აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად კვლავ ხუან გუაიდოს აღიარებს.
„საერთაშორისო თანამეგობრობას არ შეუძლია დაუშვას, რომ მადურომ, რომელიც 2018 წლის არჩევნების მოპარვის შემდეგ ხელისუფლებაში არაკანონიერადაა, კვლავ გამოიღოს სარგებელი მეორე მოპარული არჩევნებიდან“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ 6 დეკემბერს ვენესუელაში გამართული არჩევნები მასკარადი იყო.
„დემოკრატიის ერთგულ ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, შემოგვიერთდნენ 6 დეკემბრის ფარსის დაგმობაში და მხარი დაუჭირონ ლეგიტიმურ ეროვნულ ასამბლეასა და დროებით პრეზიდენტ ხუან გუაიდოს“, - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
6 დეკემბერს ვენესუელაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში სამთავრობო კოალიცია იმარჯვებს. ბოლო მონაცემებით, ბიულეტენების 82%-ის დათვლის შემდეგ „დიდმა პატრიოტულმა პოლუსმა“ ამომრჩეველთა ხმების 67.7%-ი მიიღო, ხოლო ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა ალიანსმა“ – 17.95%-ი.
საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 31%-ი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 27-მა ოპოზიციურმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. საერთაშორისო თანამეგობრობა ვენესუელაში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.