„პოლიტპატიმრების იარლიყის შემოტანით ცდილობენ გამოძიების დევალვაციას - უკაცრავად და, რაში სჭირდება ივანიშვილს ილიჩოვა და მელაშვილი?!“

„პოლიტპატიმრების იარლიყის შემოტანით ცდილობენ გამოძიების დევალვაციას - უკაცრავად და, რაში სჭირდება ივანიშვილს ილიჩოვა და მელაშვილი?!“

ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებების შედეგი ისე დასრულდა, რომ მხარეების განცხადებით, კონკრეტულ საკითხებთან პოზიციები უკვე მიახლოებულია, ნაწილთან მიახლოებას კი ეცდებიან კიდევ ერთი შეხვედრის დროს. მოთხოვნები უცვლელია – რიგგარეშე არჩევნები, ცესკო–ს რეფორმა და პოლიტპატიმრების საკითხი, სამივე არის ერთი მთელი, რომლის ცალკე ამოგლეჯა ოპოზიციის განცხადებით, ვერ მოხდება.

დოკუმენტი არც ერთ პარტიას არ გაუსაჯაროებია. თუმცა, ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, დოკუმენტში წერია, რომ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები გიორგი რურუა, ნატალია ილიჩოვა, ივერი მელაშვილი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე, ხოლო მათი საქმეები უნდა დაიხუროს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციის წინადადებები შედგება რამდენიმე ბლოკისგან. ის, რაც საზოგადოებამ იცის, იმის დეტალიზაციაა. მისი თქმით, მოთხოვნები არსებითად უცვლელი რჩება.

„ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრები ვერ გახდება სავაჭრო საგანი. შესაბამისად, სამივე საკითხი არის ერთი მთელი, რომლის ცალკე ამოგლეჯა ვერ მოხდება. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ როგორ უნდა მივიდეთ აქამდე, მათ შორის მივცეთ „ქართულ ოცნებას“ საშუალება, სახე შეინარჩუნოს.

„ქართული ოცნების“ საჯარო განცხადებები არაფერს წყვეტს, რადგან მათ ნათქვამს უბრალოდ დიდი ფასი არ აქვს. ისინი ვითარების მიხედვით მოქმედებენ და სიტუაცია მათთვის აბსოლუტურად არასახარბიელოა. ჩვენ შევდივართ იმ ღრმა კრიზისში, რასაც ჰქვია პოლიტიკური დეგრადაცია და თუ გვექნება ერთპარტიული პარლამენტი, ეს იქნება სრული პოლიტიკური დეგრადაცია“, – აცხადებს გიგი უგულავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, კომპრომისი მთავარ საკითხებზე ჰორიზონტზე არ ჩანს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩანს მზაობა მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ არ ჩანს მზაობა მთავარ საკითხებზე, რომელზეც ოპოზიცია 1–ელი ნოემბრიდან საუბრობს.

„ელჩებმა თქვეს, რომ დღეს საღამოს დაგვიკავშირდებიან. მოლაპარაკებების რესურსი ყოველთვის არსებობს იმიტომ, რომ მოლაპარაკებები თუ არ შედგა, ჩვენი სახელმწიფო აღმოჩნდება ძალიან მძიმე დღეში. ჩემთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ მთავარ საკითხებზე კომპრომისი ჰორიზონტზე არ ჩანს. „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩანს მზაობა მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ არ ჩანს მზაობა მთავარ საკითხებზე, რომელზეც ოპოზიცია 1 ნოემბრიდან საუბრობს“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

მმართველ გუნდში პოლიტპატიმრების თემას არ განიხილავენ. პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში განიხილება მოხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები. თუმცა არ დააკონკრეტა, რა სახის ცვლილებების განხორციელება იგეგმება საარჩევნო მიმართულებით.

„განიხილება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები. ამაზე არაერთი კომენტარი გაკეთდა და ახლაც შემიძლია, დავადასტურო. აქაც დეტალებში ვერ შევალთ იმ პირობიდან, რაც გვაქვს, მათ შორის ელჩების წინაშე“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დასახელებულ ე.წ. პოლიტპატიმრებს, აკაკი ხუსკივაძეს და აკაკი კობალაძეს – მათ ბრალი ედებათ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალებაში. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ზეწოლა და მუქარა ხორციელდებოდა.

რაც შეეხება გიორგი რურუას, რომელიც მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ–ერთი დამფინასებელი და ტელეკომპანია „მთავარის“ ერთ–ერთი მეწილეა, ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა. მოგვიანებით მის ბრალდებას დაემატა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისთვის ხელის შეშლა. რურუას ნაწილში გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს თორაძეების ოჯახის 4 წევრის საქმეზე, რომელშიც ერთ–ერთი მთავარი ფიგურანტი სწორედ რურუა არის.

მთავარი და მნიშვნელოვანი ოპოზიციისთვის დავითგარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელის, ივერი მელაშვილის და კომისიის წევრის, ნატალია ილიჩოვას საქმე არის, რადგან ეს არის, რომელშიც ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები ფიგურირებენ. გამოძიება დაკავებულს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს.

ცხადია, კომისიის დაკავებული წევრები სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ დანაშაულს დამოუკიდებლად ვერ ჩაიდენდნენ, შესაბამისად ცხადია, რატომ არის „ნაციონალური მოძრაობა“ დაინტერესებული აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკური კვალიფიკაცია მიანიჭონ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ქართული რეალობისთვის ისე ადვილი გახდა ნებისმიერი მოვლენისთვის სახელის დარქმევა, რომ გასაკვირი არ არის საქმისთვის პოლიტიკური კვალიფიკაციის მინიჭების მცდელობა და ეს ჩანს ყველაფერში.

„უნდათ მოახდინონ გამოძიების დევალვაცია და ამ თემის, რასაც დავითგარეჯის საქმე ჰქვია, წინ წამოწევა პოლიტპატიმრების იარლიყის შემოტანით, რაც პრინციპში ახალია, იმიტომ, რომ ადრე არ უთქვიათ, ივანიშვილის პოლიტპატიმრები არიანო. უკაცრავად და, რაში სჭირდება ივანიშვილს ილიჩოვა და მელაშვილი?! მაგრამ ახლა ამ ხერხს ხმარობენ იმისათვის, რომ გარეჯის თემა ისევ და ისევ დასავლეთის თვალში გახადონ უფრო პოლიტიზებული, ვიდრე კრიმინალური. რეალურად, უმძიმეს დანაშაულთან გვაქვს საქმე და არა პოლიტიკურ პროცესთან.

თავისი პოლიტიკური პოზიციის გამო, რომ რომელიმეს განცხადება გაეკეთებინა და ამისთვის ჩაესვათ ციხეში, მაშინ ალბათ შეიძლებოდა ლაპარაკი პოლიტპატიმრობაზე, მაგრამ პოლიტიკური განცხადებები მათ არ გაუკეთებიათ და შესაბამისად, პოლიტიპატიმრობაზე ლაპარაკი არაფერ შუაში არ არის. ამ ადამიანებს პოლიტიკური შეხედულების გამო არ დევნიან. ამიტომ, საერთოდ გაუგებარია რა შუაშია პოლიტიკური პატიმრობა“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხდებს, ამ ფონზე როგორ მოიქცევა დასავლეთი, ძნელი სათქმელია, იმდენად, რამდენადაც დასავლეთის პოზიციებშიც იქნება ცვლილებები.

„ეს ის დასავლეთი აღარ იქნება, რომელიც ნაციონალების მიწოდებულ ყველა ინფორმაციას და ვერსიას თვალდახუჭული მიჰყვებოდა. ამ თემას შესაბამისი ინერციით ჯერ კიდევ არ ეხება ხელისუფლება, რომელიც ნელა იღებს გადაწყვეტილებას. ეს რომც არ იყოს დავითგარეჯის საქმე, პოლიტიკურ პატიმრებზე ლაპარაკიც არ შეიძლება, რადგან საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არიან. ამიტომ, ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას დაგვითგარეჯის თემა პოლიტიზებისგან“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, ოპოზიციაში არიან გამოცდილი პოლიტიკოსები და მათ შორის იურისტებიც, რომლებმაც მშვენივრად იციან კანონმდებლობა და კონსტიტუცია. მისი თქმით, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი – დავითგარეჯის თემა, რომელიც ოპოზიციას ეგონა, რომ წინასაარჩევნოდ წამოწია „ქართულმა ოცნებამ“.

„ეს საქმე მტკიცებულებებზე არის აგებული. ღალატის საქმეა. მე, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს შეეხება მოქმედ, თუ ყოფილ ჩინოვნიკებს. ამიტომაც, ისინი ყველანაირად, აბსურდის გზით ცდილობენ დაიხსნან ქალბატონი ილიჩოვა და ბატონი მელაშვილი. აქედან გამომდინარე ოპოზიცია დიდი ხანია სრულიად აბსურდის თეატრშია, ელჩებთან აპირებენ ამ თემის დაყენებას? ელები არიან ჩვენი მოსამართლეები? ცხადია არა.

ელჩებმა მშვენივრად იციან კანონმდებლობა, კონსტიტუცია. არ დაგიმალავთ და დიპლომატიურ კორპუსში, ოპოზიციის თემები გახდა დაცინვის საგანი, იმდენად აბსურდულად იქცევიან, იმდენად ატყუებენ საკუთარ თავს და საკუთარ ამომრჩევლებს. მათი უაზრო პირობები და მოთხოვნები არ იყიდება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გია აბაშიძე.

ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის განცხადებით, დაკავებული ილიჩოვა და მელაშვილი შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ალაპარაკდნენ და თქვან ვისი დავალებით მოქმედებდნენ. ამიტომ, ანალიტიკოსის შეფასებით, ოპოზიცია ყველა მეთოდით ცდილობს ციხიდან დაიხსნან, ან პოლიტპატიმრებად გამოაცხადონ.

„ამ საქმის ზნეობრივ მხარეს არ შევეხები, იმიტომ, რომ ზნეობრივი მდგენელი საერთოდ არ არსებობს მათთვის, რასაც ადასტურებს თუნდაც ეს მოთხოვნები. სხვა მოთხოვნებს არ შევეხები. მრცხვენია ამ პოლიტიკურ პარტიებად წოდებულების გამო, რომლებიც რაღაც სისულელეებს მოითხოვენ. ამ მოთხოვნის დაყენება პროცედურულად არასახელმწიფოებრივია, დანარჩენი მოთხოვნები ხომ საერთოდ - ადამიანს, უბრალოდ, გაგიჩენს გაოგნების განცდას.

რა პოლიტიკური დატვირთვა უნდა მისცენ, როცა კონკრეტულ დანაშაულში ედებათ ბრალი?! იძახიან, რომ ზეწოლა არისო, კი მაგრამ რაში გამოიხატება ზეწოლა?! გრიგოლიასთან და გვარამიასთან რომ მივა ზურაბ გირჩი, მელია და ვიღაცეები და რაღაცეებს რომ იტყვიან, ეს არის ზეწოლა?! თუ სოციალურ ქსელში თავიანთი მხარდამჭერების მიერ სისულელეების გავრცელება არის ზეწოლა?! მათი მიზანია ილიჩოვას და მელაშვილის პოლიტიკურ პატიმრებად აღიარება–გამოშვება. ეს კი, ნიშნავს, რომ პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაკავებული და ეს აღიაროს ხელისუფლებამ, რაც არ გამოვა, გამორიცხულია“, – ამბობს მანჯავიძე.

როგორც ანალიტიკოსი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, ნათლად ჩანს დანაშაულის დაფარვის აშკარა მცდელობები. მიზანია დაიხსნან ილიჩოვა და მელაშვილი, რომ ისინი არ ალაპარაკდნენ. რადგან კვალი მათზე გავა. მანჯავიძე ამბობს, რომ ილიჩოვა და მელაშვილი შემსრულებლები იყვნენ და ბუნებრივია, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობის გარეშე ამას ვერ გააკეთებდნენ.

„ამაში ჩართული ჰყავთ საინფორმაციო მანქანა და ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, რომელთაც არ ესმით, ვერ ხედავენ მთლიან სურათს და მათზე მანიპულირებენ ეს არამზადები. ასეთი თვალსაჩინო სამშობლოს ღალატის, უდაბნოს მონასტერის და ჩიჩხიტურის კოშკის გასხვისების თვალსაჩინო ფაქტზე ხალხს ეჭვები და სენტიმენტები გაუჩინეს, რომ თურმე უდანაშაულო ხალხი ზის ციხეში და, რომ ისინი არიან პოლიტპატიმრები, როცა მათ მიერ ჩადენილი დანაშაული სახეზეა.

იძახიან, რომ რუკა რუსეთიდან ჩამოიტანეს და თურმე რუსეთის ნება ყოფილა დავითგარეჯის დაბრუნება! აი, ასეთ ბოდვებს ავრცელებენ. ადამიანების ეს კლასტერი არ უნდა იყვნენ საჯარო სივრცეში და ეს უნდა იყოს პოლიტიკური ამოცანა და არა მათთან პოლიტიკური თამაშები, რომლითაც 8 წელია დაკავებულია „ქართული ოცნება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.