ჯო ბაიდენი აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე ლოიდ ოსტინის კანდიდატურას წარადგენს

ჯო ბაიდენი აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე ლოიდ ოსტინის კანდიდატურას წარადგენს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე ლოიდ ოსტინის კანდიდატურას წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლოიდ ოსტინი გადამდგარი გენერალია. 2013-2016 წლებში ის აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობას ხელმძღვანელობდა. აშშ-ის სენატის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, ლოიდ ოსტინი აშშ-ის ისტორიაში პირველი ფერადკანიანი თავდაცვის მდივანი გახდება.

მანამდე კი საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჯო ბაიდენი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე კანდიდატურას ოფიციალურად 11 დეკემბერს გამოაცხადებას.

რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნერბში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო.

ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მას საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.