საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაწესებული დროებითი სანქციების ფარგლებში, ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, როგორც ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელს ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება აეკრძალა.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სანქციები ასევე დაუწესა ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილს, ვიქტორ ლუკაშენკოს, რომელიც ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს.
„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ როგორც ჩანს, ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ბელარუსი სპორტსმენები პოლიტიკური დისკრიმინაციისგან სათანადოდ არ დაიცვა“, - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ტომას ბახმა.
ბევრმა ბელარუსმა სპორტსმენმა წერილით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და სასწრაფო ქმედებები მოითხოვა ბელარუსის ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკური დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
„ეს ეწინააღმდეგება ოლიმპიური ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც სერიოზულად აისახება ოლიმპიური მოძრაობის რეპუტაციაზე“, - დასძინა ტომას ბახმა.
6 ნოემბერს ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.
საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება, მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვების შესახებ განაცხადეს. ყველაზე მასობრივი დემონსტრაციები კვრაობით იმართება.