეს ყველა. ამ სიტუაციიდან სულ სამი გამოსავალია - ყველა შედის, არავინ არ შედის და ზოგი შედის, ზოგი-არა. ჩემთვის მთავარია ერთობა, მირჩევნია, ყველა შევიდეს, მაგრამ, თუ ყველა არ შედის, მირჩევნია, არავინ არ შევიდეს. ერთობას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების თვალში, ვიდრე ფრაგმენტ-ფრაგმენტ შესვლას. ვინც კი შევარდნაძის დროს პარლამენტში შევიდა, ყველა აორთქლდა, არც ერთი ოპოზიციური პარტია აღარ არის. ვინც შევიდა სააკაშვილის დროს, ასევე, ყველა პარტია აორთქლდა, საზოგადოება ძალიან მკაცრად სჯის იმ ხალხს, ვინც შეეკვრება ხელისუფლებას. ამიტომ 2024 წლის არჩევნები უნიკალური იქნება, რომელიც მხოლოდ პროპორციული სისტემით გაიმართება. არც ერთ პარტიას არ სურს, გაიფუჭოს სახელი შემდეგი არჩევნებისთვის. პროპორციული არჩევნების დროს ყველა პარტიას მეტი შანსი ეძლევა, მიაღწიოს წარმატებას. მაჟორიტარული კონტექსტი აღარ გააბინძურებს საერთო ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ვინც კი პარლამენტში შევა, ყველა იქნება სუფთად შესული და მაჟორიტარები ვეღარ გადაწონიან და ვეღარ მოახდენენ რეალური სურათის შეცვლას. პრაქტიკულად, მე შემდეგ არჩევნებს ველოდები. 2024 წლამდე არაფერ კარგს არ ველი საქართველოში, მანამდე კრიზისი კრიზისს მიებმება. წესით, პარტიაში თუ გონივრულად აზროვნებენ, ყველა უნდა ფიქრობდეს მომავალ არჩევნებზე და არა იმაზე, ახლა რა მოუვათ. მომავალი არჩევნებისთვის ისინი შეეცდებიან, არ აიკრან შუბლზე მოღალატის სახელი.

რაც შეეხება ოპოზიციურ ერთობას, როგორც ხუმრობენ, ულვაშიანმა ვაშაძემ და სალომე სამადაშვილმაც ვერ დაშალეს ოპოზიციური ერთობა და ამას ვერც „გირჩი“ მოახერხებს. თქვენი აზრით, დაშლადია ეს ერთობა?

- ოპოზიცია ერთი პარტია არ არის, იქ უამრავი სხვადასხვა პოზიციაა სხვადასხვა საკითხთან მიმართებით, ეკონომიკა იქნება, გადასახადები, განათლება, პენსიები. განსხვავებული პოზიციები ნორმალურია. როგორ შეიძლება, ერთი პოზიცია ჰქონდეს ვთქვათ, „პატრიოტთა ალიანსს“ და „ევროპულ საქართველოს“, მათ აერთიანებთ ერთი რამ, რომ გაყალბდა არჩევნები, არ შეიძლება, ეს ეპატიოს „ქართულ ოცნებას“ და საჭიროა ვადამდელი არჩევნები.

 

 

Maverick მაგ პლებისციტში ერთ პუნქტად შეიტანეთ შეკითხვა: "პროპერციულ არჩევნებს დაუჭერთ მხარს, თუ მაჟორიტარულს?" და ნახავთ როგორ გააპანღურებენ პარტიულ-კორუფციულ არჩევნებს და კობახიძის კონსტუტუციას ამომრჩეველები!
3 წლის უკან