აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და მესამე მსოფლიოს ქვეყნის დონეზე ჩატარდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„არჩევნები ფალსიფიცირებული იყო. თუ სხვადასხვა შტატს შევხედავთ, არჩევნები სრულად ფალსიფიცირებული იყო. ეს სირცხვილია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს მესამე მსოფლიოს ქვეყანას ჰგავს. გამოყენებული იყო მოწყობილობები, რომლის წარმოშობის შესახებ არავინ არაფერი იცის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ „დემოკრატებმა“ ათასობით ბიულეტენი დააგზავნეს, რომელიც მის წინააღმდეგ იყო.
„უახლოეს დღეებში ძალიან ბევრ მნიშვნელოვან რამეს ვიხილავთ“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნერბში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო.
ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მას საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.